თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ვარშავის 200-წლოვან სასწავლებელს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ვარშავის 200-წლოვან სასწავლებელს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც პოლონური სასწავლებლის რექტორმა, ალოზი ზიმანსკიმ განაცხადა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“არჩევანი თბილისის სასწავლო უნივერსიტეტზე სპეციალურად შევაჩერეთ, რადგან ეს სასწავლებელი საქართველოში, პრაქტიკულად, ერთადერთი კერძო დაწესებულებაა, რომელიც ახალგაზრდებს აგროკუთხით ამზადებს“, - განაცხადა ზიმანსკიმ.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ სოლომონ პავლიაშვილის თქმით, ვარშავის პრესტიჟულ უნივერსიტეტთან დადებული მემორანდუმი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლას, ახალი პროგრამების შემუშავებას, ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, აკადემიური პერსონალის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და სასწავლო მასალების გაცვლას ითვალისწინებს.

პავლიაშვილისვე თქმით, 21-26 მაისს, ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტს დაარსებიდან 200 წლისთავი უსრულდება და საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის დელეგაცია - რექტორი სოლომონ პავლიაშვილი და პრორექტორი საერთაშორისო და მას-მედიის მიმართულებით თამარ ჯანგულაშვილიც მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტში 27 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს, სასწავლებლის ბიუჯეტი კი, 100 ათასი ევროა.