ივნის-ივლისში საქართველოდან 4100 ტონამდე ქართული ხილ-ბოსტნეული გავიდა

ივნის-ივლისში საქართველოდან 4100 ტონამდე ქართული ხილ-ბოსტნეული გავიდა

მიმდინარე წლის ივნის-ივლისში საქართველოდან რუსეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და ინგლისში ექსპორტირებულია 2 551 ტონა ხილი და 1 532 ტონა ბოსტნეული. აქტიურ ფაზაშია ქართული ატმისა და სხვა ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში. დღევანდელი მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე გასულია 1810,5 ტონა ხილ-ბოსტნეული. მათ შორის:  725 ტონა ატამი, 944 ტონა  ვაშლატამა, 36 ტონა ბალი, 26 ტონა მოცვი, 18,5 ტონა პომიდორი, 61 ტონა საადრეო კარტოფილი.

ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტიორებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ  ერთი  ფანჯრის პრინციპით და ერთ ადგილას აიღონ ექსპორტის განსახორციელებლად საჭირო ყველა საბუთი, მათ შორის, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო.

ამ მიზნით, საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში, ძირითადად კი კახეთის მხარეში მობილიზებულნი არიან სააგენტოს სპეციალისტები, რომლებიც საექსპორტო ტვირთების ფორმირების პროცესში ახორციელებენ ფიტოსანიტარიულ კონტროლს და მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ გასცემენ შესაბამის სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ ქართული პროდუქტი არ შეიცავს საკარანტინო მავნებლებსა და დაავადებებს.