თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა

რესტორან „ფუნიკულიორში“ საქართველოს პრეზიდენტის სახელით, თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

ვახშმის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა  და მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის და ქვეყნის ტერიტორიული მხარდაჭერისთვის.

„ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს უახლოესი და უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენი ქვეყნების უახლეს ისტორიაში, ჩვენმა კავშირებმა ახლებური განვითარება ჰპოვა და გარდაისახა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობად, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს. იგი მკაფიოდ არის გამოხატული თანამშრომლობის მთელ რიგ სფეროებში, რომლებიც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებს.  ქართული მხარე დიდად აფასებს თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, არაღიარების პოლიტიკისადმი და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი.“ -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა გიულიმ კი  ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა ხალხებს შორის მეგობრობის მნიშვნელობას : „ჩვენი ურთიერთობების ყველაზე მტკიცე საყრდენი ჩვენს ხალხებს შორის არსებული ადამიანური კავშირებია. დღეს უკვე ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ, მრავალმხრივ და ფართოსპექტრიან თანამშრომლობად ჩამოყალიბდა. მჭიდრო ურთიერთობები დამყარდა არა მხოლოდ მმართველებს, არამედ ბიზნესმენებსა და ჩვენს ხალხებს შორისაც. ამგვარი აქტიული ურთიერთობების მქონე ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან კიდევ ერთი რამ აკავშირებთ, ესაა საერთო ხედვა შავ ზღვასა და კავკასიის აუზში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში“- აღნიშნა წარმოთქმულ სიტყვაში თურქეთის პრეზიდენტმა.

ოფიციალურ ვახშამს საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრები და თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„თბილისის სამიტი 2014“ დღეს დასრულდა, ხვალ კი თურქეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი დაიწყება.