ცნობილი პოლიტოლოგი რობერტ გელპინი დასავლეთის 2400-წლიანი ისტორიის ანალიზის საფუძველზე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მსოფლიოს არსებობა ჰეგემონიზმისა და ომების ისტორიაა. ჰეგემონი სახელმწიფო საკუთარ წესრიგს ამყარებს საერთაშორისო ურთიერთობის სისტემაში და ახერხებს ამ წესრიგის შენარჩუნებას იმ დრომდე, სaნამ არ გამოჩნდება სხვა მოძლიერებული ქვეყანა და არ შეეცილება ჰეგემონობაში.
ჰეგემონი ქვეყნის დასუსტების მიზეზების კვლევისას გელპინი ამტკიცებს, რომ იმპერიის განვითარებასთან ერთად საჭიროა იზრდებოდეს მისი ეკონომიკური ეფექტიანობა, რომელიც სამხედრო ხარჯების ზრდის ტემპს უნდა უსწრებდეს, რადგან ამის გარეშე იმპერია ვერ გადარჩება. დგება მომენტი, როცა ჰეგემონი სახელმწიფო მის დაბანდებულზე მეტს მოიხმარს და ამის გამო იწყება მისი დაკნინება და სანაცვლოდ ახალი იმპერიის ჰეგემონობის ეპოქა.
ისტორიული ფაქტია, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირისა და მისი სამხედრო - პოლიტიკური ბლოკის ვარშავის ხელშეკრულების დაშლის შემდგომ მსოფლიო თითქმის 15 წლის მანძილზე იქცა ერთპოლუსიან სამყაროდ, სადაც ჰეგემონის როლში მოგვევლინა ამერიკის შეერთებული შტატები. მის დაუოკებელ ლტოლვას მსოფლიოს კონტროლსა და ბატონობაზე შემცილებელი არავინ ჰყავდა.
საერთაშორისო ურთიერთობების არქიტექტორის წოდების მფლობელის, ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის ბჟეჟინსკის წიგნი: “მსოფლიო საჭადრაკო დაფა” განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რადგან მასში ყველაზე გაშიშვლებულად არის წარმოჩენილითანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სუბიექტების, ჰეგემონი ქვეყნების მიზანდასულობანი. ეს წიგნი 1998 წელს გამოიცა და იმდროინდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე არის მომოხილული არსებული საერთაშორისო ურთიერთობები და მის განვითარების პერსპექტივები. სწორედ ამ ბჟეჟინსკის აზრით ამერიკის მთავარი ამოცანაა: “შეძლებს თუ არა ის თავიდან აიცილოს საერთაშორისო არენაზე დომინირებული და ანტაგონისტური ევრაზიული სახელმწიფოს გამოჩენა ამერიკის მიერ მსოფლიო ბატონობის განხორციელების შესაძლებლობის კუთხით”. ბჟეჟინსკი აგრძელებს: “გეოპოლიტიკური მდგომარეობა არ შეიძლება იყოს ამაზე ნათელი: ჩრდილოეთ ამერიკა იმყოფება ევრაზიის წინააღმდეგ მსოფლიო ბატონობისათვის დავაში. გამარჯვებული მოიპოვებს მთელ დედამიწაზე აშკარაბატონობას. როგორც კი გამარჯვება სრულად იქნება მიღწეული, ამაში მას ვეღარავინ შეუშლის ხელს”
ბზეჟინსკი არ მალავს, რომ “1991 წელს ერაყის წინააღმდეგ მოკლე სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ ეს ეკონომიკურად მნიშვნელოვანი რეგიონი გადააქციეს ამერიკული სამხედრო ნაკრძალის ზონად. ყოფილ საბჭოთა სივრცეებშიც კი ჰპოვა გავრცელება ნატოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ამერიკელების მიერ მატერიალურად მხარდაჭერილმა სქემამ, ისეთმა, როგორიც არის პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის”. ამის გარდა, ამერიკული სისტემის ნაწილად უნდა ჩაითვალოს სპეციალიზირებული ორგანიზაციების ქსელები, განსაკუთრებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) და მსოფლიო ბანკი, რომლებიც, შეიძლება ითქვას, რომ წარმოადგენენ გლობალურ ინტერესებს და მთელ მსოფლიოს შეიძლება ვუწოდოთ მისი კლიენტები. სინამდვილეში კი იქ დომინირებენ ამერიკელები და მის შექმნაში შეიმჩნევა ამერიკული ინიციატივები, კერძოდ, ბრეტონ-ვუდსის 1944 წლის კონფერენციაზე”.
