საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა და საქართველო (პირველი ნაწილი)

საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა და საქართველო (პირველი ნაწილი)

1992 წლის აგვისტოში საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც იმას ნიშნავს რომ მსოფლიომ აღიარა საქართველოს სუვერენული სახელმწიფო. ამ მიზნის აღსრულება მრავალი თაობის ოცნება იყო, მრავალი ქართველი პატრიოტი თავგანწიორვით ემსახურებოდა საკუთარი ქვეყნის თავისუფლების იდეას. აგერ უკვე 20 წელია საქართველო დამოუკიდებელია. დამოუკიდებლობა კი საზოგადოებაში სამართლიანად ასოცირდებოდა ქართველი ხალხის კეთილდღეობასთან, სამშობლო-ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობასთან, დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრასთან, ეროვნული თვითმყოფადობის გარანტირებულ დაცვასა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებასთან. ამ 20 წლის გადასახედიდან საქართველოს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სახელმწიფოებრივ ინტერესსა და სფეროში არათუ რაიმე პროგრესს ვხედავთ, არამედ, სიმართლე უნდა ითქვას, რომ ბევრად უფრო სავალალო მდგომარეობაში ვართ ჩავარდნილი და პირუთვნელი ექსპერტები, თუ ასე გაგრძელდა ქართული ეროვნული პოზიციების ვარდნა, კატასტროფულ მომავალს გვიწინასწარმეტყველებენ, უფრო სწორად, უმომავლობას.

ქართული სახელმწიფოს ამჟამინდელი ტრაგიკული მდგომარეობის მიზეზების მნიშვნელოვანი წილი, ვფიქრობ, საერთაშორისო ურთიერთობების ოკეანეში მის მესაჭეთა ნავიგაციის გამოცდილების არქონასა და უცოდინარობაშია საძიებელი, რამაც ქართული სახელმწიფოს სხეულის უამრავჯერ კლდეებზე შეჯახება და მსხვრევა გამოიწვია. ამიტომ ამ თემაზე საჯარო დისკუსიებისა და სამეცნიერო კონფერენციების მოწყობა, მთელი ქართული ინტელექტუალური პოტენციალის ჩართვით, უკვე აუცილებლობად იქცა, რათა ამ სფეროში საზოგადოებაში გარკვეული რაციონალური შეხედულებები ჩამოყალიბდეს, რაც შემდგომში ქვეყნის სწორ გზაზე გაყვანის საფუძველი გახდება.

საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი არსი არის სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთობა. ეს სფერო არის მრავალი შემადგენელი ნაწილის მქონე სტრუქტურა, რომლის ყველასთვის მისაღები სრულყოფილი მოდელირებული სისტემა ამჟამადაც არ არის ჩამოყალიბებული და უნდა ვიფიქროთ, რომ კიდევ დიდ ხანს არც იქნება ამ საკითხში სრული თამნხმობა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან როგორც ილია ჭავჭავაძე წერს: “არის ქვეყანაზე ბევრი ისეთი საგანი, რომლის გამოც ჰოც ითქმის და არაცა, რადგან საგანი ან გამოძიებული არა არის ჯერაც მთლად, ან მეტად რთულია და დახლართული და ჯერ კაცის თვალი ვერ მიმწვდარა მრავალ-გვარის ხლართის ერთ კრებულად დანახვისათვის”. ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში აღიარებული ფიზიკოსისა და გამოჩენილი მოღვაწის აინ შტაინის სიტყვების გახსენებაც არ იქნება ურიგო, როცა მას ჰკითხეს, რომ ფარდობითობის ასეთ ურთულეს თეორიას ჩაწვდით და ადამიანები რატომ ვერ ახერხებენ პოლიტიკური საკითხების მშვიდობიანად გადაწყვეტასო, მან ჩვეული გონებაბახვილობით უპასუხა, ეს იმიტომ ხდება, რომ პოლიტიკა უფრო რთულია, ვიდრე ფარდობითობის თეორიაო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არც ამ წერილის ავტორს აქვს პრეტენზია, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ამ ურთულეს ლაბირინთებში ყველასთვის მისაღებ სწორ შარაგზას აღმოაჩენს, მითუმეტეს, აქ ხშირად საცალფეხო ბილიკებით არის სასიარულო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნულ სფეროში არ არსებობს გარკვეული კანონზომიერებები, რომლებზეც საერთო აზრი გააჩნიათ ნეცნიერების აღნიშნული დარგის მსოფლიოში აღიარებულ სპეციალისტებს, რომელთა კონცეფციების მთავარი პრინციპები მსოფლიოს დიდი და პატარა სახელმწიფოების პოლიტიკური დოქტრინების საფუძვლებად არიან გამოყენებულნი, ხოლო მათ, თავის მხრივ, მსოფლიოს სახელმწიფოთა ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი.

