ნათია თურნავა: ხუდონჰესის აშენება აუცილებელია, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ელექტროენერგიის გაძვირება

ნათია თურნავა: ხუდონჰესის აშენება აუცილებელია, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ელექტროენერგიის გაძვირება

ხუდონჰესი აუცილებლებლად უნდა აშენდეს, მას ალტერნატივა არ გააჩნია,– აცხადებს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნათია თურნავა და განმარტავს, რომ მსხვილი ჰესების აშენება აუცილებელია, რომ მომავალ წლებში თავიდან ავიცილოთ ელექტროენერგიის გაძვირება.

„მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების აშენება აუცილებელია, რომ ქვეყანაში მზარდი დეფიციტი დავაკმაყოფილოთ. თუ არ შეიქმნა სერიოზული გენერაციის წყაროები მაშინ ენერგობალანსში გაიზრდება იმპორტისა და თბოსადგურების წილი, ამ შემთხვევაში თბოსადგურების მუშაობა დამოკიდებულია ასევე იმპორტულ გაზზე, ეს კი აძვირებს ელექტროენერგიას. მსხვილი ჰესების აშენება კი, იმიტომაა აუცილებელი, რომ უახლოეს 10–15 წელიწადში სწრაფად არ გაძვირდეს ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობისთვის“, – აცხადებს ნათია თურნავა.

მისი თქმით, დიდი ჰესების ალტერნატივა მცირე ჰესები არ არის, რადგანაც საქართველოს ეკონომიკის წლიურად მხოლოდ 5%–იანი ზრდის შემთხვევაშიც კი, მცირე ჰესები ვერ უზრუნველყოფს ინდუსტრიის მოთხოვნის დამაყოფილებას.

ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ დიდი ჰესების მშენებლობის თანმდევია გარემოზე ზემოქმედება, ტყეების დატბორვა თუ მოსახლეობის განსახლება, თუმცა პროექტების განხორციელებისას აუცილებელია ამ პრობლემების ისე გადაჭრა, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხები.

„ვფიქრობ, ხუდონჰესის პროექტის შემთხვევაში საყურადღებოა, რომ  გარემოზე შემოქმედების შეფასების ანგარიში პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტს და რაც ყველაზე სენსიტიურია ამ პროექტისათვის  მოსახლეობასთან  კომუნიკაციის პროცესი უნდა იყოს ყოველდღიურ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად მოხდეს პოზიციების შეჯერება. ეს რთული პროცესია ყველგან, განსახლების პროცესი არსად არ არის მარტივი,  ბევრი ემოციაა ჩართული,  მაგრამ  ხუდონჰესს ალტერნატივა არ აქვს და შესაძლებელია კომპრომისის გამოძებნა“, – ამბობს თურნავა.

აღსანიშნავია, რომ თავად „საპარტნიორო ფონდი“ სვანეთში, ასევე მსხვილი ჰესის 210-მეგავატიანი „ნენსკრაჰესის“ აშენებას გეგმავს. პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადების პროცესში ჩასართავად ფონდმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მოიწვია.