საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარების მიზნით, საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ასოციაცია „ქართული ღვინის“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი.
„შეხვედრის მიზანია რთველის სწორად დაგეგმვა, რათა იგი წარმატებულად ჩატარდეს. ყურძნის მოსავალთან დაკავშირებით, წელს მოლოდონი საკმაოდ კარგი გვაქვს. წინასწარი მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით მეტ მოსავალს ველოდებით. სასიამოვნოა, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია ღვინის ექსპორტიც. წელს, მოთხოვნა გაიზარდა თეთრ ყურძენზე. რაც შეეხება წითელ ყურძენზე მოთხოვნას, სავარაუდოდ ის 2-ჯერ მეტია ვიდრე მოსავალი. შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ არსებული სიტუაცია მოგვცემს საშუალებას რთველი კარგად ჩატარდეს. ჩვენი მიდგომაა, რომ ამ პროცესში ძირითადი მოთამაშე იყოს კერძო სექტორი და არა სახელმწიფო. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო პროცესის სწორად წარმართვისათვის. მევენახეებისთვის შეიქმნება რთველის ისეთი პირობები, რაც მათ სტიმულს მისცემს დამატებით ფართობებზე ვენახები გააშენონ“, - განაცხადა შალვა ფიფიამ შეხვედრაზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2013 წლის რთველის მსგავსად, მიმდინარე წელსაც გამოყოფილი იქნება საკრედიტო რესურსი და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ შეღავათიანი სესხებით. წინასწარი ინფორმაციით, სუბსიდირების სისტემაც შენრჩუნებული იქნება.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რთველის საკოორდინაციო შტაბი კვლავ გურჯაანის რაიონში განთავსება.
„რთველის შტაბი 20 აგვისტოდან ოფიციალურად გაიხსნება და ნებისმიერ საკითხზე უფრო ინტენსიური კომუნიკაცია გვექნება. ყველა საწარმოში იქნება ჩვენი ოპერატორი და ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა კომპიტერული პროგრამით განხორცილდება. მეწარმეებს შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. მოხდება სუბსიდირებაც. 2014 წლის რთველი ხარისხზე ორიენტირებული იქნება “, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრა, რომელსაც 80-მდე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.