ამასთან, ხაზს ვუსვამ, რომ მოცემული წერილი ეყრდნობა საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ გამოცემულ სახელმძღვანელოებში თავმოყრილ მასალებს, განსაკუთრებით ალექსანდრე რონდელის წიგნს “საერთაშორისო ურთიერთობები”, რომლებშიც აკუმულირებულია აღნიშნული სფეროს მსოფლიოში არსებული ძირითადი კონცეფციები.

ვითვალისწინებ რა მკითხველთა ინტერესს, ასევე საგაზეთო ფორმატის შეზღუდულობას, ვეცდები საერთაშორისო ურთიერთობების მხოლოდ ის საკითხები გავაანალიზო, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობებისა და მისი უშიშროებისათვის.

პირველ მსოფლიო ომამდე საერთაშორისო ურთიერთობებს, ომისა და მშვიდობის საკითხებს საზოგადოების ფართო განხილვის საგნად არ თვლიდნენ და მხოლოდ მთავრობის გადასაწყვეტ კომპეტენციას მიაკუთვნებდნენ. ამიტომ საერთაშორისო მოვლენები და მათთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა არ იყო ორგანიზებული უნივერსიტეტებსა და ფართო ინტელექტუალურ წრეებში.

პირველი მსოფლიო ომის ტრაგიკულმა შედეგებმა შეცვალა ამგვარი განწყობები სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკის მიმართ და იგი საჯარო განხილვის საგნად აქცია იმ საფუძვლით, რომ ომების გამოწვევა პოლიტიკური გაუგებრობებისა და საგარეო პოლიტიკაში საზოგადოების ჩაურევლობის შედეგად იქნა მიჩნეული. იმ დროის გავლენიანი მოღვაწის ინგლისელი გ.ლ. დიკინსონის სიტყვების: ”ომი არის ადამიანის ბუნების გარდაუვალი შედეგი, ის გარკვეულ პირობებში ამ ბუნების გამოვლენაა”, საპასუხოდ ამერიკელი გ.მარი აცხადებდა: ”ომის აპოლოგეტები არ არიან მართლები, როცა ომს ადამიანის ბუნების ელემენტად თვლიან. ომი სახელმწიფო ქმედების ფორმაა, პოლიტიკური პროგრამის ნაწილია”. ამავე დროს, ბრიტანელმა ისტორიკოსმა არნოლდ ტოინბიმ ომს “კაცობრიობის მომაკვდინებელი სენი” უწოდა.

ამგვარი განწყობების მქონე პოლიტიკურ ატმოსფეროში 1919 წელს შეიქმნა ერთა ლიგა, რომლის მთავარი მიზანი იყო კიდევ ერთი მსოფლიო ომის თავიდან აცილება. მან 20 წელი იარსება და საბოლოოდ, მართალია, მისი მთავარი მისია მარცხით დამთავრდა, მაგრამ ის იყო პირველი საერთაშორისო ტრიბუნა, სადაც სახელმწიფოთა წარმომადგენლები ერთმანეთთან დიალოგში და დებატებში იხილავდნენ მსოფლიოს საჭირბოროტო საკითხებს და გარკვეულ შეთანხმებებსაც აღწევდნენ.

საბოლოო ჯამში 30-იანი წლების სამხედრო კონფლიქტებმა: იაპონიის მიერ მანჯურიის ოკუპაციამ, იტალიის აგრესიამ აბისინიაში, ბოლივია-პარაგვაის ომმა, სსრკ-ფინეთის ომმა და რაც მთავარია, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ, აშკარად ცხადყო, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში გადამწყვეტი საბოლოო ფაქტორი ძალაა და საერთაშორისო პოლიტიკური სისტემა ვერ უზრუნველყოფს კოლექტიურ უსაფრთხოებასა და მშვიდობას.

