(იბეჭდება ნაწყვეტი)
თავის დროზე, ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა საბჭოთა კავშირში მოგზაურობის შემდეგ ირონიული გაკვირვებით აღნიშნა: „პირველად ვნახე ქვეყანა, რომელსაც ადამიანები მართავენ და არა კანონებიო.“ ახლა ბევრი კამათობს თუ მარჩიელობს, ვინ უნდა შეცვალოს შევარდნაძე.
ჩემის აზრით, შევარდნაძე უნდა შევიდეს ისტორიაში, როგორც წარმატებული ქართული სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელი, იგი უნდა შეცვალოს არა პიროვნებამ, არამედ შევარდნაძის მიერ შექმნილმა სისტემამ, რომელშიც პიროვნებები კი არ განსაზღვრავენ საზოგადოების განვითარებას, არამედ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები.
შევარდნაძის სახელი დარჩება ისტორიას, არა უმეცარი პასკვილანტების მლიქვნელური ხოტბა დიდებით, ასე უხვად რომ იღვრება ზოგიერთი ფსევდოეროვნული „მოღვაწის“ პირიდან - ეს მომავალ თაობებს მხოლოდ სამარცხვინო კურიოზად თუ შემორჩებათ. მისი სახელი დარჩება, როგორც ფუძემდებელი იმგვარი სახელმწიფოებრიობისა, სადაც პიროვნების ნებაზე მაღლა კანონი იდგება და თამაშის წესები წინასწარ განსაზღვრული, პროგნოზირებადი და გამჭირვალე იქნება. დღეს ეს მიზანი ბევრს მიუღწევლად მიაჩნია, მაგრამ თუ ახლავე ვიმოქმედებთ, ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ სავსებით შეიძლება მივაღწიოთ ამ მოდელის პირველ სამუშაო ვარიანტს.
დღეს საქართველოს ხელისუფლება, მისი გუნდი და მთლიანად ჩვენი ქვეყანა გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. მკვეთრი ცვლილებები უახლოეს პერიოდში აბსოლუტურად გარდაუვალია. თუ არასწორედ ვიმოქმედებთ და ძველებურად არხეინად ვიქნებით, ეს იქნება მკვეთრი ცვლილებები უარესობისკენ სახელმწიფოს დეზინტეგრაციისკენ, თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, მაშინ საქმეს კიდევ შეიძლება ეშველოს.
რეფორმის მოწინააღმდეგეები გაერთიანდნენ მთელ ფრონტზე. მობილიზებულია უზარმაზარი ფინანსური და სხვა რესურსები, რათა გაუხანგრძლივდეს არსებობა იმ ძალებს, ვინც ქვეყნის ძარცვა-გლეჯაზე აფუძნებს საკუთარ კეთილდღეობას. ტრადიციული მეთოდებით მართვის გაგრძელება შეუძლებელია, მაგრამ შევარდნაძისნაირი დიდი პოლიტიკოსების, ძირითადი მახასიათებელი სწორედ გადამწყვეტ მომენტში არასტანდარტული ქმედების უნარია.