EBRD თურქეთში დიდი ჰესის მშენებლობას დააფინანსებს

EBRD თურქეთში დიდი ჰესის მშენებლობას დააფინანსებს

EBRD-ი მზად არის დააფინანსოს დიდი ჰესის მშენებლობა თურქეთში. „ალპასლან II“-ის დამბის და ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონში, მდინარე მურატზე მდებარეობს, უკვე გადაწყვეტილია.  280 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება  2017 წლის მეორე კვარტალშია დაგეგმილი.

ქალაქ მუსისგან ჩრდილოეთით, 34 კილომეტრის მოშორებით, მდინარე მურატზე დაგეგმილია 116 მეტრი სიმაღლის კაშხლის და 50 კილომეტრი სიგრძის გადამცემი ხაზის აგება. რეზერვუარის სარკისებური ზედაპირის ფართობი 55 კვადრატული კილომეტრია. პროექტის განხორციელებისას განსახლება 22 სოფელს შეეხება და 7100 ადამიანს მოუწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. პროექტის ღირებულება 1მილიარდ 69 მილიონი თურქული ლირაა.

პროექტს ახორციელებს თურქეთში დარეგისტრირებული კომპანია Enerjisa-ი, რომლის 50-50 პროცენტის მფლობელები არიან ლუქსემბურგში დარეგისტრირებული კომპანიები - Omer Sabanci A.S. (Sabanci) და DD Turkey Holdings s.a.r.l (DD Turkey). Sabanci გახლავთ თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული და ფინანსური კონგლომერატი, ხოლო DD Turkey-ს 100%იანი წილის მფლობელია  უმსხვილესი გერმანული კომპანია E. ON SE, რომელიც ევროპის ენერგობაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

ინვესტორმა მშენებლობის ნებართვა 2012 წელს მიიღო და უკვე დასრულებული აქვს შესასრულებელი სამუშაოს ნაწილი - აგებულია გვირაბები და მოწეწსრიგებულია წყლის გამწოვი სისტემები. კომპანია, პროექტის ფარგლებში, აშენებს 54 კილომეტრი სიგრძის გზის მონაკვეთს. კაშხლის მშენებლობის დაწყება 2014 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი, რაზეც EBRD-სგან დაფინანსების პრინციპული თანხმობა ინვესტორს უკვე მიღებული აქვს.