2014 წლის 19 მაისს კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის სათაო ოფისში ბრიფინგი გამართა:
„რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეის მონაცემებით ქვეყანაში 3 მილიონ 472 ათასი პოტენციური ამომრჩეველია.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ რთული პოლიტიკური ვითარების გამო, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ბოლო ათწლეულების განმავლობაში იმყოფება, საქართველოში არა თუ ამომრჩეველი, არამედ მაცხოვრებელიც კი აღარ დარჩა 3 მილიონ ნახევარი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ის ციფრი, რომელიც შეესაბამებოდა ამომრჩეველთა რაოდენობას ე.წ საბჭოთა საქართველოში, რომლის შემადგენლობაშიც მაშინ შედიოდა აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი. ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველოდან წასული ადამიანების რიცხვი, პრაქტიკულად, ნულის ტოლი იყო. დღეს კი ჩვენ, ქვეყანაში, სადაც ერთმნიშვნელოვნად 3 მილიონნახევრიანი მოსახლეობაც კი არ არის, გვეუბნებიან, რომ 3 მილიონ 472 ათასი ამომრჩეველია. ეს პირდაპირ ნიშნავს რომ „ქართული ოცნების“ დაპირება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, დაპირებად დარჩა და რეალურად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი - საარჩევნო სიების სახით, კვლავ უტოლდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაყალბებული სიების რაოდენობას.
„ქართული ოცნებისა“ და კოალიციაში შემავალი პარტიების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე იყო სწორედ ამომრჩეველთა სიების დადგენა და მე მახსოვს კოალიციის მაშინდელი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომელიც ყველას გვპირდებოდა, რომ ამ სიების დადგენას ის საკუთარი თანხებით დააფინასებდა იმ შემთხვევაში თუ ბიუჯეტში არ იქნებოდა შესაბამისი თანხები. თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნება“ უკვე მეორე არჩევნებს ატარებს სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემითა და სიებით, რომელსაც თავად კატეგორიულად აკრიტიკებდა.
რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამ მიზანმიმართულად გაბერილი სიებიდან მოუწევთ იმ ამომრჩევლების ამოღება, რომელთაც დღეის მონაცემებით აქვთ ვადაგასული პირადობის მოწმობები. ასეთი ადამიანების რაოდენობა კი 50 000-ზე მეტია. ეს არის უმეტეს შემთხვევაში სოციალურად დაუცველი, ან ის ადამიანები რომლებიც უარს ამბობენ აიდი ბარათების ე.წ ჩიპიანი პირადობის მოწმობების მიღებაზე. ეს ადამიანები, ბუნებრივია, არ არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრომ მათ უარი უთხრა ჩვეულებრივი პირადობის მოწმობების გაცემაზე, ახლა კი მათ ართმევს კონსტიტუციით განსაზღვრულ ხმის მიცემის უფლებასაც.
გამოსავალი ნამდვილად არსებობს: თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის სურვილი, რომ თანასწორ და კონკურენტულ არჩევნებში მიგვაღებინოს მონაწილეობა, ამ ადამიანებს თუნდაც დროებით მიეცეთ პირადობის მოწმობები, რომლითაც ისინი შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ:
პირველი - არჩევნები ნამდვილად ვერ იქნება დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, იმიტომ რომ საარჩევნო სიები მინიმუმ ერთი მილიონი ამომრჩევლითაა გაზრდილი, რაც საშუალებას აძლევს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონლურ მოძრაობას“ არჩევნებით მანიპულაციისა, მით უფრო მათი გარიგების შემთხვევაში.
მეორე - სიიდან ხელოვნურად იქნება ამოღებული 60 ათასამდე ჩვენი, კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ამომრჩეველი.
ამის მიუხედავად, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ ძალიან ინტენსიურად ატარებს საარჩევნო კამპანიას. ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატები, როგორც თბილისის მერის თანამდებობაზე, ასევე სხვა თვითმმართველი ქალაქების მერებად და მაჟორიტარებად. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიჭერს მხარს, და ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მინიმალურ სტანდარტებს მაინც შეესაბამებოდეს ის საარჩევნო გარემო, რომელიც ჩვენ შემოგვთავაზა „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც ამ მიმართულებით ძალიან დაემსგავსა „ნაციონალური მოძრაობას“.