აქ, ამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დესტრუქციულ როლზე არგავამახვილებ დიდ ყურადღებას, რომლებიც თავიანთი მაქინაციებითა და ინსტრუქციებით განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობისათვის ეროვნული ეკონომიკების გაკოტრებისა და აშშ-ს ჰეგემინიზმისადმი დაკაბალების იარაღად იქცნენ. ამაში დასარწმუნებლად მარტო ჯონ პერკინსის შესახებ ამ ვიდეორგოლის ნახვა
http://www.youtube.com/watch?v=LCyJLOISK_o&feature=player_embedded#at=272და წიგნის “ეკონომიკური მკვლელის აღსარების” წაკითხვაც კმარა, რომელიც გოგი თოფაძის ხელშეწყობით ქართულადაც არის ნათარგმნი, თუმცა მცირე ტირაჟით არის გამოცემული. ამერიკული ჰეგემონიზმის ნაყოფი ეკონომიკაში ხომ ქართველმა ხალხმაც დააგემოვნა, რომლის შედეგადაც აგერ უკვე 20 წელია უმუშევრობისა და საშინელი სიღატაკის მსხვერპლის ამპლუაში იმყოფება.
ბზეჟინსკი მსოფლიოზე ამერიკელთა დომინირების ერთ ფაქტსაც აღნიშნავს: “საზღვარგარეთის მთავრობების უმრავლესობები ქირაობენ ამერიკელ ლობისტებს, რათა წამოსწიონ საკუთარი საკითხები, განსაკუთრებით კონგრესში”. “ამერიკული ეთნიკური საზოგადოებები ასევე ისწრაფვიან მოახდინონ გავლენა ამერიკულ საგარეო პოლიტიკაზე და მათ შორის ებრაელების, ბერძნებისა და სომხების ლობი გამოდიან, როგორც ყველაზე ეფექტური ორგანიზაციები” – ამ ფრაზაში ჩვენთვის მეტად საინტერესო მინიშნებები, წესით, უნდა დავინახოთ, თუ გავიხსენებთ, რომ სააკაშვილი ნიუ-ორკში ერთ-ერთ სომხურ ორგანიზაციაში მუშაობდა და ქართულ პოლიტიკაში ყმაწვილკაცობიდანვე მისი უეცარი წარმატებული კარიერის მოწმენი გავხდით, რაც ეჭვს სწორედ ამ ამერიკულ-სომხურ ლობისტებზე აჩენს.
ბზეჟინსკი რიტორიკულად კითხულობს: “ევრაზიის რომელი კონკრეტული რეგიონია განსაკუთრებული სასიცოცხლო მნიშვნელობისა მთელ მსოფლიოზე კონტროლის კუთხით?” და თავადვე პასუხობს ასევე ცნობილი პოლიტოლოგის ჰაროლდ მაკკინდერის გამონათქვამით: “ის, ვინც ფლობს აღმოსავლეთ ევროპას, ფლობს მსოფლიოს გულს; ის ვინც ფლობს მსოფლიოს გულს, ფლობს მსოფლო კუნძულს ევრაზიას; ის ვინც ფლობს მსოფლიო კუნძულს, ის ფლობს მსოფლიოს”.
მაგრამ ევრაზიის სრულყოფილ ფლობაში ამერიკას წინ ეღობება ისეთი ისტორიულად დამოუკიდებელი გეოსტრატეგიული მოთამაშე, როგორიც რუსეთია, რომლის გეოპოლიტიკურ გავლენებსა და გეოსტრატეგიულ ამბიციებს ბჟეჟინსკიც აღიარებს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გეოგრაფია საერთაშორისო ურთიერთობებში რჩება პრინციპულად მნიშვნელოვან თვალსაზრისად, რასაც ამყარებს ნაპოლეონის გამონათქვამით, რომ საკუთარი გეოგრაფიის ცოდნა საკუთარი საგარეო პოლიტიკის ცოდნას ნიშნავს.