ამიტომ ის აკადემიური შეხედულებები, რომ საყოველთაო მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია სახელმწიფოების მოლაპარაკებათა მაგიდასთან დიალოგით, საერთაშორისო ინსტიტუტების შექმნითა და საერთაშორისო სამართლის უზენაესობით, ანუ საგარეო პოლიტიკაში ზნეობრივი და სამართლებრივი ნორმების დამკვიდრებით, საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიაში აღიარებულ იქნა იდეალიზმად და უტოპიად.

მსგავსი იდეებისკენ შემობრუნება მოხდა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს. ზოგიერთი პოლიტოლოგი ბირთვულ ეპოქაში ცივილიზაციის გადარჩენისათვის მსოფლიო მთავრობის შექმნის იდეასაც კი აყენებდა და არსებული საერთაშორისო ანარქიის ფაქტორად სუვერენულ სახელმწიფოთა არსებობას მიიჩნევდა. მაგრამ აღნიშნული თეორიები, როგორც ადრინდელი მსგავსი პოსტულატები, უტოპიური და იდეალისტური აღმოჩნდა.

პოლიტიკური იდეალიზმის უმაღლესი გამოვლინება იყო 1928 წლის 27 აგვისტოს პარიზის პაქტი, ბრიან-კელოგის სახელწოდებით, რასაც 15-მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც საერთაშორისო უთანხმოებათა ომის საშუალებით დაძლევა მიუღებლად ცხადდებოდა და ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდით უნდა მოგვარებულიყო. 1932 წელს აშშ-ს მთავრობამ მიიღო ე.წ. “სტომსონის დოქტრინა”, რომელიც უარს აცხადებდა ძალის ნებისმიერი გამოყენებით შეძენილი ტერიტორიების დიპლომატიურ ცნობაზე. მაგრამ, ამის საპასუხოდ, იმავე საუკუნის 30-იანი და 40-იანი წლები მრავალი მასშტაბური ომისა და პოლიტიკური რუკების გადაკეთების ეპოქად იქცა.

რეალურმა პოლიტიკურმა ვითარებამ წარმოშვა მოვლენების ადეკვატური შესწავლისა და ახალი თეორიების გამოჩენის აუცილებლობა. ასეთი აღმოჩნდა ბრიტანელი ედვარდ ქარის წიგნი “ოცწლიანი კრიზისი, 1919-1939”. ეს წიგნი საერთაშორისო ურთიერთობათა დისციპლინაში რეალიზმის ეტაპის დაწყებად არის მიჩნეული. ე. ქარის აზრით, დისციპლინამ, რომელმაც ვერ შეძლო სინამდვილის ანალიზის გამიჯვნა სასურველის ანალიზისგან, არ უნდა ჰქონდეს მეცნიერების პრეტენზიები. იგი დაუპირისპირდა ზემოთ აღნიშნულ უტოპიურ და იდეალისტურ იდეებს.

ფაქტია, რომ ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში განვითარდა ე.წ. “გეოპოლიტიკა”, რომელსაც იყენებდნენ იმპერიალისტური ქვეყნები თავიანთი ექსპანსიონისტური პოლიტიკის გასამართლებლად. შვედმა პოლიტოლოგმა ჩელენმა, რომელსაც რუსეთის ექსპანსიისა ძლიერ ეშინოდა, 1916 წელს გამოაქვეყნა წიგნი “სახელმწიფო, როგორც სიცოცხლის ფორმა”, სადაც ცნება “გეოპოლიტიკა” პირველად არის ნახსენები. მისი იდეები განავრცეს გერმანელმა ჰაუსჰოფერმა და მისმა მიმდვრებმა, რომელთა თეორიის თანახმად გერმანია არის ორგანიზმი, რომელიც შუასაუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და რომელიც უნდა გაფართოებულიყო იქამდე, სანამ მთელ მსოფლიოს არ დაიმორჩილებდა. ამგვარად, გეოპოლიტიკა გერმანული ნაციონალიზმის იდეოლოგიად იქცა. მას ამაში არ ჩამორჩებოდა იტალია, იაპონია და სსრკ, ხოლო ინგლისი და აშშ კოლონიების შენარჩუნებისა და გაფართოების პოლიტიკას აგრძელებდნენ. ამრიგად, ძალის პოლიტიკამ და ექსპანსიონიზმმა საერთაშორისო ურთიერთობებში იდეალიზმი პოლიტიკური რეალიზმით შეცვალეს.

თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც სამეცნიერო დისციპლინა სამ პარადიგმას გამოყოფს - რეალიზმი, პლურალიზმი და გლობალიზმი. მათ შორის არის პრინციპული განსხვავებები, მაგრამ ბევრი საერთოც გააჩნიათ.

პლურალიზმის მიხედვით მსოფლიო ერთი ურთულესი ობობას ქსელია სხვადასხვა სახის ურთიერთობათა გადახლართვით და პლურალისტები მის ახსნაში ხედავენ თავიანთ ფუნქციას. მათ თავიანთ თეორიაში ჩართული აქვთ ნაციონალური საკითხები, ტრანსნაციონალური კორპორაციების საქმიანობა, საზოგადოების სოციალური ფენების მნიშვნელობა და სხვა.

გლობალისტებისათვის საერთაშორისო სისტემა ის რვაფეხაა, რომელიც თავისი მძლავრი საცეცებით,ტრანსნაციონალური კორპორაციებით, რომელთა ინტერესებს მსოფლიოს ჰეგემონი ქვეყნები თავიანთი გავლენებით იცავენ, გამუდმებით იწოვს სიმდიდრეს დასუსტებული პერიფერიებიდან და მას განვითარებული ცენტრებისკენ გადატუმბავს. გლობალისტები თავიანთ ფუნქციად მსოფლიოში მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის არსებული უფსკრულის მიზეზებისა და მექანიზმების ახსნას მიიჩნევენ. მათთვის მსოფლიო სისტემის ერთიანობას, მის ეკონომიკურ სტრუქტურას და წარმოების წესს გადამწყვეტი როლი ეკისრება, ხოლო სახელმწიფოთა პოლიტიკურ ურთიერთობას მეორეხარისხოვნად აღიქვამენ.

ვფიქრობ, შესამჩნევია საქართველოს ხელისუფლებისა და გლობალისტების შეხედულებათა შორის ერთობა. ჩვენმა ხელისუფლებამ ქართული ეკონომიკა მსოფლიოს ჰეგემონ სახელმწიფოთა ტრანსნაციონალური კომპანიების სათარეშო და საძარცვ ობიექტად გადააქცია და ამ საქმეში ხელს უწყობენ ჰეგემონ სახელმწიფოს რუსეთსაც, რომელიც ფორმალურად საქართველოს მტერ სახელმწიფოდ ჰყავთ გამოცხადებული, ხოლო მის კომპანიებს ლომის წილი გააჩნიათ ქართული ეკონომიკის სტრატეგიული დარგების მფლობელობაში.

“რეალისტებისათვის” საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი მოქმედი პირები არიან სუვერენული სახელმწიფოები და მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელ ძალად მათ გავლენასა და ძალაუფლებას მიიჩნევენ. რეალიზმის სამი საკვანძო ელემენტია: ეროვნული ინტერესები, ძლიერების მაქსიმალიზაცია, ძალთა წონასწორობა.

რეალიზმის კონცეფცია ყველაზე მეტად განვითარებული და გავლენიანია. ამიტომ მას საერთაშორისო ურთიერთობათა “კლასიკურ ტრადიციასაც” კი უწოდებენ. რა თქმა უნდა, მას ჰყავს კრიტიკოსები და ძირითადად აშშ-სა და სხვა ჰეგემონი ქვეყნებისთვის მორგებულ კონცეფციად მიიჩნევენ, რომელიც ამართლებს მათ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, მაგრამ, რაც არ უნდა ითქვას, საერთაშიორისო პოლიტიკური მოვლენები რეალურად სწორედ ამ კონცეფციის ძირითადი პრინციპების მიხედვით ვითარდება.

აღნიშნული თეორიების გადასინჯვის მცდელობები განსაკუთებით გაძლირდა 80-იანი წლებიდან, რასაც “კრიტიკულ თეორიას” უწოდებენ. იგი იკვლევს მსოფლიო წესარიგის უნივერსალურ ელემენტებს და ალტერნატიული წესრიგის მოძიებისა და დამკვიდრების მცდელობას წარმოადგენს.

