ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის ბოლო დღეებში კანონით მინიჭებული შეწყალების უფლება გამოიყენა და მადლიერების დღესთან დაკავშირებით იღბლიან ინდაურებს თავისუფლება უბოძა.
პიჩი, ანუ ატამი და ბლოსომი, ანუ ყვავილი დაახლოებით 16 კილოგრამს იწონიან. მათ ახალგაზრდობა შეწყალების მოლოდინში გაატარეს და ხმაურთან, ხალხმრავლობასა და კაშკაშა შუქებთან ერთად უწევდათ ცხოვრება.
"მათი ტემპერამენტისა და საზოგადოების წევრებისადმი ერთგულების გამო, მე პიჩს და ბლოსომს ვიწყალებ" — თქვა ბაიდენმა თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე გამართულ ცერემონიაზე
პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი მადლიერებაც გამოხატა.
"ნება მომეცით გითხრათ: პრეზიდენტობა ჩემთვის უდიდესი პატივი იყო და მუდამ მადლიერი ვიქნები. მოდით, გამოვიყენოთ ეს მომენტი იმისათვის, რომ გამოვყოთ დრო ჩვენი დატვირთული ცხოვრებიდან და ვფოკუსირდეთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს მეგობრებსა და მეზობლებზე. იმ ფაქტზე, რომ ჩვენ გვხვდა წილად პატივი, ვიცხოვროთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საუკეთესო ქვეყანაში დედამიწის ზურგზე" — მიმართა მან სამთავრობო კაბინეტის წევრებს, თანამშრომლებსა და დამსწრე სტუდენტებს.
მადლიერების სუფრისგან თავის დაღწევის შემდეგ, შეწყალებული ინდაურები მშობლიურ მხარეში, მინესოტაში, გადავლენ საცხოვრებლად. ისინი მეფრინველეობის ელჩები იქნებიან სოფლის მეურნეობის სტუდენტების სახელით. ცნობისთვის, მადლიერების დღის აღსანიშნავად ინდაურების შეწყალება ამერიკის პრეზიდენტებისთვის ათწლეულების ტრადიციაა.