ბიძინა გუჯაბიძე:

ბიძინა გუჯაბიძე: "ხუდონჰესი" ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გადაუდებლად აუცილებელია"

რამდენად მნიშვნელოვანი პროექტია "ხუდონჰესი" ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის და რატომ არ დაიწყო "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში  პროექტის განხორციელება?  როგორია ახალი ხელისუფლების პოლიტიკა და რას ფიქრობენ პროექტზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები?

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ბიძინა გუჯაბიძე აცხადებს: " წინა ხელისუფლების პერიოდში  "ხუდონჰესის" პროექტის განხორციელება რომ არ დაიწყო, ისევ და ისევ კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალი იყო. მოსახლეობასთან არ იყო დიალოგი, არ იყო მათი უფლებები განმარტებული, არ იყო კომპენსაციის თაობაზე შესაძლო ვარიანტები განხილული. თან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირები იყვნენ დაინტერესებული ხუდონის პროექტის განუხორციელებლობაში. იქ ტყის, საძოვრებისა და სხვადასხვა შიდა პრობლემები იყო, რითიც ზოგიერთი ადგილობრივი ცუდად  მანიპულირებდა.

ახლა, ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი დაწყებულია. დარწმუნებული ვარ,  პროექტი  ისე განხორციელდება, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი გათვალისწინებული იქნება. მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხის სხვა ჭრილში გადატანა ხელოვნურად ხდებოდა.

"ხუდონჰესის" პროექტის განხორციელება ქვეყნის ეკონომიკას ჭირდება, რა თქმა უნდა. ყველა იმ ნიუანსის გათვალისწინებით, რაც შეიძლება ამ პროექტის განხორციელების დროს  დღის წესრიგში დადგეს. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გადაუდებელი ასეთი პროექტის განხორციელება. ჩვენ უნდა ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლი ქვეყანა. რაც უფრო მეტი ენერგიის წყარო გვექნება, მით მალე შევძლებთ  გავხდეთ ენერგოდამოუკიდებლები. ყველა თავმოყვარე ქვეყანა თვითკმარი უნდა იყოს, კარგი გაგებით. შეიძლება იმდენი ხორბალი არ გქონდეს, რომ შენი მოსახლეობა დააკმაყოფილო და სხვადასხვა პროდუქტები სხვა ქვეყნიდან შემოვიტანოთ, მაგრამ, რაც გაქვს და რითიც მდიდარი ხარ, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის, მაგრამ, იმით არ უნდა იმათხოვრო მსოფლიოში. არ უნდა გააკეთო ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური სვლები, რომელიც შემდეგში ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის წამგებიანი იქნება. როდესაც ბაქო-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებაზე იყო საუბარი, მაშინაც  ვნებათაღელვა იყო, მაგრამ, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით პროექტი განხორციელდა და ახლა უკვე მეორე გაზსადენის მშენებლობაზეა საუბარი."