ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის”, კერძოდ ბატონი გიგი უგულავას მიერ მედიასაშუალებებში გაკეთებულ საჯარო განცხადებას და აღნიშნავს, რომ მის მიერ გაკეთებული შეფასებები და მოთხოვნა სცილდება საკანონმდებლო ჩარჩოებს; აქედან გამომდინარე, მივმართავთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომ მეტი კომპეტენცია და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ საარჩევნო საკითხებზე მსჯელობისას და არ შეაფასონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნა არ წარმოადგენს ცესკოს თავმჯდომარის კომპეტენციას და არ არის დამოკიდებული კომისიის მოქნილობაზე. ცალსახად განვმარტავთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნების მეორე ტურის თარიღი, გამოცხადდება შემაჯამებელი ოქმის მიღების და ყველა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ.
საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში და შესაბამისად ვერცერთი პოლიტიკური ძალა ან მათი განცხადებები ვერ იქონიებს გავლენას ცესკოს გადაწყვეტილებებზე.