ახალ წელს დედაქალაქი ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება. თბილისში საახალწლო მზადება უკვე დაწყებულია. „სინათლის ქალაქმა“ განათების მონტაჟი წუხელ რუსთაველის გამზირზე დაიწყო. საახალწლოდ მოირთო თბილისის საკრებულოს შენობა.
„სინათლის ქალაქის“ დირექტორის თორნიკე კიზირიას თქმით, რუსთაველის გამზირზე გაიჭიმა ბაგირები, რომლებზეც საახალწლო ილუმინაციები დამონტაჟდება. მისივე თქმით, დედაქალაქის მოსახლეობა ახალ წელს განახლებული საახალწლო განათებით შეხვდება.
„სინათლის ქალაქის“ დირექტორის განმარტებით, ახლებურად განათდება როგორც დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები, ასევე გარეუბნები.
თორნიკე კიზირიას განცხადებით, დედაქალაქში მიმდინარე სამუშაოები რამდენიმე დღეს გასტანს.