დაბა თიანეთში იუსტიციის სახლის მშენებლობა, რომელსაც კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაათვალიერა. მინისტრი ადგილზე გაეცნო პროცესის მიმდინარეობას და მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა. მან მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დადებითად შეაფასა და მშენებლებს წარმატება უსურვა.
ობიექტი ასევე დაათვალიერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა.
როგორც „საბა კონსტრაქშენის“ ხელმძღვანელმა ლევან თარგამაძემ აღნიშნა თიანეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა წელს, 17 თებერვალს დაიწყო და 17 აგვისტოს დასრულდება. მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფო სერვისებით ერთ სივრცეში, კომფორტულ გარემოში სარგებლობა თიანეთის მოსახლეობისთვის უმოკლეს დროში გახდეს ხელმისაწვდომი. აქვე იგეგმება თანამედროვე დიზაინის ქორწინების სახლის მოწყობაც.
„შენობა საკმაოდ ორიგინალურია, არასტანდარტული, გამოირჩევა თავისი არქიტექტურით, შუშის ვიტრაჟი თავიდან ბოლომდე პანორამულია და საკმაოდ რთულ კონსტრუქციას წარმოადგენს. შენობა მოცულობითია, აქ იქნება განთავსებული ქორწინების სახლი, იუსტიციის სახლი და ადგილი მომსახურე პერსონალისთვის,“ - განარტავს ლევან თარგამაძე.
,,მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ თაინეთში შენდება იუსტიციის სახლი, რომელიც ძალიან გაუადვილებს მოსახლეობას არსებობას. შენობა დიზაინის მხრივ ორგინალური და მიმზიდველია, რაც კიდევ უფრო დაამშვენებს აღორძინებისკენ მდგარ თიანეთს. დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს, რომ ზრუნავენ და ყველაფერს აკეთებენ თიანელებისთვის,“ - აღნიშნავს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი.
„სერვისები, რომელსაც სთავაზობენ იუსტიციის სახლებში, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს არა მხოლოდ დიდი ქალაქებისთვის, არამედ რაიონებისთვისაც. იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და სხვა უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. თიანეთშიც შენდება მორიგი იუსტიციის სახლი, სადაც მოსახლეობა 300-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით, უმოკლეს დროში მიიღებს. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს. ეს გახლავთ 2,6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც საკმაოდ სწრაფი ტემპით და ხარისხიანად შენდება. იმედი გვაქვს, რომ მშენებლობა, ამავე ტემპით გაგრძელდება და თიანელებს თიანეთობაზე აგვისტოს თვეში გავახარებთ,“ - აღნიშნა დასასრულს იუსტიციის მინისიტრმა.