2003 წლის რევოლუციის დაწყების გეგმა და მოქმედების სქემა

2003 წლის რევოლუციის დაწყების გეგმა და მოქმედების სქემა

(იბეჭდება შემოკლებით)

დღეს თქვენ სხვა საქართველოში გაიღვიძებთ. რევოლუცია დაიწყო. ქუჩები ოციანი წლების დასაწყისს დაემსგავსება: ფერადი დროშები, საპროტესტო პლაკატები, სურათები და რა თქმა უნდა, ქუჩაში გამოსული უამრავი ხალხი.

ამ მოძრაობას ლიდერებიც ჰყავს - ოპოზიციური პარტიების ლიდერები. თუმცა, ეს ცოტა თამამი განაცხადია. მშვიდობიან აქციაში მხოლოდ სამი ძირითადი პარტია გამოვა: „ახლები“, გაერთიანებული დემოკრატები და ნაციონალები. რევოლუციური შოუ პირდაპირ პარლამენტის შენობის წინ არ დაიწყება. „ახლები“ ოპერის წინ შეიკრიბებიან, ნაციონალები - რესპუბლიკის მოედანზე, დემოკრატები კი - „რუსთაველის“ მეტროსთან. თითოეულ პარტიას წამყვანი ლოზუნგები და ფრაზები ექნებათ. ძირითადი მოთხოვნები სამართლიანი არჩევნები და აფხაზეთი იქნება. დემოკრატების ერთ-ერთ პლაკატს ეწერება: „ძირს შევარდნაძის ცკ“. სიტყვა „კმარა“ არც ერთი პარტიის ლოზუნგზე გამოყენებული არ იქნება. ამ სიტყვას მოძრაობა „კმარა“ გამოიყენებს. დაახლოებით ასეთი ჟღერადობით: კმარა გაყალბება, კმარა კორუფცია და ასე შემდეგ. სტუდენტები უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან.

პარლამენტის შენობისკენ პოლიტიკური პარტიები და სტუდენტური მოძრაობა კოლონებად რიგ-რიგობით დაიძრებიან და ერთმანეთს შეუერთდებიან. თითქოს ყველაფერი დაგეგმილი, მოლაპარაკებული და შეთანხმებულია. არსებობს მხოლოდ ერთი „მაგრამ“, რომლის გაგრძელებაც ნაციონალური მოძრაობაა. სააკაშვილი, ალბათ, საკუთარი ორიგინალობის დემონსტრირებას შეეცდება. ეს უბრალოდ, მისი სტილია. ნოემბრის აქციებს ის, მაგალითად გამორჩა. უფრო სწორად - შეაგვიანდა. უცხოეთში „გაიჭედა“. რევოლუციას კინაღამ გამორჩა. მაგრამ ჩამოუსწრო და შეკრებილებს მოგვიანებით შეუერთდა. დაგვიანებულ სააკაშვილს, როგორც სუფრაზე დაგვიანებულს განსხვავებულად შეხვდნენ. ეს ემოცია სააკაშვილს, ალბათ, დღემდე ესმის. ხალხი ტაშს უკრავდა, უსტვენდა, ყვიროდა...

ის დღესაც შეეცდება, ასეთი განსხვავებული იყოს, რომ დაფიქსირდეს, რამდენად სხვანაირად უყვართ ის, ვიდრე დანარჩენები ცალ-ცალკე ან თუნდაც ერთად აღებული. მიხეილი ყოველთვის ცდილობს, გამოირჩეოდეს... ეს მისი სტილია. მისი პარტნიორები ცდილობენ, აღარ შეიმჩნიონ დიდი რევოლუციონერის რევოლუციური ვნებები. ამიტომაც სააკაშვილი შეეცდება, გეგმას გადაუხვიოს და ნაციონალურად იმოძრაოს...

ოპოზიციის ლიდერები თავს ცენტრში მოიყრიან. იქ, სადაც თავის დროზე ეროვნული მოძრაობის ლიდერები იდგნენ, ზვიად გამსახურდიათი დაწყებული, გია ჭანტურიათი დამთავრებული. ისინი მაშინ თავისუფალი არჩევანის უფლებასა და საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. და ახლა, უკვე ცამეტი წლის შემდეგ, არაფერი შეცვლილა. ჩვენ მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ. სიტყვით გამოვა ყველა ოპოზიციური ლიდერი. მათ პარლამენტის შენობიდან ნინო ბურჯანაძეც შეუერთდება. მიტინგს ჟვანიას ახალი ფავორიტი - გოკა გაბაშვილი წაიყვანს. ის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური „დიჯეი“ იქნება.

