სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს სასწავლო ცენტრში თანამშრომელთა მასშტაბური გადამზადების ტრენინგების ციკლი გახსნა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დაწყებული ინსტიტუციური რეფორმის ფარგლებში უწყების სასწავლო ცენტრში კასკადური ტრენინგები დაიწყო, რომლის მიზანსაც სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების სწავლება წარმოადგენს.
პირველ ეტაპზე პენიტენციური დაწესებულებების 850 თანამშრომლის გადამზადებაა დაგეგმილი.
ტრენინგს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის თანამშრომლები წარუძღვებიან, რომლებიც თავად მუშაობდნენ აღნიშნული კანონპროექტისა და ცვლილებების შემუშავებაზე.
„სისტემის თითოეულ თანამშრომელს დიდი ძალისხმევისა და შრომის გაწევა მოუწევს იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს უმთავრეს მიზანს, რომელიც საბჭოურ მოდელზე აგებული სისტემის დასავლურ სტანდარტებზე ორიენტირებულ უწყებად გარდაქმნას გულისხმობს. შესაბამისად, ცვლილებების წარმატებით იმპლემენტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანამშრომელთა გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. მიმაჩნია, რომ მათ ზუსტი და დროული ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა ერთ გუნდად შეკრულებმა წარმატებით გავართვათ თავი დასახულ ამოცანებს“ - განაცხადა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
ტრენინგ-სემინარების ციკლი შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით შესრულებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქმედუნარიანობის გაძლიერება“ ფარგლებში ხორციელდება.