თბილისში ღვინისა  და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა ,,WinExpo  Georgia 2014” გაიხსნა

თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა ,,WinExpo Georgia 2014” გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-7 საერთაშორისო გამოფენა გახსნა. ,,WinExpo Georgia 2014” 6-8 ივნისს  საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯია“ და ღვინის ეროვნული  სააგენტოს  ორგანიზებით   იმართება. გამოფენის მხარდამჭერები არიან  სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ასოციაცია ქართული ღვინო.

წელს, გამოფენაზე  საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას საქართველოდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ბულგარეთიდან და ჩინეთიდან 70-მდე კომპანია წარმოადგენს.   ,,WinExpo Georgia 2014” - ზე წარმოდგენილი იქნება როგორც საუკეთესო ქართული ღვინო, ასევე ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.  გამოფენის სტუმრები  გაეცნობიან  ღვინის ტურიზმის მიმართულებით არსებულ შეთავაზებებსაც.  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი მსხვილი ქართული კომპანიების გვერდით, წარმოდგენილი იქნება მცირე და ოჯახური მარნების პროდუქცია. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ბოთლისა და ქვევრის ღვინის ნაირსახეობები.

,,მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ვაზის 500-ზე მეტი უნიკალური ქართული ჯიში დღემდეა შემონახული. ღვინის დაყენებას კი, რვაათასწლიან უწყვეტი ისტორია აქვს. არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ აღვნიშნო იუნესკოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.  მოგეხსენებათ, ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობისა და პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა. ეს  მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება დღეს, როდესაც უკვე ცნობილია, რომ საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დაბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო გამოფენის ყველა ორგანიზატორს, მონაწილეს და სტუმრებს განსაკუთრებული ინტერესისთვის და მობრძანებისთვის”, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

გამოფენის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, ქართული ღვინის საპატიო ელჩი  შალვა ხეცურიანი.

,,WinExpo Georgia 2014”-ის ფარგლებში საქართველოს სომელიეთა ასოციაცია  ჟურნალის ,,ღვინო“ პრეზენტაციას გამართავს; ჩატარდება ქართული ღვინის მასტერკლასი და გაიმართება დეგუსტაცია; ღვინის თემაზე მომუშავე უცხოელი ჟურნალისტებისა და ბაიერებისთვის  კახეთის რეგიონში ღვინის ტურები მოეწყობა;

გამოფენის ფარგლებში გაიმართება სესია, სადაც მსოფლიოს წამყვანი ღვინის ჭიქების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია RIEDEL-ის მფლობელი გეორგ რიდელი ქართველ მეღვინეებთან, სომელიებთან და ექსპერტებთან ერთად,  საფერავის ექსკლუზიურ ღვინის ჭიქას შეარჩევს. გეორგ რიდელის წარმოებაში საფერავის ღვინის ჭიქის გამოჩენა ქართული ღვინის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს და ხაზს უსვამს საფერავის გამორჩეულობას. რიდელის ვიზიტი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მასშტაბური მნიშვნელობისაა, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ქართული ღვინის, კერძოდ საფერავის ცნობადობის ამაღლებას.

WinExpo Georgia 2014 - ში მონაწილე კომპანიებს საშუალება მიეცემათ შეხვედრები გამართონ ბაიერებთან, საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან, სომელიეებთან, ღვინის ექსპერტებთან, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებთან. გამოფენის ფარგლებში ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტებით, გაიმართება ღვინის მე-6 საერთაშორისო კონკურსი (6-th International Wine Award), რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც იქნებიან ქართველი და უცხოელი საერთაშორისო ექსპერტები, მაგისტრები და ღვინის სპეციალისტები. კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს, 7 ივნისს საზეიმო მიღებაზე მედლები და დიპლომები გადაეცემათ.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა, თბილისში ყოველწლიურად იმართება. გამოფენის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, მევენახეობა-მღევინეობის დარგში მსოფლიო სიახლეების გაცნობა. აღნიშნული გამოფენა  მეწარმეებსა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შორის  საჭირო ბიზნეს კავშირების დამყარების კარგი საშუალებაა.