მსოფლიოში არსებობს პოსტმოდერნისტული და ფემინისტური თეორიებიც, რომლებიც რეალური საერთაშორისო ურთიერთობებისგან საკმაოდ შორს დგანან და ამიტომ ამჯერად ჩვენი ყურადღების საგანს არ წარმოადგენენ.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან საერთაშორისო პოლიტიკური სისტემა ძირითადად ჩამოყალიბდა, როგორც ერთი დიდი ჩაკეტილი სისტემა, რომელიც მისი სტაბილურობის გარანტი გახდა. სუვერენული სახელმწიფოები ერთმანეთზე იმდენად დამოკიდებულნი და ურთიერთდაკავშირებულნი გახდნენ, რომ საერთაშირისო ურთიერთობები სისტემურ პროცესად იქცა.

ამ სისტემის შემადგენელი ნაწილები არიან სუვერენული სახელმწიფოები, რომლებიც ერმანეთისგან სიდიდით, პოლიტიკურ-ეკონომიკური სიძლიერითა და შესაძლებლობებით გამოირჩევიან. ისინი იურიდიულად საერთაშორისო სამართლის აღიარებული პრინციპების მიხედვით თანასწორნი არიან, მაგრამ რეალურად, ანუ საერთაშორისო პრაქტიკაში ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თანასწორი უფლებებით სარგებლობენ, ანუ მათ ურთიერთობებში განმსაზღვრელი ფაქტორი უთანასწორობაა.ამიტომ სახელმწიფოთა რეალური პოლიტიკური უთანასწორობა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა დინამიკის ძირითადი წყაროა. ეს აისახება პატარა, სუსტ, საშუალო, ძლიერ და სუპერ ძლიერ სახელმწიფოთა დაჯგუფებებში. ეს რეალობა გათვალისწინებული იყო და არის საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც უძლიერეს სახელმწიფოებს პრივილიგირებული სტატუსი აქვთ მინიჭებული. ერთა ლიგაში ეს ქვეყნები ლიგის საბჭოში შედიოდნენ, ხოლო გაეროში უძლიერესი ქვეყნები უშიშროების საბჭოს წევრები არიან და ყველა საკითხზე ვეტოს დადების უფლება აქვთ.

დიდი სამხედრო უპირატესობის გამო სწორედ მათ შეუძლიათ დათრგუნონ მოსალოდნელი კონფლიქტები, დაამყარონ “წესრიგი”, ზოგჯერ ისე, როგორც მხოლოდ მათ ესმით და თვლიან საჭიროდ. უზრუნველყონ ჩამოყალიბებული საერთაშორისო სტაბილურობის ხელშეუხებლობა. ამიტომ ამგვარ სახელმწიფოთა როლი განსაკუთრებულია და მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელია.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არსებული საერთაშორისო სისტემის რეალური არსი და დანიშნულება და მისთვის შეუსაბამო როლის მორგება გადაწყიტა. თუ რა შედეგებით დამთავრდა მისი ეს არაადეკვატური ქმედებები, სახეზეა საქართველოსთვის მიყენებული ზიანის მასშტაბებით, რაც ამ ქმედებების საპასუხოდ განიცადა. ამ საკითხებზე უფრო კონკრეტულად ქვემოთაც გავამახვილებთ ყურადღებას.

რეალიზმის თეორიით საერთაშორისო სისტემათა ექვსი ნაირსახეობა არსებობს. მათ შორის, მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სამი მათგანი არის საინტერესო:

პირველი,ძალთა წონასწორობის სისტემა გულისხმობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტები მოქმედებენ რეალიზმის ტრადიციის მიხედვით და ცდილობენ მაქსიმალური ძლიერების მიღწევას ანარქიულ საერთაშორისო გარემოში. ამგვარი სისტემა დომინირებდა მე-18, მე-19 საუკუნეში. ამაში შედის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კავშირების შექმნითა და თუ საჭირო გახდა, ომის საშუალებითაც. ეს სისტემა ზოგიერთ შემთხვევაში არასტაბილურობის მიზეზი შეიძლება გახდეს. ესენია მსოფლიო ომი ან რომელიმე მილიტარისტული ბლოკის აღზევება და შედეგად შეიძლება გადაიზარდოს “რბილ” ბიპოლარულ სისტემაში.

