სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე რესტორან "აფხაზეთში" დარღვევები გამოავლინეს. რესტორანში არადამაკმაყოფილებელია ზოგადი სანიტარიული მდგომარეობა, სამზარეულოს ფანჯრებს არა აქვს დამცავი ბადეები; გარდა ამისა, მაცივარში ინახებოდა დაუბეჭდავი ხბოს ხორცი და, შესაბამისად, ვერ წარმოადგინეს ფორმა N2, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით. ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.
რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ რესტორან "აფხაზეთში" 7 ადამიანის მოწამვლის ფაქტს, რის შესახებაც სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, - რესტორნის პერსონალი ინტოქსიკაციას შემოტანილ ტორტებს და ნამცხვრებს უკავშირებს.