თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებულ პურ-პროდუქტების საამქროში შვიდი მსჯავრდებული დასაქმდა.
კომპანია „GMM“ თითოეულ დასაქმებულს, დღიურად, 15 ლარს გადაუხდის. თანხას თავისუფლებაშეზღუდული პირები სპეციალურ საბარათე ანგარიშზე მიიღებენ.
კომპანიამ ახალი თანამშრომლები პურ-პროდუქტების წარმოების სფეროში სპეციალური პროგრამით გადაამზადა. ამ ეტაპზე, საამქროში მაკარონისა და ვერმიშელის პროდუქცია იწარმოება, დისტრიბუცია კი, როგორც საზოგადოებრივ-სავაჭრო ქსელში, ისე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იგეგმება.
თავისუფლებაშეზღუდულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გამომუშავებული თანხა გამოიყენონ დაწესებულებაში მოქმედ მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად, ან დანაზოგი ოჯახს გადაურიცხონ.
„GMM“ უახლოეს მომავალში წარმოების გაფართოებას და პურის საცხობის გახსნასაც გეგმავს, სადაც 18 თავისუფლებაშეზღუდული და პრობაციონერი დასაქმდება.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2015 წელს 107 მსჯავრდებული პირი დასაქმდა.