ბზეჟინსკი აღნიშნავს: „რუსებმა თავიანთთვის მოულოდნლად აღმოაჩინეს, რომ აღარ წამოადგენენ ტრანსკონტინენტალური იმპერიის პატრონებს, ხოლო სხვა რესპუბლიკების საზღვრები რუსეთთან ისეთივე გახდა, როგორიც იყო კავკასიასთან 1800 წელს, შუა აზიასთან 1800-იანის შუაწლებში, ხოლო რაც ყველაზე დრამატული და მტკივნეულია, დასავლეთთან, დაახლოებით 1600 წელს ივანე მრისხანის გამეფების დროს. კავკასიის დაკარგვამ ხელი შეუწყო სტრატეგიული საშიშროების წარმოშობას თურქეთის გავლენის განახლებასთან მიმართებაში; შუა აზიის დაკარგვამ გააჩინა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და მინერალური რესურსების დაკარგვის გრძნობა და ასევე პოტენციური მუსულმანური პრობლემის მიმართ განგაშის გრძნობა; უკრაინის დამოუკიდებლობამ გამოწვევა ესროლა რუსების მისწრაფებებს იყოს მედროშე მთელი პანსლავიანური საზოგადოებისა.
ყველაზე მტკივნეული რუსებისათვის ასეთ სიტუაციაში, სწორად აღნიშნავს ბზეჟინსკი, არის იმის გაცნობიერება, რომ საერთაშორისო არენაზე რუსეთის ავტორიტეტი მნიშვნელოვანი ხარისხით დაეცა. მანამდე ორი წამყვანი მსოფლიო ზესახელმწიფოდან ერთ-ერთი ახლანდელ დროში პოლიტიკურ წრეებში უბრალოდ ფასდება, როგორც “მესამე მსოფლიოს” რეგიონალური სახელმწიფო, თუმცა ძველებურად ფლობს უფრო და უფრო მოძველებულ, მაგრამ ატომური იარაღის მნიშვნელოვან არსენალს.
ასე და ამგვარად, სახელმწიფოებრივად, ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურად დასუსტებულ რუსეთს დასავლეთმა შესთავაზა “ჯანსაღი სტრატეგიული პარტნიორობის” კონცეფცია, მაგრამ ეს აღმოჩნდა რუსეთის ამბიციების დაკმაყოფილებისთვის მოფიქრებული სატყუარა, ხოლო რეალურად, როგორც ბჟეჟინსკი აღნიშნავს, ამერიკა არასოდეს გეგმავდა რუსეთისთვის მსოფლიოზე ძალაუფლება გაეყო და არც შეეძლო ეს, რომც სდომოდა, რადგან ახალი რუსეთი იყო ძალიან სუსტი, ძალიან გაპარტახებული და სოციალურად ძლიერ ჩამორჩენილი და ამიტომ ვერ იქნებოდა მსოფლიოში ამერიკის რეალური პარტნიორი.
ამ პირობებში ნატოს შესახებ ბჟეჟინსკი წერს:”ატლანტიკური ალიანსი განამტკიცებს ამერიკის პოლიტიკურ გავლენას და სამხედრო ძლიერებას ევროაზიურ კონტინენტზე. ევროპის საზღვრების ნებისმიერი გაფართოება ავტომატურს ხდის პირდაპირი ამერიკული გავლენის საზღვრების გაფართოებას”.
ბზეჟინსკი ხაზს უსვამს: “არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთის ყველა განგაში მოკლებული არ არის კანონიერ საფუძვლებს და გამოწვეულია მხოლოდ არაკეთილგანწყობით”.
ამვე დროს, ბზეჟინსკი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ნებისმიერი დაახლოება, რომელიც მას აქცევს გადაწყვეტილებების მიმღებ ნატოს ალიანსის წევრად, რუსეთს მისცემს შესაძლებლობას დაიბრუნოს ცენტრალური ევროპის ქვეყნებზე დაკარგული გავლენა და ამავე დროს, ითამაშებს ამერიკა-ევროპის უთანხმოებებზე ევროპაში ამერიკის როლის შესასუსტებლად.
მოკლედ რომ ვთქვათ, ამერიკისთვის რუსეთის ნატოში შესვლაც მიუღებელია, რადგან მისი დიდი პოტენციალიდან გამოდინარე მასში ხედავს ევროატლანტიკურ სივრცეში ბატონობის დიდ კონკურენტს.
სამაგიეროდ, ბზეჟინსკი რუსულ ხაზოგადოებას სთავაზობს მათი სახელმწიფოს მოდერნიზაციის გეგმას, რათა მისი იმპერიული მისწრაფებები საშიში აღარ იყოს ევროპისათვის და მისთვის მისაღებ სახელმწიფოდ რომ ჩამოყალიბდეს. ვნახოთ, რაში მდგომარეობს ბჟეჟინსკისათვის და იგივე ამერიკელი ნეოკონსერვატორებისათვის რუსეთის მისაღებობა: ”რუსეთი მოწყობილია თავისუფალი კონფედერაციის პრინციპით, რომელშიც შევა რუსეთის ევროპული ნაწილი, ციმბირის რესპუბლიკა და შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკა უფრო იოლად განავითარებს ევროპასთან, ცენტრალური აზიის ახალ სახელმწიფოებთან და აღმოსავლეთთან ეკონომიკურ კავშირებს, რაც თავად რუსეთის განვითარებას დააჩქარებდა. ”ამით ეს სამივე რესპუბლიკა განთავისუფლდება მოსკოვის მძიმე ბიუროკრატიული ხელისგანო და ასე შემდეგ სხვა ზღაპრები. მოკლედ, ბზეჟინსკი თავს უფლებას აძლევს და ისედაც გეოპოლიტიკურად ყოველმხრივ შევიწროებულ რუსეთის ფედერაციას კიდევ სამ სახელმწიფოდ დაშლას სთავაზობს, რომ მათთვის საშიში აღარ იყოს, ხოლო სამაგიეროდ, ამერიკას მსოფლიო ბატონობის სტრატეგიის გზამკვლევს უდგენს.
ყოველივე ამის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ რუსეთს ასეთი აგრესიული დამოკიდებულება აქვს აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვრებისკენ ნატოს გაფართოებისადმი, როგორც ამერიკის ჰეგემონისტური გავლენის გამომხატველი მოვლენის მიმართ და ამის გამო არც იმ პოსტსაბჭოური სახელმწიფოებისადმი არის კეთილგანწყობილი, რომლებიც რუსეთის საზღვრებთან მათი პოტენციური მტრის, ნატოს დაახლოებას ამ სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციაში წევრად გახდომის სურვილით უწყობენ ხელს.
ბზეჟინსკის მიაჩნდა, რომ უახლოესი 30 წლის მანძილზე ამერიკის, როგორც უძლიერესი სახელმწიფოს სტატუსს ვერავინ გაუწევდა მეტოქეობას, რადგან მას ამის სამხედრო, ეკონომიკური, ტექნიკური და კულტურული პოტენციალი გააჩნდა და მისი აღმასავლეთისკენ გავლენის ზრდასაც ხელს ვერავინ შეუშლიდა. ამ ვარაუდებს იგი აკეთებდა 1998 წლის მონაცემებით, როცა ეს წიგნი დაიწერა, მაგრამ ამ 15 წლის მანძილზე ისეთი ცვლილებები განხორციელდა მსოფლიოში და საერთაშორისო ურთიერთობებში, რომ უკვე საკუთარი სტრატეგიული კონცეფციის გადახედვა თავად ბზეჟინსკის მიერ ხდება.
საქმე იმაშია, რომ იმ უდიდესი ტვირთის ტარებას, რასაც მსოფლიო ჰეგემონიზმის შენარჩუნება მოითხოვს, ამერიკის ეკონომიკა ვეღარ უმკლავდება. მარტო ავღანეთისა და ერაყის გაჭიანურებულმა ომებმა უდიდესი ფინანსური დარტყმები მიაყენა ამერიკას. სხვადასხვა გათვლებით, ამ ათი წლის მანძილზე აღნიშნულ სამხედრო კომპანიებს ამერიკის დაახლოებით ერთი ტრილიონი დოლარი ფედერალური ხარჯი შეეწირა. ნახევარმილიონიანი არმია მუდმივად გაფანტულია მთელ მსოფლიოში საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს კი მოითხოვს ყოველწლიურად 600-700 მილიარდიან სამხედრო ბიუჯეტს. 2011 წელს აშშ-ს მთავრობის ბიუჯეტის დეფიციტმა 1,3 ტრილიონი დოლარი შეადგინა და ეს უკვე მესამე წელია სტაბილურად ასე გრძელდება.
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დაწყების წინ აშშ-ს სახელმწიფოს საერთო ვალი შეადგენდა 10,6 ტრილიონ დოლარს, ხოლო ამჟამად უკვე 15 ტრილიონს გადააჭარბა. ეს სახელმწიფო ვალი კი ყოველდღიურად იზრდება 4 მილიარდი დოლარით. თუ გავითვალისწონებთ იმას, რომ ამერიკის ბიუჯეტი თავისი დეფიციტით დაახლოებით 3 ტრილონ დოლარს შეადგენს, რაც 5-ჯერ მცირეა სახელმწიფო ვალზე, მაშინ ძნელი გასათვლელი არ უნდა იყოს, რომ აღნიშნული მდგომარეობა უკვე დამანგრევლად მოქმედებს ამერიკის ეკონომიკაზე და ამერიკული ვალუტის შეუჩერებელი ინფლაციისა და სრული ეკონომიკური დეპრესიის საფუძვლებს ქმნის, რის გამოც გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვისთვის ამერიკა ისე აქტიურად ვეღარ მოიცლის, რადგან მოზღვავებულმა სოციალურმა უკმაყოფილებამ თავად სახელმწიფო სისტემის სტაბილურობას შესაძლოა შეუქმნას საფრთხე.
ამავე დროს, სახეზეა ჰეგემონიზმის პოტენციალის მქონე ახალი სახელმწიფოების მოძლიერების პროცესი. მათ შორის გამორჩეულია ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, ბრაზილია, თურქეთი, ირანი. ევროპაში რეგიონალური სუპერსახელმწიფოების როლს ინარჩუნებენ გერმანია, ინგლისი და საფრანგეთი. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ეკონომიკები აღმავლობას განიცდიან და მათი მთლიანი შიდა პროდუქტი ტრილიონ დოლარს აჭარბებს, თანაც მათ უმრავლესობას ატომური იარაღი გააჩნია, ან მის შექმნასთან ახლოს არიან.
ყოველივე ზემოთქმულის ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მულტიპოლარული, ანუ ორზე მეტი სახელმწიფო პოლუსის მქონე საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბების პროცესშია.
ჩვენი გეოპოლიტიკური რეგიონისა და საქართველოსთვის ყველაზე მეტად საინტერესოა რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი, ნაწილობრივ – ირანიც, მაგრამ იმის გამო, რომ იგი ამჟამად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბლოკადაში იმყოფება, ჯერ-ჯერობით აქტიურ როლს ვერ თამაშობს რეგიონალურ პოლიტიკაში, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ატომური იარაღის ფლობის მისმა ამბიციამ შესაძლოა, საერთოდ, მსოფლიო პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს.
ჩინეთი იმიტომ არის ყურადსაღები, რომ უკანასკნელ ათწლეულში ჩინეთმა უკვე მყარად დაიმკვიდრა მსოფლიოში მეორე ეკონომიკის ფლობის სტატუსი თავისი თითქმის 7 ტრილიონიანი მთლიანი შიდა პროდუქტით და თან სულ უფრო და უფრო იზრდება მისი ეკონომიკური პოტენციალი. მარტო იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ მას აშშ-თან ვაჭრობაში იმპორტ-ექსპორტის უკეთესი სალდო აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ჩინეთი 2016 წელს ეკონომიკური მონაცემებით უკვე გაასწრებს აშშ-ს, რაც ნიშნავს ამერიკის ერის დასასრულს. ამასთან ერთად, მას გააჩნია მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სამმილიონიანიარმია, რომლის თანამედროვე ტექნოლოგიური გადაიარაღება ინტენსიურად მიმდინარეობს.
