"მინდა გითხრათ, რომ საქართველოში არსებობს ენერგოპრობლემა. თუ გვინდა ეკონომიკური განვითარება, ამას სერიოზული ენერგორესურსი სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც განებივრებული იქნება გაზით ან ნავთობით. ამიტომ, ჩვენთვის ყველაზე დიდი რესურსი ეს არის ჰიდრორესურსი, რა თქმა უნდა ამას მაქსიმალური გამოყენება სჭირდება." - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით საგანელიძე.
მისი თქმით, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც საქართველოში მოდის, პირველ რიგში ენერგო სიმძლავრეების ასაშენებლად მივმართოთ.
დავით საგანელიძე: "ამაზე მეტს ვერაფერს გავუკეთებთ ჩვენს შვილიშვილებს. ჩვენთან მთის მდინარეების ძალიან დიდი რესურსი არსებობს, რაც ბევრ ქვეყანას არ გააჩნია. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს არა თბოელექტროსადგურები, არა ატომური ელექტროსადგურები, არამედ ჰიდროენერგეტიკა. საუბარია იმაზე, რა უფრო რეალურია ისეთი ტიპის მეგაპროექტი როგორიც არის ხუდონი თუ უფრო პატარა ტიპის ელექტროსადგურები. მე ვიტყვი: ერთიც და მეორეც. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმის, რომ მეგაპროექტებმა შეიძლება რაღაც გარკვეული ზარალი და ზიანი მიაყენოს გარემოს ან კლიმატს. თუ სწორად შევისწავლით, არცერთ გადამეტებულ რისკზე არ უნდა წავიდეთ. მაგრამ, ის რომ შეიძლება გარკვეული მიკროკლიმატი რომელიღაც სადღაც ტერიტორიაზე შეიცვალოს, ეს ბუნებრივი მოვლენაა და ამაში სახიფათოს ვერაფერს ვხედავ.
ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, სადაც ეს დარგი ვნახე განვითარებული. შოტლანდიაში, ირლანდიაში, უელსში, ბრიტანეთს ვგულისხმობ, საფრანგეთში და ა.შ. ვნახე როგორ არის ბუნებაში ჩალაგებული კასკადები, ულამაზესი სიტუაციაა, თუმცა იქ გარემოს დაცვითი მოთხოვნები უმაღლეს დონეზეა დაყენებული. ჰესებია, სადაც 1000 მეგავატზე მეტი გამომუშავდებოდა და იქ ვერცერთი ელექტრო ბოძი და მავთული ვერ ვნახე. ყველაფერი ეს კაბელებით მიწისქვეშ არის ჩადებული ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს და არ დაუშნოვდეს ბუნება. იმდენად გათვლილია ეს ყველაფერი, იგივე შაორის მაგალითს მოვიყვან. შაორი ხელოვნური ტბაა და იმიტომ აშენდა, რომ ტყიბულის ჰესი გაკეთებულიყო. ბუნებრივია, იქ საძოვრები იყო, დაგუბებულმა წყალმა შეცვალა და მაშინ, შაორმა გამოიწვია გარკვეული კლიმატის ცვლილება. მაგრამ ბუნება ამას მოერგო და 30- 40 წლის მერე, მივიღეთ ისეთი შესანიშნავი ადგილი, როგორიც შაორის ტბაა."
დავით საგანელიძე კომენტარს აკეთებს ასევე ხუდონჰესის პროექტზე:
"ხუდონჰესი უნდა აშენდეს. ქვეყანაში ასეთი ტიპის ჰესები აუცილებელია. ის ყველაზე პერსპექტიული პროექტია. თუმცა ყველა ის ნიუანსი ისტორიული ძეგლებიდან დაწყებული მოსახლეობის მოთხოვნით დამთავრებული დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი." -განაცხადა საგანელიძემ.