პარლამენტმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონებში შესატანი  ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“  მიღებული კანონის   მიხედვით, თუ მსჯავრდებულს საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი, სასამართლოში (პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიაში ან ადგილობრივ საბჭოში) აღსრულების აქტის მიღებისას, მან უნდა მიუთითოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ის ტერიტორიული ორგანო, რომელშიც აღნიშნული პირი გამოცხადდება.  ასეთ შემთხვევაში გაფრთხილების ჩაბარების აუცილებობა აღარ იარსებებს და თუ პიროვნება პრობაციის ბიუროში არ დაფიქსირდება, მასზე ძებნა გამოცხადდება.

აქამდე არსებობდა საკანონმდებლო ხარვეზი, რის გამოც  პირობით ვადამდე გათავისუფლებული უმისამართო, იძულებით გადაადგილებული პირებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ პრობაციის ბიურო ვერ ახორციელებდა აღსრულებას.  სასამართლოს (პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის ან კიდევ ადგილობრივი საბჭოს) გადაწყვეტილება ვერ სრულდებოდა იმის გამო, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს შეეძლო თავისუფლად გადაადგილება და საზღვრის გადაკვეთა,  პრობაციის ბიურო კი ვერ ასრულებდა თავის ვალდებულებას, გაეფრთხილებინა პირობით მსჯავრდებული და საქმე  მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აღესრულებინა, რის გამოც საქმეები აღუსრულებელი რჩებოდა და მასზე ძებნა ვერ ცხადდებოდა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით ეს ხარვეზი სწორდება.

გარდა ამისა, თუ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მხრიდან გამოვლენილი კარგი ყოფა-ქცევის შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ (ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის  არანაკლებ ნახევარი; მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ 2/3; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ 3/4)  დაწესებულების დირექტორს  შეუძლია წარდგინებით  მიმართოს სასამართლოს მსჯავრდებულისთვის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ვადაზე ადრე  გათავისუფლების თაობაზე. აქამდე  თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ  მსჯავრდებულებს პირობით ვადამდე გათავისუფლება  არ ეხებოდათ.

ასევე, ცვლილება შევიდა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ მიღებულ კანონში -  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის  საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სახით მოხდის ვადა 18-დან 12 თვემდე მცირდება.