საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იაირ შამირმა და ისრაელის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან დავით გალეგაშვილთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი მღებრიშვილთან და საქართველოში ისრაელის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ამიერკავკასიაში უმსხვილესი შპს ,,ჩირინა"-ს მეფრინველეობის კომპლექსი დაათვალიერეს.
,,ბოლო პერიოდში, სოფლის მეურნეობა ქვეყანაში რეალური პრიორიტეტი გახდა. სახელმწიფოს ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების შედეგად, სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია კომპანია „ჩირინა“, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და დღეისათვის 250 ადამიანია დასაქმებული. კომპანიამ მთლიანობაში 100 მლნ-მდე ინვესტიცია განახორციელა და ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და საერთაშორისო სტადარტის საწარმოო კომპლექსი შექმნა”, - განაცხადა დავით გალეგაშვილმა.
ამ ეტაპზე ,,ჩირინა“ 6000 ტონა ხორცს აწარმოებს და 2014 წლის ბოლომდე წარმოების გაორმაგებას გეგმავს. კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტშიც არის ჩართული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებსა და ისრაელის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შპს ,,ჩირინას“ ხელმძღვანელებმა კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს. ,,ჩირინა“ ამიერკავკასიაში უმსხვილესი მეფრინველეობის კომპლექსია, რომელიც მთლიანად ეფუძნება ევროპულ წამყვან ტექნოლოგიებს. მისი ერთ-ერთი პარტნიორია ისრაელის წამყვანი კომპანია AgroTop, რომლის დახმარებითაც დაიგეგმა და აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების ფერმები.
მეფრინველეობის კომპლექსის მონახულებით ისრაელის სამთავრობი დელეგაციის საქართველოში ვიზიტი დასრულდა. დელეგაცია, რომელსაც ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი იაირ შამირი ხელმძღვანელობდა, საქართველოში სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას ოფიციალური მოწვევით იმყოფებოდა. ვიზიტს ფარგლებში საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში შეთანხმება გაფორმდა, ჩატარდა ბიზნესფორუმი ,,საქართველო-ისრაელის ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები სოფლის მეურნეობაში“. იაირ შამირმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრებთან.