სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტარი გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ხუდონჰესის პროექტის განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, კულტურული მემკვიდრეობასა და ტრადიციებს საფრთხე არ უნდა შეექმნას.
"ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ენერგეტიკა მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ახალი ინდუსტრიისა და საწარმოების ამუშავებისთვის გვქონდეს რეალური სიმძლავრეები. იმავდროულად, ეს მოიტანს შემოსავლებს, რომელიც ისევ და ისევ მოხმარდება ახალი საწარმოები გახსნას. თუ ჩვენ ახალი საწარმოები არ გავხსენით და ინდუსტრიას მხარი არ დავუჭირეთ, ქვეყანა მუდმივად იქნება პერიფერიულ, ჩამორჩენილ, სტაგნაციურ მდგომარეობაში. ჩვენი ეკონომიკის 3 თუ 5 პროცენტიანი ზრდა ამას არ უშველის. ჩვენ ეკონომიკის ზრდის გარღვევა უნდა განვახორციელოთ და ეს უნდა იყოს მინიმუმ ორნიშნა ციფრი. ცხადია ამის მიღწევა შეუძლებელია მხოლოდ ენერგეტიკით. მაგრამ, ენერგეტიკა ამის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ყველა საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ გავაკეთოთ ისე, რომ არ დაირღვეს ეკოლოგიური, კულტურული, დემოგრაფიული და ტრადიციული წესრიგი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.
რამდენადაც მე ვიცი, ექსპერტების უმრავლესობა ამბობს, რომ ხუდონჰესი არის სერიოზული პოტენციალი, რომელიც ძნელად შეიძლება სხვა რამეთი შეიცვალოს, ანუ მცირე ჰესებით და ა.შ. " - განაცხადა ჟორჟოლიანმა.