დიმიტრი ლორთქიფანიძე: ვპირდები თბილისში მაცხოვრებელ თითოეულ მოქალაქეს, რომ დავინტერესდები ყველა მათგანის პრობლემით და არ დავზოგავ ძალებს და ენერგიას მათ მოსაგვარებლად

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ვპირდები თბილისში მაცხოვრებელ თითოეულ მოქალაქეს, რომ დავინტერესდები ყველა მათგანის პრობლემით და არ დავზოგავ ძალებს და ენერგიას მათ მოსაგვარებლად

2014 წლის 21 მაისს კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებმა შალვა ოგბაიძემ და გიორგი საჯაიამ ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგს ესწრებოდნენ  უკანონო მშენებლობით დაზარალებული პირებიც. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა:

„მომავალი ადგილობრივი თვითთმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩვენ აქტიურად ვხვდებით მოქალაქეებს თბილისის ყველა უბანში, ვეცნობით მათ პრობლმებს, ვისმენთ მათ მოსაზრებებს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.

ამჯერად, თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო საბურთალოზე, ჟ. შარტავას #6-ში, 16 სართულიან სახლში მაცხოვრებლების პრობლემაზე. სამწუხაროდ ეს არ გახლავთ მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა, ასეთ პრობლემებს ჩვენ რეგულარულად ვაწყდებით თბილისის თითქმის ყველა უბანში. როგორც მათთან შეხვედრაზე გაირკვა, კორპუსის პირველი სართულის მიმდებარედ უკანონოდ შენდება შენობა-ნაგებობა. მშენებლობას ახორციელებს ამავე კორპუსში მცხოვრები მოქალაქე ირაკლი მოსულიშვილი. შეხვედრაზე კორპუსის მაცხოვრებლების მიერ გადმოგვცა მთელი რიგი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ირაკლი მოსულიშვილი მშენებლობას ახორციელებს სამშენებლო ნორმებისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით. კერძოდ, ჩვენ ხელთ გვაქვს:

  1. ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს 2014 წლის 14 მარტის #01/01/181 წერილი, რომლის თანახმადაც, ,,საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნების გაუთვალისწინებლად დაუშვებლად შევიწროვებულია მისასვლელი გზები, კორპუსზე მიშენებული და ეზოში განლაგებული ავტოფარეხებით, რაც სრულიად ზღუდავს სახანძრო ავტომანქანების მანევრირების საშუალებას...სადავო მაღაზიის მშენებლობა ყოვლად დაუშვებელია, ვინაიდან უფრო მეტად გაართულებს არსებულ მდგომარეობას“
  2. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 17 ივნისის #12/80813-13 წერილი, რომლითაც დგინდება, რომთბილისის არქიტექტურის სამსახურის #570 ბრძანებით, ირაკლი მოსულიშვილს უარი ეთქვა ქ. თბილისში შარტავას ქ. 6-ში მიწის ნაკვეთ #21/001-ზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მიშენებისთვის ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენაზე, რაც, თავისთავად გამორიცხავს, მშენებლობის ნებართვის გაცემას.
  3. თავად თბილისის არქიტექტურის სამსახურის #570 ბრძანება.
  4. შესაბამისი სფეროს სპეციალისტის (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების მიმართულების ხელმძღვანელის, ფროფესორ გ. ჭოხონელიძის) დასკვნა, რომლის თანახმადაც, ირაკლი მოსულიშვილის მიერ დაწყებული მშენებლობა საფრთხეს უქმნის საცხოვრებელი კორპუსის ფუძის მდგრადობას.

 

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე უკანონო მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ფლობს ყველა შესაბამისი სამსახური, საკითხზე დღემდე არ მომხდარა სათანადო რეაგირება.

მივმართავთ ქ. თბილისის მერიას, მის შესაბამის სამსახურებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით, გაატარონ სათანადო ღონისძიებები და მიიღონ შესაბამისი ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უშუალოდ ჩავერთვებით პრობლემის მოგვარებაში და ყველა კანონიერი გზით ვეცდებით, შევაჩეროთ უკანონო მშენებლობა.

 

მე ვპირდები თბილისში მაცხოვრებელ თითოეულ მოქალაქეს, რომ ჩვენ კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ დავინტერესდებით ყველა მათგანის პრობლემით და არ დავზოგავთ ძალებს და ენერგიას მათ მოსაგვარებლად. ჩვენ მოვაწესრიგებთ ამ ადამიანების პრობლემებს, ჩვენ მოვაწესრიგებთ თბილისს!“