ნოდარ ხადურის „წახალისების სისტემა“ ბიუჯეტს 100 ათასობით ლარი უჯდება

ნოდარ ხადურის „წახალისების სისტემა“ ბიუჯეტს 100 ათასობით ლარი უჯდება

ნოდარ ხადური ერთადერთი მინისტრია მთავრობაში, რომელიც ჩინოვნიკების ყოველთვიური პრემირების და დანამატების სისტემის მომხრეა და ამის შესახებ ღიად აცხადებს: "მე მგონია, რომ ღია კარებს ვამტრევთ, პრემირების სისტემა მოწესრიგებულია მინისტრების დონეზე. რაც შეეხება ზოგადად შრომის ანაზღაურებას, არაერთხელ მითქვამს და კიდევ უნდა ვთქვა, რომ საჯარო სამსახურებში მუშაობენ ძალიან ღირსეული ადამიანები და მათ ღირსეული შრომის ანაზღაურება სჭირდებათ". ხადური კვლავაც აგრძელებს საკუთარი თავის, მოადგილეების და სამსახურის უფროსების წახალისებას.

ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს სამსახურის უფროსს გიორგი ხანიშვილს სამი თვის განავლობაში პრემიისა და დანამატების სახით ხელფასის ათმაგი ოდენობა გამოუწერა. ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს, რომელმაც უწყებიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა. დოკუმენტების მიხედვით კი ირკვევა, რომ გიორგი ხანიშვილმა ივლისის თვეში მაშინ როცა ის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო 17 900 ლარი აიღო დანამატის სახით. უკვე მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის რანგში მას აგვისტოშიც გამოუწერეს პრემია ხელფასის ერთმაგი ოდენობით - 2700ლარი, ხოლო უკვე სექტემბერში ხანიშვილმა პრემია და დანამატი ერთად აიღო - 9300 ლარის ოდენობით.

მინისტრის არგუმენტი გამოიყენა გიორგი ხანიშვილმა მაღალი პრემიის ასახსნელად და განაცხადა, რომ ფული დამსახურებულად მიიღო:  "იბიარდის ღონისძიება, რომელიც მსოფლიოში 24-ე ღონისძებად ჩატარდა და აღიარეს როგორც 24-ში ყველაზე საუკეთესოდ ორგანიზაებული ღონისძება, ეს ყველაფერი და ეს წახალისებები ჩაითვალა ხელმძღვანელობის მხრიდან"- განაცხადა ჩინოვნიკმა.

ხადურის უწყება ყოველთვის გამოირჩეოდა მსუყე პრემიების და დანამატების გაცემით. IDFI-ის მიერ რამდენიმე თვის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამეტის უფროსმა გიორგი ბუბუტეიშვილმა 45 000 ლარი მიიღო გასულ წელს პრემიის სახით; საგადასახადო მონოტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ივანე როსტიაშვილმა 30 600 ლარი მიიღო გასული წლის 10 თვეში; ხოლო საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ხუნდაძემ - 32 700 ლარი გასული წლის 8 თვეში.