შალვა  ფიფია  სემინარს თემაზე „ქართული აგროწარმოების მომავალი“ დაესწრო

შალვა ფიფია სემინარს თემაზე „ქართული აგროწარმოების მომავალი“ დაესწრო

ევროპის სამეზობლო პროგრამა აგროწარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ორგანიზებით,  კაჭრეთში სასტუმროში ,,ამბასადორი“  ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი თემაზე „ქართული აგროწარმოების მომავალი“  გაიმართა.  სემინარს  სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხუან ხოსე ეჩანოვე, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და   ENPARD-ის  ოთხი ძირითადი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სემინარზე შალვა ფიფიამ სოფლის მეურნეობის  განვითარების 2014-2020 წლების   სტრატეგიაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სტრატეგია  7 ძირითად მიმართულებას  მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხია  სურსათის უვნებლობა და  ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფის უსაფრთხოება.  მინისტრმა  სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა.

,,ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის დარგი პრიორიტეტად გამოაცხადა. დავიწყეთ სისტემური ცვლილებების განხორციელება, რათა შევძლოთ დარგის მაქსიმალურად მოკლე დროში განვითარება. ბოლო პერიოდში, სახელმწიფოს ხელშეწყობით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.  მას შემდეგ, რაც  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გაფორმდა,  ჩვენი ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა.    ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება ქართველ მწარმოებლებს საშუალებას აძლევს  საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ. ამისათვის საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მაღალი სტანდარტის, ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. ეს ეტაპობრივი პროცესია და ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის  ატაშემ ხუან ხოსე ეჩანოვემ  ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა  იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.