მაგრამ ახლა მთავარია, რამდენად მშვიდობიანი იქნება ეს აქცია? ოპოზიცია წინასწარ აფიქსირებდა, მხოლოდ მშვიდობიანი იქნებაო. თუმცა გუშინვე დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები ხელისუფლების მხრიდან. ანუ, არ არის გამორიცხული, რეგიონებიდან ხელისუფლების მომხრეებიც ჩამოვიდნენ და მეორე ფრონტი გახსნან. 90-იანი წლების ტრაგედიაც ამით დაიწყო. „ახლების“ ლიდერმა კომუნისტური მეთოდები ახსენა. ეს კი არც დაპატიმრებას გამორიცხავდა. სხვათა შორის, სანამ გამყრელიძე პროვოკაციებზე საუბრობდა, რჩეულიშვილი ჟვანიას კრიმინალური ჯგუფის დაპატიმრებას მოითხოვდა. ისე, სოცლიდერმა თავი რომ უფრო მშვიდად იგრძნოს, არ არის გამორიცხული, სიკვდილით დასჯის აღდგენაც რომ მოითხოვოს.

ოპოზიცია პროვოკაციებისთვის ემზადება. დღეს აქციაზე შეიძლება მანანა არჩვაძე და იგორ გიორგაძის ხალხიც გამოჩნდეს. რას იზამს მაშინ ოპოზიცია? ადგილობრივი არჩევნების წინ ცკ-ს წინ ხანმოკლე ტროას ომი გაიმართა. იქ, როგორც ოპოზიცია აცხადებს, მამალაძის შეიარაღებული ხალხიც კი გამოჩნდა. მათ იარაღი დეპუტატებს მიუშვირეს და შენობაში არ უშვებდნენ. გამოჩნდება თუ არა მშვიდობიან მიტინგზე იარაღი? არ არის გამორიცხული, აქეთ-იქიდან შეურაცხმყოფელი ფრაზებიც გაისმას, რომელსაც დადგმული ან სულაც გულწრფელი დაპირისპირება და მუშტი-კრივი მოჰყვება. მერე კი პროცესები არავინ იცის, როგორ წარიმართება. სამაგიეროდ, ხელისუფლება უწყინარ პოზას მიიღებს და იკითხავს: ეს არის საქართველოს ხსნა, ამათ გინდათ, მიჰყვეთ?

როგორ მოიქცევა კანცელარია? ახლა შესაძლო ვერსიებზე ისინიც მუშაობენ. ვინ გამოჩნდება ხალხში. შევარდნაძე, ჯორბენაძე თუ კიდევ ვიღაც სხვა? ისე, ხელისუფლება შეიძლება ციხის შიგნიდან გატეხვასაც ელოდება.

ჯერ კიდევ გუშინ მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლებოდა. დილით შევარდნაძე კანცელარიაში ბრიფინგს აწყობდა: ვის გაუგია ქუჩაში გამოსვლა და საარჩევნო კოდექსის ქუჩაში დაწერაო.

ერთი საათის შემდეგ ერთიანი ოპოზიცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ნეიტრალურ ზონაში, ერთმანეთს ხვდება და საკოორდინაციო საბჭოს შექმნაზე საუბრობს. პირველი სიურპრიზი სააკაშვილმა მათ აქ მოუწყო. ის შეხვედრაზე არ მივიდა. მოგვიანებით ის მოულოდნელად საკრებულოში ჯორბენაძესთან ერთად გამოჩნდა და კომპრომისზე ალაპარაკდა. ოპოზიცია დაიბნა. მორიგი შეკრება მათ „ახლების“ ოფისში დანიშნეს. სააკაშვილი იქ დაიბარეს და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს. შემდეგ ყველამ ერთად საკრებულოში გადაინაცვლა. ჯორბენაძეც იქ დაიბარეს.

სააკაშვილს უნდოდა ეჩვენებინა, რომ პარლამენტისგან განსხვავებით, პირადად ის არც დამბლადაცემულია და არც უქნარა. ანუ, რაც ვერ შეძლო პარლამენტმა - მოლაპარაკება და შეთანხმება - მოახერხა ერთმა სააკაშვილმა. მაგრამ კანცელარიამ დაამტკიცა, რომ საოცრებები არავის კაბინეტში არ შეიძლება მოხდეს. თუმცა, სააკაშვილს საკუთარი თავის მიმართ ისეთივე მკაცრი ეპითეტები არ უსვრია. ჯორბენაძემ კი ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგაც თქვა, ყველანაირ დათმობებზე წავალთო და ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგაც. მაგრამ, როცა კანცელარიაში გადაინაცვლა, ყველაფერი შეიცვალა და თავდაყირა დადგა.

პარალელურად, გაცხარდნენ ისინი, ვინც თავი თამაშგარე მდგომარეობაში იგრძნო. ანუ, „ლეიბორისტები“, „აღორძინება“ და „მრეწველები“. თითოეულ მათგანს ოპოზიცია ხელისუფლებასთან ალიანსში სდებს ბრალს. შალვა ნათელაშვილმა მოვლენებს დაასწრო და აღელვების ფონზე საქართველოს ძველი და ახალი სმკ-ს შეერთება აუწყა და მერე „მოულოცა.“ საღამოს კი მას მოუწია ეღიარებინა, რომ არავითარი გარიგება და მით უმეტეს, შერიგება არ მომხდარა.

მოკლედ, დღეს თქვენ სხვა საქართველოში გაიღვიძებთ. მზად იყავით რევოლუციისთვის და დაელოდეთ სააკაშვილის სიურპრიზებს.