სააკაშვილმა მიწისძვრით დაზარალებულები მოატყუა

სააკაშვილმა მიწისძვრით დაზარალებულები მოატყუა

სააკაშვილმა მიწისძვრით დაზარალებულებს სიურპრიზი მოუმზადა. აღარც ახალი ბინების მიღებას უნდა ელოდონ და აღარც გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარებას - დაზარალებულებისთვის გამოყოფილ ფულს გაანაწილებენ. ვის რამდენი შეხვდება და როგორ განაწილდება ფული? ამ საკითხთან დაკავშირებით „ალია“ საკრებულოს თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა:

როგორ ფიქრობთ, მთავრობა დაგთანხმდებათ, ეს ოთხი მილიონი ასე დარიგდეს?

- გადაწყვეტილებას საკრებულოს დონეზე მივიღებთ. არ არსებობს, ამაზე უარი გვითხრან.

 ვის რამდენი უნდა მისცეთ, ამას როგორ გაარკვევთ?

- შექმნან თვითონ მიწისძვრის კომიტეტები. მე-3 კატეგორიას მისცენ 2 ათასი ლარი, მეორე კატეგორიას 1000 ლარი. პირველ კატეგორიას - 500. ეს კრიტერიუმები თავად შეარჩიონ. აქ მთავარია, ჩვენ ფოსტალიონის როლი შევასრულოთ, უზრუნველვყოთ, რომ ეს თანხა ყველამ მიიღოს.

ამ ფულს გადასცემთ, დროებით გააჩუმებთ და შემდეგში შეიძლება მოვიდეს მთავრობა, რომელიც...

- ნორმალური მთავრობა, რომელიც დაიწყებს მშენებლობას... მშენებლობას 40 მილიონი უნდა...

ნორმალურ მთავრობაში საკუთარ თავს ხომ არ გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა, ჩემს თავსაც ვგულისხმობ. ყველგვარი თავმდაბლობის გარეშე, მთავრობაში რომ ვიყო, ამ ორმოცი მილიონის მოძიებას აუცილებლად შევძლებდი.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ მიზერული თანხების დარიგებით, ხალხს უბრალოდ თავიდან იცილებთ.

- პირიქით, ამ ხალხთან ერთად წავართმევთ ფულს მთავრობას, მარტო ჩემი არ ეშინიათ.

სულ სხვანაირად „ჭიკჭიკებს“ ლეიბორისტი გიორგი გუგავა:

7 მილიონ 900 ათასში რა თანხები იგულისხმება?

- ტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები და ფონდში დარჩენილი 900 ათასი.

მაშინ სააკაშვილი რატომ არის ამ თანხის არარსებობაში დარწმუნებული?

- სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს პასუხისმგებლობიდან გაქცევის შესანიშნავი მეთოდები აქვთ. მოქალაქეთა კავშირის მენტალობა ასე ადვილად ვერ შეიცვლება. ბატონ სააკაშვილს შევახსენებ, წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ მიწისძვრასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებდნენ, რატომ არ აგვარებენ? დამტკიცებულ ბიუჯეტში თავიანთი საკეთილდღეო პროგრამები დააფინანსეს და საკუთარ ჯიბეებს ისქელებენ.

ასე მრავლობითში საუბარს, სჯობს, რაიმე კონკრეტული ფაქტი მითხრათ.

- კონკრეტულს გეტყვით, კი, ბატონო, მარტო საოფისე ხარჯებისთვის 11 მილიონი ლარი გამოყვეს. აქედან ხელფასს სამ მილიონამდე ლარი უკავია. გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, საოფისე ხარჯები 3 მილიონით გაზარდეს. უზარმაზარი თანხაა ჩადებული, ლტოლვილების ბაგირგადაყვანისთვის, თითქოს, რაც საქართველოში დევნილია, ყოველდღე მაღლივ კორპუსთან საბაგირო გზით მოძრაობს, კიდევ უმუშევართა გადამზადების და მონიტორინგის პროგრამები, მოკლედ, ათასი სისულელე, საიდანაც გამორჩენა შეიძლება. ქალაქის ბიუჯეტში 200 მილიონია, მაგრამ ამათ მადა აქვთ ისეთი...

ისე, ფონდში 4 მილიონი იყო გათვალისწინებული...

- მაგრამ შეახრამუნეს.

რას ჰქვია - შეახრამუნეს, ვინ შეახრამუნა?

- ვინც კურირებს, გვარებს ვერ გეტყვით, ამას პროკურატურა იკვლევს. ისე, საზოგადოებისთვისაც ცნობილია.

თუ საზოგადოებისთვისაც ცნობილია, თქვენც თქვით.

- არ მინდა, ამის ინიციატივა ჩემგან წამოვიდეს. პროკურატურა გამოიძიებს და გაარკვევს ყველაფერს.

3 მილიონს საკრებულო რატომ არ აღიარებს?

- იმიტომ, რომ ისევ მათ კეთილდღეობას მოაკლდება. შევარდნაძის ფრთებქვეშ გამოზრდილი ბარტყები არიან და მის კურსს ატარებენ. ისე, ორი სახის პასუხისმგებლობა არსებობს: ერთი - პოლიტიკური, როცა დაიხურავ ქუდს და წახვალ, მეორე - სამართლებრივი, როცა საქმეს პროკურატურა გამოიძიებს და ორთაჭალის ციხეებში შეგაბრძანებს.

თქვენ ფიქრობთ, სააკაშვილსაც იგივე ემუქრება?

- ეგენი რომ ხელისუფლებაში იყვნენ, იმ დროიდან საქართველოს 2 მილიარდ ნახევარი აქვს ვალი, ჩვენი შვილების გადასახდელი.