2014 წლის 2 მაისს თბილისში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართება სემინარი (World economic forum workshop): სცენარები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის (Scenarios for the South Caucasus and Central Asia); მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ამ ღონისძიების თბილისში გამართვის იდეა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძისა და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველი დირექტორის ფილიპ როსლერის ერთობლივი ინიციატივის საფუძველზე წარმოიშვა. სემინარის თანა-ორგანიზატორია საქართველოს ინვესტიციების ეროვნული სააგენტო.
სემინარს დაესწრება სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი სამთავრობო, სამეცნიერო და ბიზნეს წრეებიდან.
სემინარის მიზანს წარმოადგენს იმ ახალი იდეების აღმოჩენა, რომლებმაც, შესაძლოა, ევრაზიის რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზსა და პროგნოზირებას შეუწყოს ხელი. მონაწილენი ასევე იმსჯელებენ გლობალური ეკონომიკური ფაქტორების ევრაზიის რეგიონის ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე შესაძლო გავლენის საკითხზე.
სემინარს გახსნის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. იგი აუდიტორიას გააცნობს ქართული მხარის ხედვას რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებმაც რეგიონში არსებულ გამოწვევებს უნდა უპასუხონ. სემინარის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლები.