ფრაქცია „აღორძინება“ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ 4 პარლამენტარის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნას მოითხოვს, რომლებმაც გუშინ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს.
ფრაქციის ლიდერი ჯემალ გოგიტიძე აცხადებს, რომ გიორგი ბარამიძემ, ელენე თევდორაძემ, ელდარ შენგელაიამ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვიეს. „აღორძინების“ ინიციატივას პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციები და „სოციალისტებიც“ მხარს უჭერენ.
დეპუტატებმა გუშინ მერიის წინ მომხდარი ინციდენტიც გააპროტესტეს და ამ ფაქტს „მინი-პუტჩის“ კლასიფიცირება მისცეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი ირწმუნება, რომ მომხდარის გამო პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ძალოვანი მინისტრებისა და თბილისის მერის მოწვევისა შესახებ საკითხს დასვამს.
„დეპუტატების უკანონო საქციელი პარლამენტის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ჩვენ ვაპირებთ მოვითხოვოთ, რომ იმ 4 დეპუტატს, რომლებმაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ და ისინი კვლავ საკრებულოს წევრებად დარჩნენ. მათ საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტეს.
კანონში არსებული ხარვეზებისა და შეცდომების მიუხედავად, დეპუტატი ვალდებულია, ის დაიცვას. კანონი ჩოხა ან რეზინის კალოში არ არის, რომ როგორც საჭიროა, ისე მოირგო. ვფიქრობ, ის დარღვევები, რაც საკრებულოს პირველივე სხდომაზე მოხდა, კიდევ უფრო დაამუხრუჭებს მის მუშაობას. ახლოვდება ქაოსის ეპოქა და მას სერიოზული დაპირისპირება მოჰყვება“, - აღნიშნა გოგიტიძემ.
„აღორძინების“ ლიდერს მხარს „მოქალაქეთა კავშირისა“ და „ალიანსი ახალი საქართველოსათვის“ ლიდერებიც უჭერენ მხარს. ვიტალი ხაზარაძეს მიაჩნია, რომ ახალი საკრებულოს მუშაობა მთლიანად პოლიტიზებული იქნება და ის სოციალური პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, კვლავ მოუგვარებელი დარჩება. ხაზარაძეს მიაჩნია, რომ „დემოკრატი სააკაშვილი“ საკუთარი პოლიტიკის გატარებას ძალისმიერი მეთოდებით - ცესკოში შეიარაღებული შეჭრითა და ქუჩის პიკეტირებით ცდილობს.
„დემოკრატიის მანტიაში გამოწყობილი სააკაშვილი ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს საკუთარი პოლიტიკის გატარებას, რაც ყოვლად დაუშვებელი და იურიდიულად გაუმართლებელია. მისმა ქმედებებმა უკვე სხვა მიმართულება მიიღო, ის მასობრივი აქციებით ცდილობს საკრებულოს მუშაობაზე ზეწოლის მოხდენას“, - მიაჩნია ხაზარაძეს.
„საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების დროს მთელი რიგი დარღვევები მოხდა. „აღორძინებას“ აქვს საფუძველი ბარამიძის, თევდორაძისა და შენგელაიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვოს, რადგან გუშინ საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა. საკრებულოს თავმჯდომარის ფუნქცია კომუნალური პრობლემების მოგვარებაა და არა შოუების ორგანიზება.“ - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.
ამასთანავე, თავად გიორგი ბარამიძე თავის ნაბიჯს გამართლებულს უწოდებს და, კენჭისყრაში მონაწილეობის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოდან „ფეხის მოცვლას“ არ აპირებს. ბარამიძეს ბათუმის დეპუტაციის მოთხოვნა არასერიოზულად მიაჩნია და მიაჩნია, რომ ამგვარი განცხადებები დეპუტატებზე დევნის საფუძველია.
„ჩვენ წერილობით მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მანდატურის კომისიას, სადაც აღვნიშნავდით, რომ პარლამენტის დატოვებას არ ვაპირებდით და ვთხოვეთ, საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობა ჩვენს ადგილმონაცვლეს მიეღო. მათ ჩვენი განცხადება არ დააკმაყოფილეს.
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების დროს 4-ის ნაცვლად 1 ადამიანი გვრჩებოდა და ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ. ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, რადგან არ გვინდოდა, სააკაშვილის თავმჯდომარედ არჩევას პრობლემები შექმნოდა. უარს ვერ ვეტყოდით ამომრჩეველს იმაზე, რაც საკრებულოს არჩევნების დროს დაგვავალეს“, - აღნიშნა ბარამიძემ.
დღის ბოლოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა საკრებულოს წევრებისადმი მიმართვა გაავრცელა. რჩეულიშვილი პარასკევს ცესკოს სხდომისა და გუშინ საკრებულოს პირველი შეკრების დროს მომხდარ ინციდენტებს აპროტესტებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიისწრაფვის პოლიტიკური სკანდალებისკენ, რათა საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს იუგოსლავიის სცენარით. მათ დაამკვიდრეს გამარჯვების ძალადობის გზით მიღწევის გზა. გთხოვთ, ერთად ავხადოთ ფარდა მინი-პუტჩის ისტორიას, რადგან ჩვენ ერთხელ უკვე გაგვახვიეს სამოქალაქო ომის ქარცეცხლში,“ - ნათქვამია რჩეულიშვილის მიმართვაში.