ოთარ დანელია მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პიტერ გუდმანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის ეგიდით განსახორციელებელი „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ განიხილეს. როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პიტერ გუდმანმა აღნიშნა, პროექტი უკვე დამტკიცებულია მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ. „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ მოიცავს ორ კომპონენტს: საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია და მიწის ბაზრის განვითარება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში საწყის ეტაპზე დაგეგმილია ქვემო სამგორის, ზედა რუს და ტბისი კუმისის სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია. „უახლოეს მომავალში დავასრულებთ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. ამავე კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია საირიგაციო სტრატეგიის შემუშავება და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისთვის ამ მიმართულებით ტექნიკური დახმარების გაწევა.