სააკაშვილის საიდუმლო ამერიკული ვოიაჟი

სააკაშვილის საიდუმლო ამერიკული ვოიაჟი

(იბეჭდება შემოკლებით)

აშშ-ში, კიევსა და მოსკოვში ერთკვირიანი ვოიაჟის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დაბრუნდა და პრეს-კონფერენცია გამართა. მან ქართულ საზოგადოებას რამდენიმე სიახლის შესახებ აუწყა.

„ოპოზიციის აქტიურობის შედეგად ჩაიშალა გეგმა, რომელიც ქართული ენერგოსისტემის „იტერასათვის“ ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად,“ - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, „იტერასთან“ თანამშრომლობის ჩაშლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პოზიციამ და მისმა წერილმა პრეზიდენტ შევარდნაძისადმი, რომელშიც ცალსახადაა ნათქვამი, რომ ენერგეტიკური დამოუკიდებლობა საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია.

კიევში ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილი შეხვდა უკრაინის ოპოზიციის ლიდერს, პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატს, ანატოლი იუშჩენკოს. ამ შეხვედრაზე გადაწყდა საქართველოსა და უკრაინის ოპოზიციური ძალების კოორდინაციის საკითხი.

როგორც პრეს-კონფერენციაზე ითქვა, ვაშინგტონში სააკაშვილი გავლენიან სენატორებს, ჯონ მაქქეინსა და ჩაქ ჰაგელს შეხვდა. მან აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის პირველი მოადგილის, სტროუბ ტელბოტის მიწვევით მოხსენება წაიკითხა იელის უნივერსიტეტში კონფერენციაზე „აბრეშუმის გზა 21-ე საუკუნეში.“ ვაშინგტონშივე მან შეიტყო, რომ ამერიკული კომპანია „ეი-იეს-თელასი“ საქართველოდან წასვლას აპირებს და ეს ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

ვაშინგტონის შემდეგ სააკაშვილი მოსკოვს ეწვია, სადაც იმ დეპუტატებს შეხვდა, რომლებმაც საქართველოს დაბომბვის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ის ესაუბრა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილეებს, ირინა ხაკამადას, ვლადიმირ ლუკინს, ასევე შეხვდა გრიგორი იავლინსკის.

ქართველმა დეპუტატმა რადიოსადგურ „ეხო მოსკვიში“ პრეს-კონფერენციაც კი გამართა, სადაც განაცხადა, რომ თუ რუსეთი თავს დაესხმება საქართველოს, ქართველი ერი, მათ შორის ოპოზიცია, იარაღს აიღებს ხელში და ქვეყნის დასაცავად იბრძოლებს. მანვე განაცხადა, რომ საქართველოში შიდა დესტაბილიზაციას რუსეთი ვერ შეძლებს და არჩევნები საქართველოში კონსტიტუციით დადგენილ ვადებში უნდა ჩატარდეს.

საქართველოში ეს განცხადება ისე აღითქვეს, რომ სააკაშვილი თავის ლოზუნგებს ცვლის და შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე მისი დარჩენის მომხრეა. სააკაშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციის შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ უცხო ქვეყნების წარმომადგენელთა მცდელობაზე, რომ საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებას დაუჭირონ მხარი, ოპოზიცია არ უნდა წამოეგოს და ეს დამღუპველი იქნება ქვეყნისათვის.