„წყალი მარგებელის“ მხარდაჭერით ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლამ (ISIE )კონფერენცია „თანამედროვე საზოგადოება და პიროვნება“ გამართა, რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
შემოსული ნაშრომებიდან კომპეტენტური ჟიურის მიერ 15 საუკეთესო მომხსენებელი შეირჩა, რომლებმაც სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა : საზოგადოების გავლენა პიროვნებაზე, სოციალური ქსელების როლი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, გენდერი და ქართული საზოგადოება, გლობალიზაციის გავლენები და სხვა.
სტუდენტებმა მოცემული თემები ქართული მაგალითებით განიხილეს და აუდიტორიას მოცემული პრობლემების სხვადასხვა გადაჭრის გზები შესთავაზეს. ყველა მომხსენებელს სეთიფიკატი გადაეცა, სამმა საუკეთესო მომხსენებელმა კი სამახსოვრო საჩუქარი მიიღო.
„წელს ეს „ISIE”-ს მეორე კონფერენციაა, რომელიც „წყალი მარგებელის“ მხარდაჭერით ჩატარდება, პირველის შემთხვევაში სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაეანალიზებინათ საკუთარ სასწავლებელში მიმდინარე მოვლენები და პრობლემები. ამ შემთხვევაში ჩვენ ისევ სიამოვნებით დავთანხმდით მათ შემოთავაზებას, მსგავსი ღონისძიებები ნამდვილად დაეხმარებათ მათ ეფექტურად შეაფასონ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენები და მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საკუთარი გარემოს გაჯანსაღებაში. „წყალი მარგებელისთვის“ პრიორიტეტია როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი განათლების სფეროში ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და მოსწავლეების პოტენციალის გამოვლენას და პროგრესული იდეების მხარდაჭერას, შესაბამისად მომავალშიც ვიმედოვნებთ რომ აქტიურად მოხდება ჩვენს შორის თანამშრომლობა. ახალგაზრდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის კონფერენციებში მონაწილეობის მიღება. მოხარული ვარ, რომ „წყალი მარგებელი“ დგას სტუდენტების გვერდით და მხარს უჭერს არაფორმალურ განათლებას“ - აცხადებს „წყალი მარგებელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ჟიჟკო.