„ქართული პროდუქცია ხვალ ევროპულ ბაზარზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს...“
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში „EUGBC ექსპო და ეკონომიკური ფოტოგამოფენა" გაიმართა, რომელშიც ოცდაათამდე ქართულმა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია და ფოტოექსპოზიცია წარმოადგინა. გამოფენა ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) ორგანიზებით მოეწყო და მიზნად ისახავდა საქართველოში მოქმედი ბიზნესკომპანიების საქმიანობის აქტიურ წარმოჩენას ევროპულ ქვეყნებში. მნიშვნელოვანია, რომ EUGBC გეგმავს 2014-2017 წლებში მოაწყოს ექსპო და ფოტოგამოფენა ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც.
საკუთარი პროდუქცია და ფოტოექსპოზიცია წარმოადგინა „მარნეულის სასურსათო ქარხანამ“ და „წყალი მარგებელმა“, რომელთა კუთხე განოფენაზე ერთ-ერთი თვალსაჩინო იყო.
გამოფენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გახსნა:
„დარწმუნებული ვარ, აქ გამოფენილი ქართული პროდუქცია ხვალ ევროპულ ბაზარზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს. ზოგ მათგანს უკვე დაკავებულიც აქვს და კიდევ უფრო გაფართოვდება. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაციის შემდეგ გაცილებით მეტ მეწარმეს ექნება შესაძლებლობა ამ გაკვალულ გზას გაყვეს. ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციას და ეკონომიკურ წინსვლას" - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
გამოფენას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, პარლამენტის, ქართული და ევროპული ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ „მარგებელი ჰოლდინგის“ ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.