საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმ 12-სულიან დევნილ ოჯახს ესტუმრა, რომელსაც თბილისში ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცემა. გაუსაძლის პირობებში მცხოვრები 12-სულიანი გოგინავების ოჯახი, კრიტერიუმების შესაბამისად, სულადობის გათვალისწინებით, ოთხოთახიან და სამოთახიან ბინებს მიიღებს.
სოციალურად დაუცველი ოჯახი, 6 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, წლების განმავლობაში ყოფილი ღვინის მაღაზიის შენობაში ცხოვრობს. მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა მრავალსულიანი დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობები ადგილზე მოინახულეს და ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
გოგინავების ოჯახმა გულრიფშის რაიონის სოფელი ფშაფი აფხაზეთის ომის დროს დატოვა. ქალბატონმა მერიკო ტყემალაძემ 9 წლის, 7 წლის, 4 წლისა და 3 წლის შვილები აფხაზეთიდან უკრაინული გემით წამოიყვანა. დევნილი ოჯახი ორი წლის განმავლობაში ნათესავთან ცხოვრობდა, თუმცა ფართის სიმცირის გამო ვარკეთილში უმძიმეს პირობებში მოუხდათ გადასვლა.
20 წლის განმავლობაში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრების შემდგომ, გოგინავების ოჯახს, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 9.5 ქულა მიენიჭა და უახლოეს მომავალში ისინი თბილისში, ახალი ბინების მფლობელები გახდებიან.
შეგახსენებთ, რომ სამინისტრომ გამოაქვეყნა 456 დევნილი ოჯახის სია, რომლებიც თბილისის ზღვაზე, ე.წ. “ოლიმპიურ სოფელში“ და ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდულ, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში ბინებს მიიღებენ.