სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო 1 წლის განმავლობაში „ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. WWTG ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში ღვინით ვაჭრობას უწყობს ხელს.
10-11 აპრილს ბრიუსელში, WWTG-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე ორგანიზაციის თავმჯდომარეობის აშშ-დან საქართველოზე გადმობარების ცერემონიალი გაიმართა. საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე 2015 წლის აპრილის ჩათვლით იქნება. WWTG-ს წევრები არიან - საქართველო, აშშ, კანადა, არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და ახალი ზელანდია.
როგორც პრეს-კონფერენციაზე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო ამ ორგანიზაციის ერთადერთი ევროპული ქვეყანაა. თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველო ეცდება ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს მოლდოვაც, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორია. WWTG-ს თავმჯდომარეობის პერიოდში მთავარი კოორდინატორი იქნება ღვინის ეროვნული სააგენტო, საქმიანობაში ასევე ჩართულები იქნებიან სოფლის მეურნეობის, ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.
„ამ ჯგუფის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველო ადის უფრო მაღალ რანგში - მისი სახელით წარიმართება ღვინით ვაჭრობის სფეროში ყველა მაღალი დონის საერთაშორისო მოლაპარაკება. საქართველომ უნდა ჩაატაროს WWTG-ს წლიური შეხვედრა, სადაც მოხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და პარაფირება. წლის განმავლობაში საქარველომ უნდა შეასრულოს სამდივნოს როლი და წარმართოს მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორ ქვეყნებთან, მოამზადოს რეზოლუციები და გაიტანოს სხდომებზე ბრიუსელში“, - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ.
WWTG-ს მორიგი პლენარული შეხვედრა 2014 წლის 25-27 აგვისტოს თბილისში გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ კანდიდატი ქვეყნები და დამკვირვებლები.
პრეს-კონფერენციაზე ლევან დავითაშვილი ასევე შეეხო აპრილის თვეში სააგენტოს მხრიდან მარკეტინგისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს.
კერძოდ, 14 აპრილს, პარიზში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ოფისში, ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 7 კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას 300-მდე სტუმარი ეწვია - საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, იუნესკოს (UNESCO), საფრანგეთის მთავრობისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები, პროფესიონალი სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებულები და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.
13-14 აპრილს ლონდონში გამართულ ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო გამოფენა Real Wine Fair-ში საქართველოდან 9 ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა. Real Wine Fair ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ მნიშნელოვან ღონისძიებად ითვლება ევროპაში. საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ გამოფენაში მნიშვნელოვანია ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის, ასევე ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარებისა და დამატებითი ბაზრების მოძიებისთვის.
6-9 აპრილს იტალიის ქალაქ ვერონაში ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა VINITALY-ში საქართველოდან 11 ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენაზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასამდე ღვინის კომპანიამ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ფართო ასორტიმენტი წარმოადგინა. VINITALY-ზე ქართული პროდუქცია გამოფენილი იყო ბუნებრივი ღვინოების პავილიონში. ეს გამოფენა იტალიაში ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიაში წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. მას ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი, ღვინის მწარმოებლები და დისტრიბუტორები ესწრებიან. გამოფენის მსვლელობის დროს იმართება საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები, ღვინის დეგუსტაციები, საინფორმაციო სესიები და კონფერენციები.