აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების გახსნა გრძელდება

აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების გახსნა გრძელდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში შპს „საბუდარას“ მიერ ახალი ინკუბატორისა და საკვების მოსამზადებელი საწარმოს გახსნას დაესწრნენ. საწარმოს დაფინანსება სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგრკრედიტის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

„ჩვენი ამოცანაა სოფლის მეურნეობის დარგში ჩართულ მეწარმეებს მეტი სტიმული მივცეთ. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემური ღონისძიებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ პროექტით ჩვენ შევძელით გლეხებისა და ფერმერებისთვის, მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა ფინანსური რესურსი. აღნიშნული პროექტის დახმარებით დღეს, სოფელ კრწანისში კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, როგორც საწარმოების გაფართოებასა და გაძლიერებაზე, ასევე ახალი საწარმოების მშენებლობაზე გაცემულია 400-ზე მეტი სესხი. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 63 ახალი საწარმო დაფინანსდა“, - განაცხდა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დახმარებით, შპს ,,საბუდარამ’’ 535 000 დოლარის ოდენობის სესხი აიღო. აღებული კრედიტით კომპანიამ სოფელ კრწანისში ინკუბატორისა და საკვების მოსამზადებელი საწარმოს მშენებლობა დაასრულა და ახალი მიმართულებით საქმიანობა – მარცვლეულის გადამუშვება დაიწყო. კომპლექსური სამუშაოების ჩატარების შემდეგ, შპს ,,საბუდარას“ საშუალება მიეცა გადამუშავებული მარცვლეულით საკუთარი წარმოების გარდა, 200-მდე მეწარმე მოამარაგოს.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ დახმარებით, გადაიხურა შენობა-ნაგებობები და დამონტაჟდა ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი დანადგარები. საწარმო აღიჭურვა სამი საჩეკი და ერთი ინკუბატორის კარადით, სადაც 77 ათასი კვერცხი იჩეკება. კომპანიის მიერ წარმოებულმა საჩეკმა კვერცხმა იმპორტი ჩაანაცვლა და საწარმომ უკვე ექსპორტზეც მუშაობაც დაიწყო. სომხეთში უკვე გაგზავნილია საცდელი პარტია და მალე, ექპორტი რეგულარულად განხორციელდება. შპს „საბუდარაში“ ამჟამად 60-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

შეღვათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომლის განხორციელება 2013 წლის 27 მარტიდან დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს. 2014 წლის 17 თებერვლის მონაცემებით გაცემულია 264,167,099 ლარის კრედიტი. I კომპონენტის ფარგლებში - 2,685 ბენეფიციარზე გაცემულია 1,106,478 ლარის ოდენობის სასაქონლო განვადება. II კომპონენტში - 6,827 ბენეფიციარმა მიიღო 131,172,023 ლარის ოდენობის კრედიტი, III კომპონენტში - 409 ბენეფიციარზე გაიცა 47,600,283 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. პროექტის ფარგლებში დაფინასებულია მესაქონლეობის, მეღვინეობისა და მეფრინველეობის მიმართულებები, ასევე პროდუქციის შესანახი საწყობები, მარცვლეულის საშრობები და სასათბურე მეურნეობები. რძის და თხილის გადამამუშავებელი საწარმოები. 43 ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოზე რთველი 2013 - ის მიმდინარეობისას გაიცა 49 085 349 ლარი, ხოლო ციტრუსის სეზონზე, ორმა მანდარინის შემსყიდველმა საწარმომ, ჯამში ისარგებლა 450 000 ლარის კრედიტით.

პროექტის ფარგლებში დაფინანსებული 409 საწარმოდან (III კომპონენტი), 63 ახალი საწარმო შეიქმნა, ხოლო დანარჩენის გადაიარაღება, გაფართოვება და წარმოების გაზრდის ხელშეწყობა განხორციელდა.