6 მაისს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, პირობით მსჯავრდებულთა განათლების ხელშეწყობის პროექტის „განათლება წარმატებული მომავლისთვის“ პრეზენტაცია მოეწყო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, პრობაციის ეროვნული სააგენტო, განათლებაზე ორიენტირებულ პირობით მსჯავრდებულთა გამოვლენისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საგრანტო კონკურსს აცხადებს.
საპილოტე პროექტის მიხედვით, პრობაციის ეროვნული სააგენტო საუკეთესო პროექტის წარმომდგენ სამ პრობაციონერს სწავლას დაუფინანსებს (თითეულს – 2250 ლარის ფარგლებში).
კონკურსის პირობების მიხედვით, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათპრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს კანონმდებლობით აკრედიტირებულ სასწავლებლებში, ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნულ გამოცდები ან მიღებული აქვთ მოწვევა რომელიმე ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
კომპეტენტური კომისია შეარჩევს საუკეთესო პროექტებს, პრობაციონერის განათლების მიღების მოტივაციის, სწავლის პერიოდში ან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებული ქულების, პრობაციის ოფიცრის დახასიათებისა და სხვა ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით.