ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ერთხელ აღნიშნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება თავის რეჟისორულ ხედვებსა და ინოვაციებში რომის იმპერიის თეატრს დაემსგავსა, სადაც ტრაგედიის აუცილებელ ატრიბუტად სცენაზე დაღვრილი სისხლი ითვლება და თანაც – პირდაპირი მნიშვნელობით. იმ დადგმებში, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი სულ უფრო მეტი თავდავიწყებით დგამს, მონაწილე პირები მსახიობები კი არ არიან, არამედ – რეალურ ცხოვრებაში არსებული რეალური ადამიანები, რომელთაც ნერონის სურვილით შეიძლება პარტერში გასუსული საზოგადოების წინაშე პირდაპირ სცენაზე დაასრულონ სიცოცხლე. თუ სცენარში წერია, რომ გმირს თავს კვეთენ, მას მართლაც კვეთენ თავს და შეიძლება, გასისხლიანებული თავი მაყურებელშიც კი მოისროლონ, იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს მართლაც მსახიობის თავია, და არა რაიმე ბუტაფორია. ამის ყველაზე ნათელ მაგალითად კი ბ-ნმა ზაზამ მუხროვანის მოდელირებული „ბუნტი“ მოიყვანა, როდესაც საქვეყნო სცენაზე ნაჩვენები გია კრიალაშვილის „ლიკვიდაცია“ ამ ბუნტის რეალობაში დარწმუნების მცდელობა იყო. ადამიანი ნამდვილად მოკლეს, შემდეგ კი მისი გაცივებული გვამი სცენური ჩანაფიქრის მიხედვით „გაქცევის მცდელობის“ გამო ტყვიებით დაცხრილეს და მანქანიდან გადმოაგდეს. ამის მსგავსი იყო როინ შავაძის „ლიკვიდაცია“ ბადრაგიდან გაქცევის დროს, როდესაც „გაქცეული“ პატიმარი გაქცევის მცდელობის დროს 30-მდე ტყვიით დაცხრილეს, თუმცა ძალიან უცნაურად, ამ ტყვიების აბსოლუტური უმრავლესობა შავაძეს წინიდან ჰქონდა მოხვედრილი, და თან ისეთი მოტეხილობებიც აღენიშნებოდა, რომელთა პირობებში - არამცთუ გაქცევა, ადამიანს ელემენტარულად განძრევის თავი არ უნდა ჰქონოდა…
როგორც უკვე ძველ დროში შეამჩნიეს, მადა ჭამაში მოდის… რეჟიმის მადა – მით უფრო.
როდესაც ჩემი წინა სტატია – მარიამობის ენვერიადა – “აგვისტოს 5 დღე-2“, როგორც მოდელირებული ფარსი ბლოგზე დავდე, ნამდვილად არ მეგონა, თუ სააკაშვილის კრიმინალური ბანდა არჩევნების ჩაშლის და მოსახლეობის დაშინების სურვილით დადგმულ თავის მორიგ სპექტაკლში, სახელწოდებით „ლოპოტას ხეობის ოპერაცია“, აქამდე არსებულ „ეროვნულ რეკორდებს“ მოხსნიდა და აბსურდის მსოფლიო ოლიმპოზე კიდევ უფრო მაღლა აფორთხებას „იმედის“ „მოდელირებული ქრონიკის“ შემდეგ შეეცდებოდა. ამიტომ ის სტატია ზედმეტად ლაღიც კი გამომივიდა და ალბათ იმ მკითხველთა სერიოზული გაოცება და, ვინძლო, გულისწყრომაც კი გამოიწვია, ვინც იგი გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში – ანუ, უკვე მაშინ წაიკითხა, როდესაც ცნობილი გახდა მსხვერპლის შესახებ – „ტერორისტთა“ მხრიდან 11 გარდაცვლილი, ხოლო სამართალდამცავთა მხრიდან – სამი, აქედან – ერთი სამხედრო ექიმი.
ამ ყველაფრით შეძრწუნებულმა, პირველად გადავწყვიტე ბლოგზე სათანადო განმარტება, (როგორც მედასავლეთეობაზე და ლიბერალობაზე პრეტენზიის მქონე რეჟიმის ადეპტები კეკლუცად იტყოდნენ – „დისქლეიმერი“) განმეთავსებინა, და ხალხისთვის ამეხსნა, რომ სტატია უფრო ადრე იყო დასრულებული, ვიდრე საზარელი დრამის ფინალი გაჟღერდებოდა და რომ მეც მათსავით განვიცდიდი ამ ტრაგედიას და ბოდიშს ვიხდიდი ჩემი სარკასტულ-ფრივოლური ტონის გამო.
მაგრამ მცირედი დაფიქრების შემდეგ გადავიფიქრე, რადგან შინაგანად მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ საქმე მორიგ სახელისუფლებო პროვოკაციას ეხებოდა და რომ ხელისუფლება ჩემი და ჩემისთანების ზრდილობიან მობოდიშებას უმალვე თავის გამარჯვებად და სიმართლის დადასტურებად მიითვლიდა, როგორც მომაგრდნენ და შვებად მიითვალეს 2008 წლის ომში კატასტროფული დამარცხება, როგორც კი დარწმუნდნენ, რომ მათ რეჟიმს ჩამოშლა არ ემუქრებოდა. და ჩემს თავს ვუთხარი – მოდი, მოიცადე, ნახე, რა გაირკვევა და მერე გადაწყვიტე – ფრივოლურ-სარკასტული ტონი უადგილოდ გადამეტებული იყო, თუ – ზედმეტად რბილი, და რეალობასთან უფრო მისადაგებული კი ისეთი გამოთქმები იქნებოდა, როგორც ჩემს მიერ ადრე კატეგორიულად მიუღებლად ჩათვლილი, – მაგრამ სამწუხაროდ, სადღეისოდ ქართული სოციალურ ქსელებში და პოლიტიკურ ბელეტრისტიკაშიც უკვე მკვიდრად დანერგილი – „ეს დედამოხნულები…“
თურმე, სამწუხაროდ, მართალი ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამადაც თავს შევიკავებ გინებაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემზე უფრო თავშეუკავებელი ხალხის არ მესმის. სამწუხაროდ, დღეს სააკაშვილის კამორაში ნორმად იქცა ავაზაკების ხაზგასმულად-მენტორული, მკვეთრი „ზრდილობა“ და იმის ხშირ-ხშირი შეხსენება – რა „არ ეკადრება“ ქართულ საზოგადოებას, ისევე როგორც – პატიოსანი და დაჩაგრული ადამიანების მხრიდან ლამის უკვე მუდმივი, უილაჯო დედის გინება ამ ქვეყნისგადამჭმელ და გამყიდველ ზრდილობიან ავაზაკთა მიმართ.
რა გაირკვა 28 აგვისტოს შემდეგ:
- გაირკვა, რომ „დივერსანტებად“ წოდებულმა ჯგუფმა, თურმე, ისე აიყვანა მძევლად 5 ახალგაზრდა ქართველი სოფელ ლაფანყურიდან, რომ არავითარი მოთხოვნები არ ჰქონია!.. რა უბედურებაა, როცა საქართველოს ჰყავს ისეთი შსს ხელმძღვანელობა, რომელსაც ასე უტიფრად შეუძლია ჯგუფს „დივერსანტები“ და „ტერორისტები“ უძახოს და ასე უაპელაციოდ გვარწმუნოს, რომ თურმე მძევლებს ისე იყვანენ, რომ რაიმეს მოთხოვნას არ აპირებენ. მაპატიოს ჩვენმა (როგორც არის, იმნაირმა) ხელისუფლებამ, მაგრამ გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ ამ „დივერსანტებს“ ან არასოდეს უფიქრიათ მძევლების აყვანა (და ეს სინამდვილეში მათი გამცილებლები თუ იყვნენ, რომელთაც როგორც ირკვევა, ფულიც აჩუქეს და „ბათინკებიც“), ან – რომ მძევლების განთავისუფლების სანაცვლო მოთხოვნა სინამდვილეში იყო, მაგრამ ისეთი, რომლის გახმაურება ქართულ სამართალდამცევებს კატეგორიულად არ აწყობთ, რადგან ეს მათ მიერ შეთხზულ მითს, „რუსეთიდან შემოპარული დივერსანტების“ შესახებ, სერიოზულად შეარყევს.
- გაირკვა, რომ მძევლების განთავისუფლების ოპერაციის მსვლელობაში „დივერსანტების“ ჯგუფმა სანაცვლოდ ახალი მძევლები აიყვანა, ხოლო შემდეგ მათი კიდევ მესამე წყება მძევალი (თუ მძევლები) ჩაენაცვლა. ეს უსასრულო „პოკერი“ კი იმით გათავდა, რომ „მესამე ცვლის“ მძევალმა რამდენიმე ტერორისტი მახეში შეიტყუა და დაახოცინა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ პირველი ცვლის მძევლები, რომლებიც „დივერსანტებმა“ საღ-სალამათი გამოუშვეს, განთავისუფლებისათანავე “მშობლიურმა” შსს-მ აიყვანა საკმაოდ ხანგრეძლივ ტყვეობაში და ისე „დაამუშავა“, რომ ისინი და მათი ოჯახები დღესაც კი უარს ამბობენ ჟურნალისტებისათვის რაიმეს თქმაზე (თუმცა პირველივე დღეს ზოგიერთის ოჯახის წევრი იძახოდა, ეს ყველაფერი – სპეცოპერაცია – დადგმული იყოო). როდესაც ვიხსენებ, როგორ დაუმალავად ყვებიან ჟურნალისტებთან თავის კოშმარულ თავგადასავლებს მთელი მსოფლიოს მძევლები, ზოგიერთნი – ტყვეობიდან დახსნიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთშიც და ჯერ კიდევ შოკის მდგომარეობაში მყოფნიც კი, მაპატიოს ჩვენმა (როგორც არის, იმნაირმა) ხელისუფლებამ, მაგრამ გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ ამ „მძევლების“ განთავისუფლება ტყვეობიდან (ქართველ სამართალდამცავთა ტყვეობიდან) ჯერ კიდევ არ მომხდარა, და იმისათვის, რომ სიმართლეს ნათელი მოეფინოს, ამ შიშის ტყვეობის დასრულებაა საჭირო.
- გაირკვა, რომ ოპერაციის დროს გარდაცვლილთაგან ერთი სამხედრო ექიმია, რაც ძალიან იშვიათია, რადგან მძევლებთან ჩატარებული ოპერაციების დროს, ჩვეულებრივ, ექიმი ბრძოლის ველზე არ შეჰყავთ. ხოლო მეორე გარდაცვლილი (ჩოხელი) სპეცნაზის ინსტრუქტორი იყო, რომელთაც ასევე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში თუ იყენებენ ბრძოლის ველზე. ასევე აშკარაა, რომ ჩოხელის ოჯახი, რომელიც პირველად არ გაურბოდა პრესასთან კონტაქტს, მაშინვე „ჩაიკეტა“, როგორც კი სამართალდამცავთა მხრიდან მათთან კონტაქტი მოხდა. არის კიდევ ერთი გარდაცვლილი სპეცოპერაციის დღეს – ლაფანყურელი პოლიციელი (როგორც ოფიციალური სტრუქტურები ჯიუტად და გააფთრებით აწვებიან – ყოფილი სამხედრო), რომლსაც მაინცდამაინც ამ დღეს თურმე „გული გაუსკდა“. მაპატიოს ჩვენმა (როგორც არის, იმნაირმა) ხელისუფლებამ, მაგრამ გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ ყველა ამ სიკვდილის დეტალების მიუკერძოებელი გამოძიების და გარკვევის გარეშე ქართულ საზოგადოებას ვერ ექნება იმის სრული რწმენა, რომ ოპერაცია ნორმალურად და პროფესიონალურად იყო დაგეგმილი და განხორციელებული და იმისაც კი, რომ გარდაცვლილი სამართალდამცავები და ექიმი მართლაც „დივერსანტების“ ტყვიებს შეეწირენ და არა რაიმე სხვა “რეჟისორულ ჩანაფიქრს”.
- გაირკვა, რომ ლაფანყურას გვერდით სოფელში სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე (როცა ჯერ მძევლებიც კი არ იყვნენ გაუჩინარებულნი) გათხრილი იყო სანგრები, ხოლო ოპერაციაში მონაწილე დანაყოფების წევრებმა ოპერაციის დაწყებამდე ასევე რამდენიმე დღით ადრე იცოდნენ, რომ მათ კახეთში უწევდათ „შეკრებაზე“ გასვლა. მაპატიოს ჩვენმა (როგორც არის, იმნაირმა) ხელისუფლებამ, მაგრამ გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ „მძევლების განთავისუფლების“ ოპერაცია გაცილებით დაიგეგმა, ვიდრე მძევლების აყვანა მოხდებოდა. ეს კი ძალიან უცნაურია, თუ არა იმის დაშვება, რომ „დივერსანტებმა“ ან „მძევლადასაყვანებმა“ თავად გააფრთხილეს ხელისუფლება – ხომ იცით, მალე რაც მოხდებაო! რა თქმა უნდა, შსს უცვლელი კადრის, ლეიტენანტ ლელა კაკულიას ფაქტორიც გამოსარიცხია
- გაირკვა, რომ ყველა “დივერსანტი”, რომელმაც გაქცევა მოასწრო, ლიკვიდირებული იყო. ხოლო ვინც „გაქცევა მოასწრო“, – ვერ დაიჭირეს. მაპატიოს ჩვენმა (როგორც არის, იმნაირმა) ხელისუფლებამ, მაგრამ გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ ან საქართველოს სპეცნაზმა არ იცის, რომ მოკლული დივერსანტი ვეღარაფერს იტყვის იმაზე, ვინ და რა დავალებით გამოუშვას და ასპროცენტიანი განადგურების სქემით მოქმედებდნენ. ან – ის, რომ ვიღაც ქართული მხრიდან, ვინც „დივერსანტების“ ალყაში მოქცევის ოპერაცია დაგეგმა, არ იყო დაინტერესებული არცერთი „დივერსანტის“ ცოცხლად აყვანით და ოპერაციის მონაწილეებს ბრძანება ჰქონდათ – „დაახალეთ პირდაპირ თავში და – რაც შეიძლება, მეტი ტყვია!“
- გაირკვა, რომ საქართველოს შსს სამინისტროს და მისმა მაღალჩინოსნებს – მაგალითად, შოთა ხიზანიშვილს და პრესს-სპიკერ სალომე (დედასვფიცავარა) მახარაძეს ერთი შეხედვით – თანაც ტელევიზორის კადრების ნახვით – შეუძლიათ დაადგინონ განადგურებული „დივერსანტების“ ეროვნებაც, აღმსარებლობაც, საცხოვრებელი ადგილიც და მოქალაქეობაც! სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ, რომ ჯერ არავითარი ექსპერტიზა ჩატარებული არ იყო, ხოლო შსს-ს ოფიციალური პირები ოფიციალურად გვიმტკიცებდნენ, არცერთი გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე არ არის, არცერთი დუისის მკვიდრი არ არის და ყველა მათი რელიგიური წესის თანახმად დაიკრძალებაო! მაპატიოს ჩვენმა (როგორც არის, იმნაირმა) ხელისუფლებამ, მაგრამ გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ ამ დედანაფიცები მტკიცებულებების მიზეზი ხიზანიშვილის, მახარაძის და თავად პრეზიდენტ სააკაშვილის რაიმე ტელეპათიურ-ტრანსცედენტური უნარ-ჩვევები კი არ არის, არამედ ის, რომ გაცემული საიდუმლო ბრძანების თანახმად არავის არ უნდა გაეგო, რომ გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და ისინი ჩუმად და მალულად უნდა იმღამესვე დაესაფლავებინათ, რათა დილით მოსწორებული საფლავების ხილვა მათი მუსულმანობის (და როგორც ხელისუფლებას უნდოდა გვეგულისხმა) – ვაჰაბიტობის ბეჭედი ყოფილიყო.
- გაირკვა, რომ მოუხედავად ხელისუფლების მხრიდან თავდაუზოგავი მცდელობისა, გარდაცვლილთა ოჯახები გაეჩუმებინათ და გვამები ისევე „გაცვლითი“ წესით მოეხვედრებინათ პანკისში, როგორც ვითომდა მძევლების „აღებ-მიცემობა“ ხდებოდა, სულ ცოტა ორი ადამიანის – საქართველოს ორი მოქალაქის – სახელები ცნობილი გახდა და მთავრობამ აღიარა, რომ ორივე პანკისელი ქისტი იყო! გამოდის, რომ სულ ტყუილად იფიცებდნენ დედას და სულ ტყუილად გადაგვცემდნენ ანათემას – ვინც ჩვენსას არ იჯერებს, რუსის აგენტიაო! გამოირკვა, რომ ჭირისუფლებს ხელისუფლებისაგან ულტიმატუმი ჰქონდათ წაყენებული, თუ გინდათ, თქვენი მკვდრები გადმოგცეთ, ჩუმად უნდა იყოთ და ჟურნალისტებს არ უნდა დაეკონტაქტოთო… და მართლაც, ყველაფერი სწორედ ასე მოხდა – მკვდრები საიდუმლოდ ნაშუაღამევს მიაბარეს მიწას, როცა იქ არავინ იყო. მაპატიოს ჩვენმა (როგორც არის, იმნაირმა) ხელისუფლებამ, მაგრამ გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლებამ დაასაბუთა, რომ არამარტო სამართლის, არამედ საუკუნეების განმავლობაში არსებული კავკასიური ადათ-წესების და ვაჟასეული ეთიკის ნორმებს უსინდისოდ თელავს ფეხქვეშ და არაფერია სხვა, თუ არა საიდუმლო ვითარებაში დახოცილთა გვამებით მოვაჭრე ჩარჩი ვაჭარი! ალბათ ასაკოვან ხალხს გაახსენდებოდათ, რომ 1956 წელს თბილისში დემონსტრაციის სასტიკად დახვრეტის შემდეგ ხრუშჩოვის ბრძანებით მხოლოდ იმ ოჯახებს მისცეს საკუთარი მკვდრების ჩუმად დასაფლავების უფლება, ვინც ხელი მოაწერა, რომ ამას არ გაახმაურებდა და პანაშვიდებს არ ჩაატარებდა. ანალოგიურად, საბჭოთა ხელისუფლებამ მკვდრები მასიურად დაუმალა უნგრეთის და ჩეხოსლოვაკიის მოსახლეობის მასიური ჟლეტის მსხვერპლთა ოჯახებს. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მთელი 9 წელია სტალინიზმის საშინელებებზე ლაპარაკით ცდილობს საკუთარი “დემოკრატობის” დამტკიცებას, სწორედ სტალინის, ბერიას, ხრუშჩოვის და ანდროპოვის მიერ დადგენილი „მეთოდებით“ ხელმძღვანელობს. მას ადამიანობის და ეთიკის სწორედაც რომ „ბოლშევიკურ-სტალინისტური“ სტანდარტები აქვს. და მკრეხელობაა, როცა ამ რეჟიმის ადეპტებს ვაჟაობაზე დასწრების და თავის მოწონების სურვილი უჩნდებათ – სად ვაჟა და სად… – ნაცმოძრაობა?
- გაირკვა, რომ „დივერსანტების“ ჯგუფს ძალიან ძნელად საშოვნი და ძალიან ძვირი აღჭურვილობა ჰქონდათ, მაგრამ პროფესიონალთა თვალს არც ისე გამოეპარა, რომ ამ აღჭურვილობას ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონდა, ტყავები და შალითები ისეთი ცინცხალი, გეგონებოდა, ერთი საათის წინ ამოიღეს და საგამოფენოდ დაალაგესო! გაირკვა, რომ „დივერსანტების“ უმეტესობა საძილე ტომრებში იყო ჩაცხრილული, თან თითოეულს იმდენი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, რომ ბრძოლის დროს ეს ძალიან ძნელი უნდა ყოფილიყო. მაპატიოს ჩვენმა (როგორც არის, იმნაირმა) ხელისუფლებამ, მაგრამ გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ „დივერსანტების“ ჯგუფი ძირითადად ძილში ჩაცხრილეს. მერე გვერდით ეს ახალთახალი იარაღი დაულაგეს და ფოტოებით დააფიქსირეს „ბრძოლის ველი“. თუ ვინმე აღშფოთდება და განაცხადებს, ჩვენი გმირული შსს და სპეცნაზი ამას არ იზამდაო, მინდა შევახსენო, რომ შსს-ში არიან ისეთი „პროფესიონალები“, როგორც დათა ახალაია, იგორ მელნიკოვი და გურგენ დონაძე, რომელთაც ანალოგიური მოდელირების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ (გაიხსენეთ ართმელაძე-სურმანიძე-გორგაძის, რობაქიძის, გამცემლიძის ადგილზე ლიკვიდაციისა და ყალბი ბრალდებების შეთითხვნის საქმეები).
- ძალიან საინტერესო რამ გაირკვა, რომ საქართველოს ცაში ოპერაციის დღეს რუსეთის ვერტმფრენები ფრენდნენ! ასეთი რამ ადრეც მომხდარა, და საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის განგაშს ტეხდა. ახლა კი, როცა საქართველოს ტერიტორიაზე თურმე რუსეთიდან გადმოსული „დივერსანტთა“ ჯგუფი უტიფრად მძევლებს იყვანდა, სააკაშვილის ხელისუფლებამ რატომღაც პირში წყალი ჩაიგუბა! არადა, სწორედ ახლა იყო თითქოს განგაში ასატეხი – ხმელეთზე – „დივერსანტები“, ცაში – ვერტმფრენები, ეს ხომ სრულფასოვან საბრძოლო ოპერაციას ჰგავდა!… მაპატიოს ჩვენმა (როგორც არის, იმნაირმა) ხელისუფლებამ, მაგრამ გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ აქ სწორედ იმ მტრისთვის „დაწოლის“ და მტრისთვის „ალოკვის“ იმ სამარცხვინო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომელზეც “სულ-მნათი” სააკაშვილი ასეთი აღშფოთებით და ზიზღით ლაპარაკობს ხოლმე!
დაბოლოს, ჩემი ვერსია – რომელიც უკვე ამ ახალ ინფორმაციებს ეყრდნობა:
არავითარი „დივერსანტების“ ჯგუფი საქართველოში დაღესტნის მხრიდან არ შემოსულა.
ეს ჯგუფი სინამდვილეში სწორედაც საქართველოს ტერიტორიაზე მომზადდა პანკისელი და ჩეჩენი ახალგაზრდებისაგან (სავარაუდოდ – ვაჰაბიტებისაგან). მათ მომზადებაში და ეკიპირებაში, ისევე როგორც ჯგუფის ზოგიერთი წევრის ავსტრიიდან ჩამოყვანაში, გადამწყვეტი როლი სწორედ რომ ქართველი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა და/ან მათ მიერ ჯგუფში ჩანერგილმა ადგილობრივმა აგენტებმა ითამაშეს. ჯგუფის მომზადების მთავარი (ჯგუფისთვის გაცხადებული) მიზანი ჯგუფის სირიაში გადასვლა და იქ ბრძოლებში მონაწილეობის მიღება იყო. მაგრამ სინამდვილეში ქართველი ძალოვნების ვიწრო წრემ – სავარაუდოდ ბაჩო ახალაია, დათა ახალაია, შოთა ხიზანიშვილი და რამდენიმე ადამიანი კუდის და სოდის სტრუქტურებიდან – ჯგუფის საქართველო-რუსეთის საზღვართან მიყვანის და იქ მათი ჩუმად ლიკვიდაციის გეგმა შეიმუშავა, რომელიც წარმატებით განახორციელეს კიდეც. „დივერსანტებად“ მონათლული ახალგაზრდების რაზმი სწორედ იმავე ხალხმა გაანადგურა, ვინც ეს ჯგუფი მოამზადა. ეს ადამიანები ჯგუფის წევრებთან ერთად მიდიოდნენ საზღვრისკენ და რაზმელები მოულოდნელად (შეიძლება, სულაც – ძილში) დახოცეს, მას შემდეგ, რაც ისინი მოატყუეს და უთხრეს, რომ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა „გაეთამაშებინა“ სპეცოპერაცია, რადგან საიდანღაც რუსებმა რაღაც გაიგეს. არაა გამორიცხული, რომ როცა ოპერაციაში დაახლოებით 1000-მდე ქართველი სამხედრო ჩაერთო, „დივერსანტების“ ჯგუფი უკვე დახოცილი და აღჭურვილობა – მიწყობილ-მიმოფანტული იყო მანამდე, სანამ ამ ადგილამდე საქართველოს საჯარისო ნაწილები მოაღწევდნენ, რომელთაც ყალბ ცეცხლს სწორედ რომ რაზმის რეალური გამანადგურებელი საიდუმლო ჯგუფი შეახვედრებდა…
რა როლი ითამაშეს ამ ინსცენირებაში დაღუპულმა ხვედელიძემ, ჩოხელმა და წიკლაურმა?
მიჭირს თქმა, მაგრამ ჩემი ვარაუდით ეს სამი ადამიანი „დივერსანტთა“ ჯგუფს თან ახლდა. არაა გამორიცხული, რომ ამ ჯგუფს ექიმიც დასჭირებოდა საზღვრისკენ გადაადგილებისას და ჩოხელის მსგავსი გამოცდილი ინსტრუქტორი კი მათ მომზადებაში იყო ჩართული. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ აღნიშნული პირები სწორედ მათივე ქართველი სპეცნაზელების მიერ იყვნენ დახოცილნი. ან როგორც იმ ეჭვის გასაფანტავად, რომ თუ მკვდრები მხოლოდ „დივერსანტები“ იქნებოდნენ, არავინ არ დაიჯერებდა, რომ „ბრძოლა“ შედგა, ან იმიტომაც, რომ ეს ადამიანები სხვა სპეცნაზელების მხრიდან ასეთი საიდუმლო ოპერაციის დეტალების შესანახად არასაიმედოდ იქნენ ჩათვლილნი. რა თქმა უნდა, არც ის გამოირიცხება, რომ ამ პირებმა უბრალოდ ვერ მოასწრეს „დივერსანტების“ რაზმის დატოვება ან ღამით ატექხილი სროლების დროს შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი გახდნენ – როცა ირგვლივ 1000-მდე ადამიანი ისვრის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
საინტერესოა, ვინ არიან დაჭრილები და როდის დაიჭრნენ – რაღაც ძალიან ეფერებოდა დაჭრილ ზურაბ ზურაბაშვილს ღუდუშაურის საავადმყოფოში მიქანებული სააკაშვილი – თავს არ ვიცოცხლებდი, შენ რომ რამე მოგსვლოდაო! ძალაინ დაზეპირებულს ჰგავდა ასევე იმ მესაზღვრის ჩვენებები, რომლებიც თურმე მძევლების გაცვლის ოპერაციაში მონაწილეობდა… ამ ხალხმა ბევრი რამ იცის – ან გამიზნულად, ან – შემთხვევით. და სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში ძალიან დიდი შანსია, რომ ოპერაციის დამგეგმავ პირებს მათი სამუდამოდ გაჩუმების სურვილი აღეძრათ!
ასევე საინტერესოა, სად არის ის გადარჩენილი 4 თუ 6 „დივერსანტი“. შეიძლება ისინიც დახოცილნი არიან და რატომღაც არ აჩენენ, შეიძლება უკვე დატოვეს საქართველო, ან – შეიძლება შსს სარდაფებში იყვნენ დამწყვდეულნი და შსს ცდილობდეს, რომ მათგან ოპოზიციის „მამხილებელი“ მტკიცებულებები „ამოიღოს“!
მიხეილ სააკაშვილმა ამ ოპერაციის დადგმით ძალიან ბევრი რამ დადო ფსონზე – თუ გაუვიდა და ამერიკელებიც და რუსებიც დააჯერა იმაში, რომ ტერორიზმს და ისლამურ ექსტრემიზმს ებრძვის, ხალხის ყურადღება – ლეკიანობაზე და გარედან საფრთხეზე გადაიტანა და თან, დაჭერილი რაზმელების წამებით ივანიშვილის წინააღმდეგ რაიმე სამხილები „მოიპოვა“, სერიოზულ დივიდენდებს მიიღებს, მაგრამ თუ ჩაფლავდა და მის მიერ ლამაზად შეკერილი სცენარი ნაკერებზე დაერღვა, მაშინ მისი პოლიტიკური კარიერაც, და იქნებ – სიცოცხლეც – ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგება.
სწორედ ამიტომ მოაყოლა ერთ დადგმულ (სისხლიან) შოუს – სერიოზული დელეგაციები – ამბასადორიალები, მაკკეინის და ლიბერმანის, რასმუსენის ვიზიტები, საწნახელებით და სხვა სათამაშოებით… იღწვის ბიჭი, ოფლი გასდის გახვითქულს… კარგად იცის, რომ ქისტები და ჩეჩნები არ აპატიებენ პოლიტიკურ საკურთხეველზე ზვარაკად ცხვრებივით დაკლული ბიჭების სისხლს და დედის დატირების გარეშე მიწაში მკვლელების მიერ ჩუმად ჩაფლული შვილების ხსოვნას…
————————————————————————————–
ამ ოპერაციაში საქართველოს თავდაცვის მრისხანე და სისხლისმსმელი ფარშევანგი – დიმიტრი შაშკინი და მისი უცვლელი მარჯვენა სეფე-კაცი სეფერთელაძე მაინცდამაინც არ გამოჩენილან – ეტყობა, მათ, როგორც ოქროს რეზერვს, ყველაზე დიდი გაჭირვებისათვის ინახავენ, და მაინც უმაგათოდ არ გამოვიდა ამ ამბის მოთხრობა. მოულოდნელად გამახსენდა, ის ყბადაღებული თავდაცვის ახალი კონცეფცია, რომელიც თურმე შაშკინის მიხედვით 3 „ტ“-ს პრინციპს ეფუძნება და ტოტალურ ზრუნვას, ტოტალურ წვრთნას და ტოტალურ თავდაცვას გულისხმობს…
მე კი მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სისტემა სულ სხვა 3 „ტ“-ს ეფუძნება – ესაა ტოტალური სიცრუე, ტოტალური უსამართლობა და ტოტალური ამორალურობა!
და საერთოდ, მაპატიოს ჩვენმა (როგორც არის, იმნაირმა) ხელისუფლებამ, მაგრამ გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ერთი, მაგრამ – ძალიან დიდი „ტ“-ა!