მეორე, “რბილი” ბიპოლარულ სისტემა ხასიათდება ძალის ორი პოლუსის დომინირებითა და ურთიერთშორისი კონფრონტაციით. კავშირების შექმნა ხორციელდება ძირითადად ორი ძალის, ორი პოლუსის ჩარჩოებში. მსოფლიოში ძალთა განლაგების ასეთი კონსტრუქცია არსებობდა ე.წ. ცივი ომის პერიოდში და მისი სიმყარე ორი სუვერენული სახელმწოფოს სიძლიერეზე იყო დამოკიდებული. ერთის მხრივ იყო აშშ, ხოლო მეორეს მხრივ სსრკ. მათ გარშემო კი შექმნილი იყო დასავლეთში ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში ვარშავის ხელშეკრულების გაერთიანება. ისინი გარკვეული თამაშის წესებს ექვემდებარებოდნენ და ცდილობდნენ თავიანთი გავლენების ქვეშ მოექციათ ამ ბლოკების გარეთ მყოფი ქვეყნები.

მესამე, “ხისტი” ბიპოლარული სისტემა თავის წინამორბედს ჰგავს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციები სიმბოლური სახით არსებობს და ამ ბლოკთა დაპირისპირებაც უფრო მაღალი ხარისხისაა, რაც ერთი ბლოკის მხრიდან გარკვეული სამხედრო ან ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვება მეორე ბლოკის მიმართ ომისა და მისი კაპიტულაციის სურვილს აჩენს. იგი მსოფლიოს ერთპოლარულ სისტემაში გადაზრდის საფუძველი ხდება. “ხისტი” ბიპოლარული სისტემის პერიოდად შეიძლება ჩავთვალოთ გასული საუკუნის 90-იანი წლები და ჩვენი საუკუნის დასაწყისი, როცა ვარშავის ხელშეკრულების დაშლის სანაცვლოდ შექმნილი დსთ-ს სუსტი გაერთიანება ვერ აღიქმებოდა ნატოს მზარდი სიძლიერის საპირწონედ. ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციების უგუვებელყოფით აშშ ბევრად თავისუფლად მოქმედებდა მსოფლიოში. სუვერენული ქვეყნის დედაქალაქის ბელგრადის დაბომბვა გაეროს სანქციის გარეშე, ერაყისა და ავღანეთის ომების დაწყება და ნატოს საზღვრების აღმოსავლეთით გაფართოება ამ რეალობის პრაქტიკული გამოხატულება იყო.

უკვე შეიძლება ითქვას, რომ რომ “ხისტი” ბიპოლარული სისტემის ბატონობა, რაც რეალურად ერთპოლარულ სისტემაში იყო გადაზრდილი, დასრულებულია და მისი ახალი პოლიტიკური სისტემით ჩანაცვლების პროცესი უფრო და უფრო აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებაც მოგვიწევს ქვემოთ საუბარი.

საერთაშორისო წესრიგი სახელმწიფოთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობების, თუ გნებავთ თანაარსებობის პირობებს ქმნის. იგი წარმოშობს უსაფრთხოების, სახელმწიფოთა სუვერენობისა და ჩამოყალიბებული საერთაშორისო სისტემის სტაბილურობის გარანტიებს. აღნიშნული წესრიგის უზრუნველყოფა ხორციელდება უძლიერესი სახელმწიფოების, ჰეგემონების საშუალებით. ის ხშირად სამართლიანობას არ ემყარება, მაგრამ რეალური პოლიტიკის კონცეფციის თანახმად სამართლიანობასთან მიმართებაში უპირატესობა ეძლევა წესრიგის ფასეულობას, რადგან იგი მიჩნეულია სახელმწიფოთა სტაბილური მშვიდობიანი თანაარსებობის აუცილებელ პირობად.

პოლიტოლოგი ალ. რონდელი წერს: “წინააღმდეგობა საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო სამართლიანობას შორის გამომდინარეობს თუნდაც იქიდან, რომსამართალი აღიარებს და აკანონებს უკვე მომხდარს, ძალადობითა თუ მუქარით მიღწეულს. საერთაშორისო სამართალი ახალ ვითარებას უმეტესწილად უკვე აღიარებს, როგორც ლეგიტიმურს, თუმცა ხშირად ხსენებული ახალი ვითარება იქმნება, უსამართლობის, ძალის გამოყენების შედეგად”

ეს აბზაცი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დღევანდელი მდგომარეობისა და რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის სტატუსის აღიარებისადმი მტკივნეულ ასოციაციებს იწვევს. რამდენად ბეცი და ავანტიურისტი უნდა იყოს პატარა ქვეყნის ხელისუფლება, რომ თავისი არაადეკვატური პოლიტიკის შედეგად საკუთარი ქვეყნის ძირძველი რეგიონები ისეთ პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში მოაქციოს, რაც მათი სამუდამოდ დაკარგვის რეალურ საფრთხეს ქმნის.

ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესოა ერთა თვითგამორკვევის საკითხი რეალური საერთაშორისო ურთიერთობების მიხედვით. “საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად ყოველი სახელმწიფო სუვერენულია თავის უფლებებში. ამავე დროს, იგივე სამართალი თვითგამორკვევის უფლებებს ანიჭებს ერებსა და ხალხებს”, წერს საერთაშორისო ურთიერთობების ცნობილი სპეციალისტი ლევან ალექსიძე.

ცნობილი პოლიტოლოგი ჰ. ბული აღნიშნავს, რომ: “ერთა თვითგამორკვევის პრინციპი პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფოთა სუვერენული მთლიანობის საერთაშორისო სამართლის ნორმას და უკვე საკმაოდ ხშირად გვევლინება სუვერენულ სახელმწიფოთა ფრაგმენტაციისა და დაშლის მძლავრ ფაქტორად. საერთაშორისო სისტემაში სტაბილურობასა და გარკვეულ წესრიგს თუ კი რაიმე უქმნის ხიფათს, ეს სწორედ ერთა თვითგამორკვევის პრინციპია”. აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ სერბეთის სახელმწიფოს ისტორიულ მიწა-წყალზე ალბანური ეთნიკური უმცირესობის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებელი კოსოვოს ცნობა 2008 წლის თებერვალში აშშ-სა და დასავლეთის სახელმწიფოების მიერ, რასაც მძაფრად ეწინააღმდეგებოდა რუსეთი უარყოფითი სახიფათო პრეცენდენტის გაჩენის მოტივით. უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ ამ პრეცენდენტმა გაუხსნა ხელ-ფეხი პუტინს ეღიარებინა შესაბამისი პირობების დადგომის შემდგომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

ასე რომ, დასავლეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პოლუსის რუსეთისა და მისი ისტორიული მოკავშირის სერბეთისათვის მტკივნეული დარტყმის მიყენების მოტივით ამერიკისა და დასავლეთ ევროპის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობა ბუმერანგივით დაუბრუნდა საქართველოს დასჯის მიზნით, როგორც აშშ-ს თავგადაკლულ მოკავშირესა და ნატოსკენ დაუკობელი ლტოლვით გამორჩეულ პოსტსაბჭოთა ქვეყანას.

საღი აზროვნება გვკარნახობს, რომ ძნელი არ უნდა ყოფილიყო ამ მძიმე საშიშროების გათვლა და მისი თავიდან ასაცილებლად შესაბამისი დიპლომატიური პოლიტიკის წარმოება, ქვეყანას რომ ოდნავ გონიერი და პატრიოტი ხელისუფლება ჰყოლოდა.

დედამიწაზე 2000-ზე მეტი სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხი ცხოვრობს და მათი თუნდაც ნაწილი, თუ საკუთარი სახელმწიფოს შექმნას შეუდგება, ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა საფრთხე შეექმნება ისედაც მყიფე საერთაშორისო წესრიგს. ამას საკუთარი ტერიტორიული და ეკონომიკური ინტერესების შელახვის საშიშროების გამო არც დაუშვებენ ჰეგემონი ქვეყნები. სამწუხაროდ, მსოფლიოში მოხდა რამდენიმე პრეცენდენტი და მათ შორის საქართველოც აღმოჩნდა. ამის მიღწევას მართლაც დიდი მონდომება სჭირდებოდა და აფერუმ, საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს მოახერხა.

წერილის ამ ნაწილის დასკვნით, რეალიზმის კონცეფციიდან გამომდინარე, საერთაშორისო წესრიგის წყაროს წარმოადგენს საერთაშორისო სისტემის იერარქიულობა. მასში ყველაფერი დამოკიდებულია უძლიერესი ქვეყნების უნარზე უპატრონონ საერთაშორისო საზოგადოებას ძალის მანიპულირების საშუალებით. ჰეგემონი სახელმწიფოები ქმნიან სამხედრო წონასწორობას, კავშირებს, გავლენის სფეროებს, ზეწოლას ახდენენ უფრო სუსტ სახელმწიფოებზე, რომლებიც არღვევენ წესრიგს და ყოველივე ეს ხორციელდება საერთაშორისო წესრიგის უსაფრთხოების სტაბილურობის მიზნით.