ცესკომ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავება დაასრულა (სააგენტომ ცესკოში მონაცემები 1 მაისს წარმოადგინა). შედეგად, კომისიაში არსებული მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 472 772-ს შეადგენს. ამასთან, ვინაიდან, ამომრჩეველთა სიაში კანონმდებლობით განსაზღვრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ჯერ არ ამოწურულა, აღნიშნული მონაცემი დაზუსტდება.
16 მაისიდან, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო ბარათების დარიგებას იწყებს.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები - მათი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რეგისტრაციის ადგილი და რომელ საარჩევნო უბანს უნდა მიაკითხონ ხმის მისაცემად. ამომრჩევლებს საინფორმაციო ბარათებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დაურიგებენ.
ცესკო მიმართავს ამომრჩევლებს, - ბარათში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, წერილობითი განცხადებით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ფილიალს. იმ შემთხვევაში კი თუ ამომრჩეველი საერთოდ ვერ მიიღებს საინფორმაციო ბარათს, უნდა დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ-ცენტრს ნომერზე - 2 51 00 51. ამომრჩევლების მიერ მომართვის ბოლო ვადაა 29 მაისი.
ამომრჩევლებს საკუთარი მონაცემების გადამოწმება ასევე შეუძლიათ ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებულ საძიებო სისტემაში; წელს პირველად, 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ფოტოსურათებიანი ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, შესაბამისად საძიებო სისტემა იძლევა ფოტოსურათების გადამოწმების შესაძლებლობასაც.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან მისამართის მითითების გარეშე. ამიტომ ცესკო მოგიწოდებთ, დროულად გადაამოწმოთ თქვენი მონაცემები და 28 მაისამდე მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტებს შეუძლიათ მოითხოვონ ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერილი ამომრჩეველთა სია და გადაამოწმონ მონაცემები. ცესკომ მათთვის შექმნა სპეციალური პროგრამა საძიებო სისტემით, რომელიც აღნიშნულ სუბიექტებს გაუმარტივებს ამომრჩეველთა სიებზე მუშაობის პროცესს.
ცესკო მოგიწოდებთ აქტიურად ჩაერთოთ მონაცემების გადამოწმების პროცესში და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდეთ ჩვენს კონტაქტ-ცენტრს, ნომერზე 2-51-00-51.