რუსთაველის აკადემიურ თეატრში ფონდმა „ქართული გალობა“საზეიმო კონცერტი - „ქართული ხალხური სიმღერა - კაცობრიობის საგანძური“გამართა.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გალობისა და სიმღერის ცნობილმა გუნდებმა და შემსრულებლებმა. კონცერტი სააღდგომო საგალობლით - ”ქრისტე აღსდგა” გაიხსნა. ღონისძიებას მუსიკოსი გია ბაღაშვილი უძღვებოდა. მან დამსწრე საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს წერილი გააცნო, რომელიც ამავდროულად, ფონდის საპატიო პრეზიდენტია.
ფონდმა „ქართული გალობა“ გუშინ გამართულ ღონისძიებაზე ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და შემოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის გამორჩეულ ოსტატებს საზეიმო ვითარებაში ჯილდოები და ფულადი პრემიები გადასცა.
ნომინაციაში ქართული გალობის მოამაგე ლია სალაყაია დაჯილდოვდა, მას ფონდის სახელით ჯილდო, სიგელი და 2500 ლარი არქიმანდრიტმა იოანემ გადასცა.
ნომინაციაში თუშური სიმღერის მოამაგე ლელა თათარაიძე დაჯილდოვდა, რომელსაც ფონდის სახელით ჯოლდო, სიგელი და 2500 ლარი მისმა დამ, ეთერ თათარაიძემ გადასცა.
ნომინაციაში ახალი თაობა - ანსამბლი ”კვირია” დაჯილდოვდა. ანსამბლს ფონდის სახელით ჯილდო, სიგელი და ფულადი პრემია 3000 ლარი ანსამბლ ”ბასიანის” ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ გადასცა.
ნომინაციაში ქართული ხალხური სიმღერის ღვაწლმოსილი მოამაგე გომარ სიხარულიძე დაჯილდოვდა. იგი საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც, ფონდის სახელით ჯილდო, სიგელი და ფულადი პრემია 2500 ლარი ანზორ ერქომაიშვილმა გომარ სიხარულიძის ვაჟს გადასცა.
ნომინაციაში სვანური სიმღერის მოამაგე გელა გუგავა დაჯილდოვდა. მას ფონდის სახელით ჯილდო, სიგელი და ფულადი პრემია 2500 ლარი, ფონდის პრეზიდენტმა ვანო ჩხარტიშვილმა გადასცა.
ნომინაციაში საუკუნის ქორეოგრაფი რეზო ჭოხონელიძე დაჯილდოვდა. მას ფონდის სახელით ჯილდო, სიგელი და ფულადი პრემია 5000 ლარი პიანისტმა ლექსო თორაძემ გადასცა.
საღამოზე ფონდის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა ვიდეო რგოლით შეაჯამეს. შესრულდა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.
ფონდი “ქართული გალობა” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა, რომელიც წლებია ხელს უწყობს ტრადიციული გალობისა და სიმღერის პოპულარიზაციას. ფონდი „ქართული გალობის“ პირველი ღონისძიება - დაფუძნებისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა გასული წლის 11 ივნისს, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული იყვნენ ქართული ტრადიციული შემოქმედების ყველაზე გამორჩეული ოსტატები. ფონდმა მათ საპატიო ჯილდოები და ფულადი პრემიები გადასცა.
ფონდის მიერ დაწესებული წოდება და ჯილდო გადაეცათ ფრიდონ სულაბერიძეს (საუკუნის მოცეკვავე), გური სიხარულიძეს (გურული სიმღერის მოამაგე), ტრისტან სიხარულიძეს(გურული სიმღერის მოამაგე), ისლამ (ეფთიმე) ფილფანს9სვანური სიმრერის მოამაგე), პოლიკარპე ხუბულავას(მეგრული სიმღერის მოამაგე), ანდრო სიმაშვილს(კახური სიმღერის მოამაგე), როსტომ გოგოლაძეს(რაჭული სიმღერის მოამაგე), მიხეილ კილოსანიძეს(, (ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის მემატიანე), რობერტ გოგოლაშვილს(ქართული ხალხური სიმღერის ღვაწლმოსილი მოამაგე), ჯემალ ჭკუასელს (ღვაწლმოსილი ლოტბარი), თემურ ქევხიშვილს (საუკუნის ხმა), ქედას ხალხური სიმღერის ანსამბლ „ელასას“ (ახალი თაობა), ანზორ ერქომაიშვილს (საუკუნის მოამაგე).
მაყურებელთა შეფასებით, ეს ბოლო წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი, რაც კი საქართველოში ჩატარებულა.