გასული კვირის ბოლოს, სემეკთან არსებულმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" კახეთის გზატკეცილზე - რკინიგზის ჩიხის N20-ში მცხოვრებთა პრობლემაზე რეაგირება და შემჭიდროვებულ ვადაში მისი აღმოფხვრა მხოლოდ ენერგოომბუდსმენისა და მისი სამსახურის რეკომენდაციის შემდეგ მოახდინა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანია ენერგოომბუდსმენის ე.წ. ჩარევის გარეშე პრობლემის აღმოსაფხვრელად სათანადო ტექნიკური რეგლამენტით იმოქმედებდა, რადგან წყალსადენის ქსელზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის დრო დამოკიდებულია დაზიანების ტიპზე, მის ხარისხზე, მასშტაბსა და დღის განმავლობაში შესასრულებელი გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების რიგითობაზე.
რეალურად, ვითარება მდგომარეობდა შემდეგში: კახეთის გზატკეცილზე - რკინიგზის ჩიხის N20-ის მცხოვრებთაგან სასმელი წყლის მილის დაზიანების შესახებ შეტყობინება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცხელ ხაზზე 8 ივლისს, საღამოს, 18:14 საათზე შემოვიდა. პრობლემის დაფიქსირებიდან 1 საათში კომპანიის სადისპეტჩერო სამსახურის სპეციალისტებმა, სადიაგნოსტიკო ჯგუფთან ერთად, ავარიის ადგილზე ჩაატარეს მოკვლევის სამუშაოები - დაადგინეს დაზიანების ტიპი და მისი ხარისხი. დაზიანებული აღმოჩნდა წყალსადენის ორი - 90 მმ-იანი და 63 მმ-იანი მილი, რომლებიც რკინიგზის ჩიხის მიმდებარედ, ხევზე გადებული ხიდის ქვეშ გადის. ორივე მილის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მათი დაზიანება გარეგანი ფიზიკური ზემოქმედების გარეშე შეუძლებელი იყო, შესაძლოა ეს იყო კიდეც კომპანიის ქსელების განზრახ დაზიანების შემთხვევა. იმის გამო, რომ მილები ჰაერში, ხიდის ქვეშ გადის, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 9 ივლისს, დილისთვის გადაიდო. ღამის განმავლობაში წყალმომარაგება შეწყვეტილი ჰქონდა მხოლოდ რკინიგზის ჩიხის N20-ს. შესაბამისად, მეორე დღესვე, კომპანიის საავარიო ბრიგადამ ჩაატარა დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები, სადისპეტჩერო სამსახურმა კი, თავის მხრივ, წყალმომარაგების შეწყვეტა მაქსიმალურად მცირე არეალისთვის უზრუნველყო, იმის მიუხედავად, რომ აუცილებელი გახდა 600 მმ-იანი მაგისტრალური ქსელის გამორთვა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ პრობლემაზე, რომელიც მას მოქალაქეთა შეტყობინების საფუძველზე მიეწოდება, ოპერატიულად რეაგირებს და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, უზრუნველყოფს ყველა საჭირო ტექნიკური ოპერაციის ჩატარებას, რადგან სწორედ მომხმარებლის კმაყოფილების მიღწევაა კომპანიის მთავარი მიზანი. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მზად არის, გაითვალისწინოს ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციები, თუმცა, თავის მხრივ, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს ასევე რეკომენდაციით მიმართავს, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, გავრცელებამდე ინფორმაცია ყოველთვის დააზუსტოს კომპანიის შესაბამის სამსახურებთან.