თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის ლარის რესურსით დაფინანსებას აგრძელებს. 48 მილიონი ლარის ოდენობის სესხი თიბისი ბანკმა სექტორის დასაფინანსებლად შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან (BSTDB) მიიღო.
„მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან. აღნიშნული რესურსიმნიშვნელოვანია არა მხოლოდ თიბისი ბანკისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან ჩვენ საშუალება გვეძლევა სესხები ადგილობრივ ვალუტაში გავცეთ, რაც დღეს მზარდი მოთხოვნით ხასიათდება ადგილობრივი მომხმარებლის მხრიდან. შესაბამისად, აღნიშნული ლარის რესურსით ჩვენ შევძლებთ, გავაფართოოთ ჩვენი პოზიციები მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში. გარდა ამისა, ეს ტრანზაქცია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებასაც უწყობს ხელს, რაც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის’’. - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„ვაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას ჩვენს დიდი ხნის პარტნიორ, თიბისი ბანკთან და ვთავაზობთ მათ ისეთ პროდუქტს, რომელიც სავალუტო რისკების განეიტრალების შესაძლებლობას იძლევა. BSTDB-ის მიერ ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ეს პირველი სესხი, თიბისი ბანკს დაეხმარება ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში.’’ - განაცხადა BSTDB ბანკის პრეზიდენტმა, იჰსან უგურ დელიკანლიმ.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც წარმოდგენილია 11 ქვეყანაში. BSTDB ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას როგორც სესხების, საკრედიტო ხაზებისა და კაპიტალის მიწოდების, ისე პროექტებისთვის გარანტიების შეთავაზებისა და საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების გზით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.