საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გენერალურ დირექტორს, დოქტორ ბერნარ ვალას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხები და საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო დროს ვეტერინარული მიმართულებით გატარებული ღონისძიებები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში ეპიზოოტიური სიტუაციის გაუმჯობესებას.
,,უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელდა თურქულის, ჯილეხის, ცოფის დაავადებებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ცხოველთა რამდენიმე მასშტაბური ვაქცინაცია. პირველი შედეგები სახეზეა. მკვეთრად არის შემცირებული ცხოველთა დაავადებები და აქედან გამოწვეული უარყოფითი შედეგები. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, გატარებული ღონისძიებები უფრო მეტ აქტუალობას იძენს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კონტექსტში, როდესაც საქართველოს ეძლევა შანსი თავისი პროდუქცია გაიტანოს ევროპის ბაზარზე.
შეხვედრაზე ბერნარდ ვალამ დადებითად შეაფასა საქართველოსა და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის ურთიერთობის გააქტიურება. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ოთარ დანელიამ და ბერნარ ვალამ უახლოეს მომავალში, საქართველოში OIE-ს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტის დეტალებიც განიხილეს.