N5 დაწესებულებაში არტთერაპიის პროექტის დახურვასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

N5 დაწესებულებაში არტთერაპიის პროექტის დახურვასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში არტთერაპიის პროექტის დახურვასთან დაკავშირებით დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

მუსიკალური არტთერაპიის პროექტში 15 მსჯავრდებული მონაწილეობდა, რომლებიც 6 თვის განმავლობაში პედაგოგების დახმარებით ქართულ-ხალხურ სიმღერებს სწავლობდნენ და სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას ეუფლებოდნენ.  

დასკვნით ღონისძიებაზე მსჯავრდებულებმა პედაგოგებთან ერთად ის სიმღერები შეასრულეს, რომლებიც კურსის განმავლობაში შეისწავლეს. კონცერტს მუსიკოსი დავით ევგენიძე, ჯგუფი „ეგარის“ წევრები, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები, N5 დაწესებულების ხელმძღვანელობა და მსჯავრდებულები დაესწრნენ.

N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, ხელოვნებითი თერაპიის კურსი მსჯავრდებული ქალბატონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

„მსჯავრდებულები ძალიან დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით მიუდგნენ ამ საკითხს და სერიოზულად იმუშავეს. ძალიან ნაყოფიერად იმუშავეს პედაგოგებმაც, რომლებიც სისტემატურად დადიოდნენ დაწესებულებაში, ქალბატონებს ამეცადინებდნენ და მათ სიმღერებს, ასევე, საკრავების ფლობას ასწავლიდნენ. ეს პროექტი ძალიან სასარგებლოა და მსჯავრდებულები მისი გაგრძელების სურვილს გამოთქვამენ. პროექტმა დადებითი როლი ითამაშა აქ მყოფი ადამიანების ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რომ ყველა კარგ წამოწყებაში მხარს გვიჭერს, მსჯავრდებული ქალბატონების გვერდით დგას და სწრაფად წყვეტს ყველა იმ საკითხს, რომელიც მათ კეთილდღეობას ეხება“, - განაცხადა ნესტან ვერულაშვილმა.

არტთერაპიის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ დაფინანსებით განახორციელა. პროექტის მენეჯერის ნესტან მერმანიშვილის განცხადებით, მსჯავრდებულები აღნიშნულ პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

„არტთერაპიის პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ჩვენი კურსის მონაწილე მსჯავრდებული თეონა ყოლბაია „ვოისის“ მონაწილეა. სურვილი გაქვს პროექტი ისევ გაგრძელდეს“, - განაცხადა ნესტან მერმანიშვილმა.

მსჯავრდებულების განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.

ღონისძიების დასასრულს სიმღერები დავით ევგენიძემ და „ეგარის“ წევრებმაც შეასრულეს. დავით ევგენიძემ ლექსიც წაიკითხა და დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად საკუთარი ლექსების კრებული გადასცა. პროექტის ფარგლებში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე სახვითი არტთერაპიის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრებიც გამოფინეს.