წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების გავრცელების მომხრეა პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე. მისი აზრით, ეს კადრები საზოგადოებამ უნდა ნახოს: "ვნახოთ და მერე ავკრძალოთ, მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაისჯებიან ისინი, ვინც ეს გაბედა და ვინც ეს დაუშვა, ვინც სისტემურ დანაშაულად აქცია ასეთი რამ 21-ე საუკუნის საქართველოში", - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვაჟა ბერიძე.
"არამზადები სამოთხეში! მეფისტოფელის აჩრდილი საქართველოში!
"მეფისტოფელმა რომ ეს და სხვა მრავალი საშინელება ნახა, შეწუხებულმა – ადამიანები ჯოჯოხეთსაც წაბილწავენო, შემზარავი ხმით იკივლა: – სამოთხეში, სამოთხეში ეგ არამზადები".
ფაშისტების მიერ საკონცენტრაციო ბანაკებსა და სხვაგანაც ადამიანის დამცირება – წამების, სულიერი და ფიზიკური განადგურების ჯერ არნახული და ჯოჯოხეთური სურათები დაუტოვეს კაცობრიობას ნაცისტებმა ჭკუის სასწავლებლად. მოწაფეობისას მიხეილ კვესელევას „ას ერგასის დღით“ შემოვიდა, ეს კოშმარი ჩემს ცნობიერებაში და მერეც, ბევრ წიგნსა და ფილმში, ბევრ დოკუმენტურ მასალაში ვნახე და დავრწმუნდი, რომ ადამიანის გამხეცებას ბევრი არაფერი უნდა, თვით ცივილიზაციის მოწინავე ფორპოსტზე მდგომ ევროპაშიც კი.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ხალხის დიდი და მარადიული სირცხვილი, ტკივილია ის, რაც ხდებოდა, არავის აუკრძალავს მათი გამოქვეყნება – გასაჯაროება, მათ შორის ახალ, დემოკრატიულ გერმანიაში.
ახლა გვარწმუნებენ, რომ არ უნდა ნახოს ქართულმა საზოგადოებამ, რაც 2003–2012 წლებში ხდებოდა საქართველოში, ადამიანის უფლებების ხელყოფის მხრივ. უცნაურია!
ამიტომ, ვნახოთ და მერე ავკრძალოთ, მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაისჯებიან ისინი, ვინც ეს გაბედა და ვინც ეს დაუშვა, ვინც სისტემურ დანაშაულად აქცია ასეთი რამ 21-ე საუკუნის საქართველოში. ვიდრე პასუხი არ გაეცემა კითხვას, როგორ გახდა ასეთი თავზარდაცემი ფაქტები შესაძლებელი დღეს საქართველოში, ამ ქვეყანას მომავლი არ აქვს. არ ვნახოთ და დავივიწყოთ? ისე, რომ ამ არაადამიანური დანაშაულების ჩამდენები, დამკვეთები და წამქეზებლები დაუსჯელები დარჩნენ? არჩევნების წაგება მაშინდელი მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ, ამ სისტემური დანაშაულისთვის არასაკმარისი საზღაურია.
ვნახოთ, განვსაჯოთ, გვახსოვდეს. საქართველოში ოკუპაციის მუზეუმიც უნდა არსებობდეს და არაადამიანების პარპაშის ამსახველი მუზეუმიც.
მეფისტოფელის აჩრდილი დაძრწის 21–ე საუკუნის საქართველოში...", - წერს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში.