ნოდარ ხადური ხელისუფლების დაპირებას არ ასრულებს

ნოდარ ხადური ხელისუფლების დაპირებას არ ასრულებს

ნოდარ ხადურმა საზოგადოებას ფინანსთა სამინისტროს ანგარიში წარუდგინა და რამდენჯერმე განაცხადა, რომ მათი საქმიანობა ბიზნესზეა ორიენტირებული. მინისტრის საქციელი კი საპირისპიროზე მეტყველებს - ხადური ბიზნესმენებთან შეხვედრას თავს არიდებს. მინისტრი ბიზნესს რეგულაციებს კონსულტაციების გარეშე უცვლის და უწესებს.

მაგალითად უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების ასოცოაციის სახელით გაკეთებული განცხადება გამოდგება. ბიზნესმენები უკვე რამდენიმე თვეა ფინანსთა მინისტრთან და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ და როგორც აცხადებენ, სახელმწიფო უწყებების მხრიდან პასუხიც კი არ მიუღიათ.

მეწარმეები უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირების წესის შემოღებას არ ეთანხმებიან. სანამ ნოდარ ხადური მარკირების დაწყების შესახებ ბრძანებას გამოსცემდა, ბიზნესმენებმა მას შეხვედრის თხოვნით მანამდე მიმართეს. მინისტრმა მეწარმეებთან საუბარი არ ისურვა და ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გამოსცა ბრძანება. მეწარმეებმა ამის შემდეგაც რამდენჯერმე მიმართეს მინისტრს და სთხოვეს, არგუმენტები მოესმინა. ხადური მათ არ შეხვდა.

რას გულისხმობს მინისტრი, როცა აცხადებს, რომ სამინისტროს საქმიანობა ბიზნესზეა ორიენტირებული, გაუგებარი ხდება.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლამდე აცხადებდა, რომ არანაირ რეგულაციას, საგადასახადო ნორმას, აქციზის ფასს ბიზნესმენებთან კონსულტაციის გარეშე არ შეცვლიდა. ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა - გადაწყვეტილება ახალი რეგულაციის დაწესების შესახებ მინისტრმა არა თუ კონსულტაციის შედეგად, არამედ დასაბუთების წარდგენის გარეშე მიიღო.

ნოდარ ხადურის გადაწყვეტილება სახელმწიფოს ბიუჯეტს ყოველწლიურად მილიონობით ლარი დაუჯდება - მეწარმეები აცხადებენ, რომ ბიუჯეტი მარკირებაში წელიწადში 6 მილიონ ლარს გადაიხდის. მარკირების საფასურს შემოსავლების სამსახური შვეიცარიულ კომპანიას გადაუხდის. ხადურის მიერ განსაზღვრული ფასი შესასრულებელი სამუშაოს თვითღირებულებაზე 10-ჯერ მეტია. დარგში აღურიცხავობის პრობლემა ფაქტობრივად არ არსებობს და ამას შემოსავლების სამსახურის მონაცემებიც ადასტურებს - უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე აღურიცხავობის მასშტაბური ფაქტი ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა. ფინანსთა მინისტრმა გადაწყვიტა, არარსებულ პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტს მილიონობით ლარის გადასახადი დააკისროს.

კითხვა ბევრია - მარკირების ფასი, პრობლემის არარსებობა, მილიონები ბიუჯეტიდან, შერჩეული კომპანია, რეგულაციის მოქმედების ვადა... ნოდარ ხადური არც ბიზნესს და არც საზოგადოებას პასუხს არ სცემს. ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა მეწარმეებს არ ხვდება.