თავისუფლების პარტიის განცხადება
საქართველომ მოახერხა სამყაროში მიმდინარე იდეოლოგიურ, მსოფლმხედველობრივ და სამხედრო დავიდარაბაში სრული ფორმით მონაწილეობა. იმ 24 წელიწადში, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გავიდა, ჩვენს ხელისუფლებებს მსოფლიო პოლიტიკის ჩახლართულ და, ხშირ შემთხვევაში, საშიშ დერეფნებში თავისუფლად სიარულის დაუოკებელი წყურვილი გაუჩნდათ... დაუსაბუთებელი ამბიციითა და გაუთვლელი შედეგებით. ამ გზაზე ყველა დროის ხელისუფალნი სხვადასხვა დოზით ახერხებდნენ პირადი სარგებლის პოვნასა და საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივების ყოვლად ამორალურა საშუალებების გამოყენებას. მცირედი გამარჯვებებისა და უამრავი დამარცხების ფონზე ყველა მათგანს მუდმივად ავიწყდებოდა მისი წარმოშობის უმთავრესი წყარო - საქართველოს ხალხი. ახლა, როგორც არასდროს, უზარმაზარია გაუცხოება ხალხსა და ხელისუფლებას შორის. გაუცხოება არა კონკრეტული პოლიტიკური ძალისადმი, არამედ ხელისუფლებისა ზოგადად, როგორც სამართლიანობის გარანტისა ქვეყანაში.
საიმედო „პატრონის“ ძებნა იქცა არა ქვეყნისთვის პრობლემების მოგვარების საშუალებად, არამედ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების გზად. უამრავ ინტერესთა შორის ხელისუფლებებმა დაივიწყეს უმთავრესი - ქართველი ხალხის ინტერესები.
ასეთი მოცემულობისას ურთულესი ამოცანაა ამომრჩეველს ინტერესი გაუღვიძო ახალი პოლიტიკური ორგანიზაციისადმი. საყოველთაო ნიჰილიზმისა და უნდობლობის პირობებში ძალა დაკარგა ნებისმიერმა ლოზუნგმა და მოწოდებამ.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე ათეულმა თანამოაზრემ გადავწყვიტეთ პოლიტიკური პარტიის შექმნა.
ვინ ვართ ჩვენ?!
- ჩვენ ვართ ჩვენი საქმის კარგი სპეციალისტები, ჩვენი პროფესიული ფრონტის საუკეთესო მებრძოლები;
- ჩვენ ვართ მუდმივად ძიებაში, მუდმივ მოქმედებაში, ვიღებთ გადაწყვეტილებებს და პასუხს ვაგებთ მათზე;
- ჩვენ გამოვიარეთ ეროვნული მოძრაობა, სამაჩაბლო, აფხაზეთი, 7 ნოემბერი და 26 მაისი. მრავალი ჩვენი თანამებრძოლი სრულიად ახალგაზრდა შეეწირა ქვეყნის მომავალს;
- ჩვენ ვართ ჩვენი ღირსეული წინაპრების შთამომავალნი, მათ იდეებსა და რწმენაზე აღზრდილები;
- ჩვენ ვერ ვეგუებით სიცრუეს, ძალადობას, უსამართლობას;
- ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები და ვიბრძვით სხვა ადამიანთა თავისუფლებისთვის;
რა გვინდა ჩვენ?!
- ჩვენ გვინდა დასრულდეს ერთი და იგივე წარუმატებელი ადამიანების ფუთფუთი ქართულ პოლიტიკაში;
- სურვილიც კი გაუქრეთ უზნეო და უვიც ადამიანებს, იყვნენ პოლიტიკაში და განაგონ ადამიანთა ბედ-იღბალი;
- წამება, შანტაჟი, პირადი თავისუფლების შეზღუდვა სამუდამოდ გაქრეს პოლიტიკოსთა არსენალიდან;
- საერთაშორისო მოლაპარაკებებში ყველა საკითხი განიხილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე;
- განათლება იყოს მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში;
- ყოველი მოქალაქე ფიქრობდეს არა იმას, როგორ იშოვოს ლარი, არამედ როგორ დახარჯოს იგი;
- აღარასდროს გაყალბდეს არჩევნები და მხოლოდ არჩევნების წინ არ გაახსენდეს ხელისუფლებას ადამიანები.
- გამოუძიებელი არ დარჩეს არც ერთი პოლიტიკური მკვლელობა, შეფასება მიეცეს ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას ბოლო 24 წელიწადის განმავლობაში.
უმთავრეს ამოცანად გვესახება პოლიტიკის წარმოების ახალი წესების, ზნეობრივი წესების დამკვიდრება საქართველოში. პოლიტიკაში მონაწილეთა კონკრეტულ პასუხისმგებლობათა განსაზღვრა. შეუძლებლად მიგვაჩნია საარჩევნო შედეგის მისაღებად გარიგებები ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომელთა სამოქმედო არსენალშია ადამიანთა წამება და მკვლელობა, სახელმწიფოს მტრებთან თანამშრომლობა, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების უგულებელყოფა, ქართულ ეროვნულ კულტურასა და ტრადიციებთან ბრძოლა.
ჩვენ გვინდა პარტია თავისუფალ ადამიანთა საკრებულო გახდეს. ამიტომაც პარტიასაც „თავისუფლების პარტია“ დავარქვით. ჩვენ პოლიტიკაში მივდივართ, რადგან 24 წლის წინ თავისუფლების სიხარული წლების განმავლობაში ტკივილით შეიცვალა და ყველა იმედი, თავისუფალი და ბედნიერი საქართველოსი, თვალსა და ხელს შუა გვიქრება.