პოპ მუსიკა მე-20 საუკუნის დასავლური ხელოვნების ფრიად უცნაური სფეროა. შვიდი ნოტისაგან შექმნილი ჰანგები ჰქმნიან და ცვლიან შემსრულებელთა ბიოგრაფიებს და რაც მთავარია, ფანტაზიის უნარს უათკეცებენ არამარტო მის წარმომჩენთ, არამედ მსმენელთ, რომლებიც ათწელეულების შემდეგ გაიხსენებენ ბატონ ევგენი მაჭავარიანს თავისი საავტორო ჯერ „ესტრადა და თანამედროვეობითა“, ხოლო შემდეგ კი „ეს ესტრადაა“-თი, აღიდგენენ იმ ჯგუფებსა თუ შემსრულებლებს, რომლებიც დღეს მაინცდამაინც დიდი პოპულარობით აღარ სარგებლობენ, აწონ-დაწონიან - აზრი აქვს მათ ხელახლა მოსმენას, თუ არა, შემდეგ იტყვიან, რომ დრო ტყუილად არ დაუკარგავთ (ყოველ შემთხვევაში იხტიბარს არ გაიტეხენ) და საბოლოოდ მიაშურებენ თუნდაც სუზი კუატროს, რომლის კარიერაც იმდენად უცნაურად აეწყო, როგორც არცერთი სხვა პოპ ვარსკვლავი ქალბატონისა დედამიწის ზურგზე...
1957 წლის ერთ-ერთ საღამოს, 5 წლის პატარა სუზი თავის უფროს დაიკოსთან ერთად ედ სალივანის შოუში ელვის პრესლის უცქერდა, რომელიც Don’t Be Cruel-ს ასრულებდა. უფროსი დაიკო ექსტაზში გაჰკიოდა, ელვისი შეუდარებელი იყო, პატარა სუზი კი პირველად მაშინ მიხვდა, რომ „ელვისი უნდა გამხდარიყო“...
როკ’ნ’როლმა კუატროების ოჯახში საბოლოოდ მაშინ დაისადგურა, როცა მშობლებმა ბავშვს პირველი ბასგიტარა უყიდეს, თანაც 5 წლის ასაკში! სუზი ბავშვობაშივე უკრავდა თავის სამ დასთან ერთად ჯგუფ The Pleasure Seekers and Cradle–ში, რომელიც ხშირად ელვისის სიმღერებს ასრულებდა.
მაშინათვე იგრძნობოდა, რომ პატარა გოგონას სახით, მე-20 საუკუნის პოპ მუსიკალურ კულტურას მგზნებარე ფანატიკოსი გამოუჩნდა. გაივლის წლები და გოგონა სუზი კუატრო ბას გიტარის თანხლებით სცენაზე „გამოვარდნილ“ პირველ ქალბატონ-ვარსკვლავად იქცევა და დროთა განმავლობაში მსოფლიოში მისი ალბომების გაყიდვები 50 მილიონს გადააჭარბებს.
ამერიკაში დაბადებულ „გაინგლისელებულ“ სუზი კუატროს წარმატებული კარიერის ძირითადი მხარე, ძველ კონტინენტსა და ავსტრალიას უკავშირდება, თუმც უკვე დაღვინებულმა ვარსკვლავმა, ქრის ნორმანთან დუეტში ჰიტით Stumblin’ In, ამერიკის ჩარტებში მეოთხე ადგილი დაიკავა.
მას შემდეგ საკმაო დრომ განვლო. სიუზი კვლავ სცენაზეა, მისი თინეიჯერული ზღვა ენერგია უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და არც კი ვიცით და არც გვაინტერესებს, რომ მომღერალმა შარშან მორიგი სტუდიური ალბომი ჩაწერა...
მეორეს მხრივ, ალბათ ასეც უნდა იყოს, რადგან არსებობენ მუსიკოსები, რომელთაც დაახლოებით 30 წლამდე უნდა იმღერონ, მერე კი უკვე აღარაა საინტერესო მათი სასცენო ძალისხმევა, რადგან მათ საამისო აღარც ენერგია გააჩნიათ და აღარც, ვინ იცის, აზარტი. ამ დროს ისინი ჩვეულებრივ საქმოსნებს ემსგავსებიან ხოლმე, რომლებიც თავიანთი ხელობით „პურსა სჭამენ“.
ზუსტად ამ პერიოდში ეწვია ქალბატონი სუზი თბილისის სპორტის სასახლის დარბაზს 1990 წელს და საზოგადოებაც შეძახილებით „სუზი!“, „სუზი!“ შეეგება. კონცერტმა თავისთვის - „მშვიდად“ ჩაიარა და მსმენელი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ჩამქრალი პოპ ვარსკვლავი რატომღაც გიტარ სოლოებს, თავის მეუღლე გიტარისტს ასრულებინებდა, ხოლო გვერდში მდგომი გაცილებით ძლიერი გიტარისტი, Deff Leppard-ში ვივიან კემპბელისა არ იყოს, ძირითადად მიჩუმებული ჰყავდა...
მაგრამ მოდით ახლა მომღერლის კარიერის საუკეთესო წლებს დავუბრუნდეთ, როდესაც იგი ცნობილმა პროდიუსერმა მაიკ მოსტმა შენიშნა. მოსტი იქამდე The Animals-თან, Donovan-თან და Jeff Beck-თან თანამშრომლობდა. სახელები შთამბეჭდავია, მაგრამ ვინ იყო მისთვის სუზი კუატრო? ვინ და აღმოჩენა, რომელსაც ახალი ბრიტანული სცენა რამდენიმე წლით მაინც უნდა დაეპყრო გლემ„ამფსონების“ Slade-სა, თუ Sweet-ის თანხლებით. აბსოლუტურად ახალი სასცენო იმიჯის მქონე 20 წლის სუზის, რომელიც ბას გიტარას გაბარიტებში მაინცდამაინც არ აღემატებოდა, პროდიუსერმა კომპოზიტორებად ნიკ ჩინისა და მაიკ ჩეპმენის ცნობილი დუეტი მიუჩინა და უსახელო ბენდიც ევროპულ ტურნეში გამახურებლად Slade -ს გააყოლა. გათვლამ გაამართლა და გოგონა სულ მალე სტუდიიდან ცნობილი ჰიტებით 48 Crash, Can the Can და Devil Gate Drive დაბრუნდა, რომელთაგან თითოეული მილიონზე მეტი ეგზემპლარით გაიყიდა, ხოლო ჩვენ კი სუზი კუატრო ბატონი ჟენია მაჭავარიანმა ზემოთხსენებული გადაცემებიდან, სწორედ ამ სიმღერებით გაგვაცნო...
ჰიტებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს სუზი კუატროს სამშობლოში, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი სცენაზე Alice Cooper ის წინ გამოდიოდა, მის ცნობილ Welcome to my Nightmare ტურში.
ეს აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რადგან ამ პერიოდის ამერიკაში საბოლოოდ ფეხს იკიდებდნენ ფანკ–როკზე ორიენტირებული ჯგუფები, საუნდი მშვიდდებოდა და პოპ–ინტელექტუალურ სივრცეს, Eagles–სა და Steely Dan–ის მიმართულების მუსიკა იპყრობდა. გლემ როკი კი მარკ ბოლანის შემდეგ, რომელიც იმ პერიოდში უკვე ნელ–ნელა სუქდებოდა, იქ აღარავის აინტერესებდა.
ამიტომაც სუზი კუატრომ თავისი საუკეთესო წლები გასტროლებს დაუთმო როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე ავსტრალიაში, სადაც მისი ზოგიერთი ალბომი ჩაუდგა კიდევაც სათავეში ჩარტებს. ასეთებია მომღერლის პირველი ორი – 1973 და 1974 წლების ალბომები Suzi Quatro და Quatro. სწორედ ამ ჩანაწერებში გამოვლინდა მომღერლის ენერგიის ამოუწურავი მარაგი. ეს ენერგეტიკა შეიგრძნობოდა სუზის ყოველ ნამღერში, ამოძახილში, კივილსა, თუ ბასგიტარასთან ერთად ხტუნაობაში. ამ ალბომებში ჩინი–ჩეპმენი დუეტის სიმღერების გარდა, არაერთი ქავერი შესრულდა, რომელთა შორის სადებიუტო ალბომში აღსანიშნავია ლენონი/მაკარტნის I Wanna Be Your Man და ელვის პრესლის All Shook Up, ხოლო მეორე ნამუშევარში ლეიბერისა და სტოლერის Trouble, რიჩარდ პენიმანის Keep A-Knockin და განსაკუთრებით პერსი მეიფილდის Hit The Road Jack, რომელსაც იმდენად მახვილგონივრული არანჟირება ჩაუტარდა, რომ რეი ჩარლზის ნამღერ მსოფლიო მნიშვნელობის ჰიტსა და მას შორის, მსმენელმა მსგავსება სიმღერის სათაურის წაკითხვამდე შეიძლება ვერც ჰპოვოს. ალბომ Quatro–ს სავიზიტო ბარათი კი ჩინი–ჩეპმენის დუეტის ქმნილება, The Wild One გახლავთ, რომელმაც ვინძლო საუკეთესოდ წარმოაჩინა სუზი კუატროსათვის სახასიათო ზემოთჩამოთვლილი ყველა სასცენო თვისება.
თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იმავე პერიოდში AC/DC–ს სცენური იმიჯი დიდად არ განსხვავდებოდა სუზი კუატროსგან და განსხვავება მხოლოდ სქესში და ცელქობაში მონაწილე მუსიკოსების რაოდენობაში იყო, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს სუზი კუატროს წარმატებები მწვანე კონტინენტზე.
ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სუზი კუატრო როკ მუსიკის შემსრულებელ წარმატებულ ქალბატონთა შორის პირველია გიტარით ხელში. გარდა ამისა, ნიკი ჩინისა და მაიკ ჩეპმენის დახმარების მიუხედავად, სუზი თავადაც ჰქმნიდა სიმღერებს მეუღლე ლენ ტაკეისთან ერთად, რაც მის მუსიკოსობას მეტ ხიბლს სძენს. ამ მხრივ აღსანიშნავია 1979 წლის Suzi...and Other Four Letter Words. იგი სუზის საყვარელი ალბომია და ეტყობა გედის სიმღერაც, რადგან ამ პერიოდიდან მოყოლებული, მუსიკოსის დისკოგრაფიასთან შედარებით, უფრო საინტერესო მისი მემუარებია...