ჩვენს ხელისუფლებას თავისი სამუშაო რეზიდენცია არ უყვარს.
ყველა ხელისუფლებას ამის გამოხატვის თავისებური ფორმა აქვს, ზოგს შეფარული, ზოგს აშკარა. კომუნისტების მმართველობის პერიოდში მთავრობის სახლის წინ ოთხი უზარმაზარი რაღაცა დადგეს, რომელიც საცნაურს ხდიდა ჩვენი ნათელი მომავლის მძლავრ და არაადამიანურ ფორმებს.
რუსთაველზე ჩავლილი თბილისელები ირონიულად გახედავდნენ ხოლმე ხელოვნების ამ ნიმუშებს და ცდილობდნენ სულაც არ დაენახათ, ან ყურადღება მოპირდაპირე მხატვრის სახლსა და კინოთეატრ რუსთაველზე გადაჰქონდათ. შემდეგ ჩამოგდებული და ფეხებაშვერილი თუჯის მახინჯი სიმბოლო არამარტო რუსთაველზე მცხოვრები ბავშვების მხიარულების საბაბად იქცა. შენობამ შვებით ამოისუნთქა და თვალი ამაყად გაუსწორა მხატვრის სახლს. მაგრამ ეს დიდ ხანს არ გაგრძელდა. ქალაქში სამოქალაქო ომი ატყდა. შენობისადმი ზიზღმა აპოგეას პუტჩის დროს მიაღწია, ყველაზე მეტად დემოკრატიის მომხრეებმა ივაჟკაცეს, მიანგრ-მოანგრიეს რუსთაველი და მთაწმინდის უბანი. კოლონებგამოცლილი, ნახევრად დაბრმავებული მთავრობის სახლი კვნესით უყურებდა მოძმეთა აღსასრულს.
გავიდა ხანი, მორიგმა ხელისუფლებამ დანგრეულის აღდგენა დაიწყო, თვითონ კი იმელის შენობას შეაფარა თავი. მსახვრალ ხელს ვერც ეს შენობა გადაურჩა. 29 აგვისტოს ტერაქტმა მასაც დააჩნია კვალი.
ახალმა პარლამენტმა განახლებული მთავრობის სახლში დაიდო ბინა. მაგრამ შენობის ტრადიციულ ზიზღს ვერ გადაურჩა: ფასადი რკინის შავი კარიბჭით გადაკეტა და უკანა მხრიდან მოაწყო შესასვლელი. მას შემდეგ პარლამენტის მოსამსახურე 800 კაციდან ნახევარზე მეტი სამსახურს წყევლით იწყებს, რადგან ჯერ ეზოში 52 საფეხურიანი კიბე აქვს ჩასასვლელი, ხოლო შემდეგ კაბინეტებამდე ისევ კიბეები ხვდება.
დეპუტატებსა და სხვა რჩეულებს არაფერი უჭირთ. მათთვის გვერდითა კარები ღიაა. მოსამსახურე პერსონალი შიშით უყურებს ცას, ემანდ თოვლი არ წამოვიდესო, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება მოყინულ კიბეებზე დაგორდნენ. პენსია 6 ლარია, ხოლო საწარმოო ტრავმაზე თავს არავინ აიტკივებს. ხმამაღლაც ვერ გამოთქვამენ პროტესტს, რადგან შემცირება და ახალი ატესტაცია მიმდინარეობს.
იქ აკრედიტებული ჟურნალისტები არ არიან უკეთეს დღეში. თუმცა დილით კიბეებზე ჩამოსვლა სასიამოვნოც კია, თითქოს ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი ხარ და ოპერატორი უკანასკნელ დუბლს გიღებს, რომელიც მსოფლიოში კიბეზე ჩასვლის შენებურ სტილს დაამკვიდრებს. მაგრამ ა და ბ კორპუსში შესვლის შემდეგ გუნება გიფუჭდება, რადგან იქ მჟავე სახის კუნთმაგარი ბიჭები ეჭვიანად გათვალიერებენ, რენტგენში გატარებენ და ზოგჯერ შეიძლება არც შეგიშვან, რადგან სპეციალურ სიაში არ ხარ ჩაწერილი. ბოლოს ჟურნალისტების და მესამეხარისხოვანი სტუმრებისათვის განკუთვნილ ქანდარაზე ადგილს პოულობ და ზევიდან დაჰყურებ დეპუტატების შეთხელებულ თავებს. ასეთი გრძნობით უყურებ ალბათ ანგელოზების მიწაზე დაცემულ, ცოდვილ კაცობრიობას.
აი, ვიღაცას ჩაეძინა, სიბერეშეპარული ქალბატონი თმის ვარცხნით და მაკიაჟითაა გართული, „მოქალაქეები“ ბოროტად ჩურჩულებენ, დილარ ხაბულიანს თმები გასცვენია, ირაკლი ბათიაშვილსაც ძველებური ქოჩორი აღარ აქვს, ოპოზიცია, პროტესტის მიუხედავად, მაინც მომხრეთა ღილაკს აჭერს ხელს, ვიღაცა კანონპროექტის ნაცვლად ამერიკულ დეტექტივს კითხულობს, ორი ჭარმაგი დეპუტატი დაკვირვებით ადევნებს თვალს დარბაზში მოცქრიალე სხარტ ბიჭუნას.
შესვენების დროს ფოიეში ჩადიხარ და კითხვებს უსვამ იმ დღეს პოპულარულ კანონშემოქმედებს. ისინი კი ფოიეში ვითომ შემთხვევით დგანან და ვითომ სულაც არ აინტერესებთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა. წინასწარ იცი, რას გეტყვიან, მაგრამ ხალხისთვისაა საჭირო, უფრო მეტად კი - მათთვის. ეს ზოგ დეპუტატს ესმის, ზოგს - არა. მაგნიტოფონის კასეტა კი მაინც ივსება, იცლება ძვირადღირებული „ბატარეიკები“.
სხდომის შემდეგ დაღლილი და მშიერი პარლამენტის ეზოში გამოდიხარ და წინ აღმართულ კიბეებს ტიან-შანის მწვერვალივით შეჰყურებ. გრძნობ, რომ თუ გვერდით კარიბჭიდან არ გაგიშვეს, სახლში ვერ წახვალ. სასოწარკვეთილს ისიც კი გახსენდება, რომ თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს დასასვენებელ ოთახებში რბილი დივანი უდგათ, გვერდით კი ცხელი საშხაპეა, თუმცა მათ მოსაცდელში რბილ ტახტზეც არ იტყოდი უარს. ამ საპროტესტო წუთიერ ფიქრს ისღა რჩება, რომ ან მცველს მოულბო გული, ან ნაცნობ დეპუტატს დაუცადო კარიბჭის ბარიერის გადასალახავად.
გარეთ გამოსულს მთავრობის სახლის უქმი და უტყვი ფასადი გიყურებს. გაჩახჩახებული ფანჯრები მხოლოდ ნიღაბია, მისი ცარიელი მზერა მხოლოდ საყვედურს და ტკივილს გამოხატავს.