სირიის დიქტატორის, ბაშარ ასადის ჩამოგდების მიზნით ნატოს სამხედრო ძალების შეჭრა სწორედ ჩინეთისა და რუსეთის მკვეთრად უარყოფითმა პოზიციამ შეაჩერა. ამის შესახებ განაცხადა კიდეც ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა, რომ ლიბიისგან განსხვავებით სირიაში სულ სხვა სიტუაციაა, მაშინ ნატოს ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი, ახლა კი ეს არ არის. ამ მანდატის გაცემაზე უარი კი სწორედ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა ჩინეთმა და რუსეთმა განაცხადეს.
ანალოგიურად, ირანის მიმართ საომარი მოქმედებების წინააღმდეგია ეს ორივე ქვეყანა, რაც ამერიკისა და ისრაელის ირანთან საომრად გამზადებულ არმიებს ომის გაჩაღების საშუალებას არ აძლევს. რუსეთმა და ჩინეთმა გასაგებად გამოხატეს თავიანთი პოზიცია, რომ ისინი ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციას საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ ყოველმხრივ შეეწინააღმდეგებიან. ჩინელი გენერალი ჩაოჩონგა პირდაპირ აცხადებს, რომ აშშ-ს კოალიციისა და ისრაელის ირანზე თავდასხმის შემთხვევაში ჩინეთის არმია მოკავშირის დასაცავად მიიღებს ზომებს, მიუხედავად მესამე მსოფლიო ომის დაწყების შესაძლებლობისა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განიხილება არა მხოლოდ რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი რეგიონული ინტერესების დაცვის, არამედ ასეთი თავდასხმის შემთხვევაში ირანისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის გეგმაც.
ინფორმირებული წყაროები ამტკიცებენ, რომ რუსულმა მხარემ თავდასხმის შემთხვევაში „არაპროგნოზირებადი შედეგების“ შესახებ ირანი უკვე გააფრთხილა და რომ რუსეთი ამ ომში აუცილებლად ჩაერთვება, რადგან თვლის, რომ ეს ომი მის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონულ ინტერესებს საფრთხის ქვეშ დააყენებს. ამიტომ მოსკოვმა ირანზე ისრაელის თავდასხმის შემთხევაში სამოქმედო გეგმის შემუშავება ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც სომხეთში, გიუმრის 102-ე ბაზის მოდერნიზებას შეუდგა.
2012 წლის 14 იანვარს პუტინმა ხაზი გაუსვა: “ჩვენ ვიმყოფებით ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის პერიოდში, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც ჩამოყალიბდა სსრკ-ს დაშლის შემდგომ. მოსკოვი წავა ბოლომდე ამ პროცესის შეჩერების ნებისმიერი მცდელობის თავიდან ასაცილებლად, თუნდაც მოგვიწიოს კონფლიქტზე წასვლამ. თუ დასავლეთი ეცდება საერთაშორისო არენაზე იმოქმედოს ცალმხრივი წესით, მოსკოვი ვერ დარჩება უმოქმედოდ და ძლიერ პასუხსაც გასცემს”.
ეს განცხადება უკვე შედეგია საერთაშორისო ურთიერთობებში ღრმა ანალიზისა და ძალთა თანასწორობის სისტემაში არსებული ცვლილებებისა, რომელიც პრაქტიკულ ქმედებებში ვლინდება ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში საკუთარი პოზიციების დასამკვიდრებლად ბრძოლაში.
დაკარგული პოზიციების დაბრუნების პრეტენზიებით ასპარეზზე გამოსვლისას რუსეთს უკვე ზურგს უმაგრებს თავისი 2, 3 ტრილიონიანი მსოფლიოში მე-6 ადგილზე მყოფი ეკონომიკა, 500 მილიარდი დოლარის აქტივები ბანკებში, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ძირითადი ვალების გასტუმრება, ტრადიციულად მოწინავე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და 600 ათასიანი რეგულარული ბრძოლისუნარიანი არმია, რომლის ტექნიკური გადაიარაღება ბოლო წლებში დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს. ის რომ რუსეთს ატომური და წყალბადის ბომბების მსოფლიოში უდიდესი არსენალი გააჩნია თავისი ტრანსკონტინენტალური რაკეტებით, რომლებიც განლაგებული მოწაზე, მიწის ქვეშ, ჰაერში, წყალზე და წყალქვეშ ეს უკვე ყველასთვის ცნობილია.